Accessibility links

ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში საწვავი ძვირდება, ხელახლა იწყება ლაპარაკი იმის შესახებ, რომ შიდა ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიები ფასს შეთანხმებულად, ხელოვნურად ზრდიან და რომ ეს ყველაფერი სახელისუფლებო წრეების მფარველობის ქვეშ ხდება. თუმცა ჯერჯერობით ამგვარ ბრალდებათა ავტორებს არც ერთხელ არ უცდიათ საკითხის სამართლებრივი გზებით გარკვევა.

საწვავზე ფასების მორიგი მასობრივი 5-თეთრიანი ზრდა საქართველოს შიდა ბაზარზე 2 აგვისტოს დაფიქსირდა და სწორედ ამას მოჰყვა ბრალდებების მორიგი ტალღაც. თავმჯდომარე საზოგადოებრივი მოძრაობისა ”პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს”, ბექა კემულარია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საწვავის ეტაპობრივი გაძვირება ხელისუფალთა მფარველობის ქვეშ მოქმედი მსხვილი კომპანიების - ლუკოილის, რომპეტროლის, ვისოლის, ეკოსა და სოკარის - უკანონო ურთიერთშეთანხმების შედეგია:

”კომპანიები ერთდროულად ზრდიან ფასებს და, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ სახეზეა კარტელური შეთანხმება, რადგანაც, ელემენტარულად რომ ვიმსჯელოთ, ვერ დაემთხვევა დროში ყველა კომპანიის საქონლის იმპორტი თუ მარაგების ამოწურვა, რომ, შესაბამისად, ყველამ ერთდროულად, ერთ დღეს გაზარდოს ფასი.”

დისკუსიების დროს ხშირად ნახსენები კარტელური შეთანხმება წარმოადგენს ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიების მიერ ფასების უკანონო ურთიერთშეთანხმებას - მაქსიმალური მოგების მიღებისა და ბაზარზე ბატონობის მიზნით. ბექა კემულარია ამბობს, რომ ამას კომპანიები ახერხებენ ანტიმონოპოლიური კანონისა და შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს არარსებობის გამო და რომ უკონტროლობის შედეგად ბენზინის ამჟამინდელ ფასში ე.წ. უსამართლო წილი 50 თეთრს შეადგენს.

თუმცა კარტელური შეთანხმების არსებობას გამორიცხავს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. ის ამბობს, რომ კომპანიების მიერ ფასების ერთდროული ზრდა ბიზნესის ბუნებიდან გამომდინარეობს:

”როდესაც ბაზარზე პროდუქტი ეყიდებათ და ეს პროდუქტი მომხმარებლისთვის მისაღებია, გასაგებია, რომ არც ერთი კომპანია არ დაიწყებს ფასების ხელოვნურად შემცირებას, რადგანაც ის მოგებაზეა ორიენტირებული.”

ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ შიდა ბაზარზე საწვავის ფასი წლის მანძილზე მხოლოდ კი არ იმატებდა, არამედ პერიოდულად იკლებდა კიდეც. თუმცა, მისი ოპონენტების გამოთვლით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასმა წლის დასაწყისიდან უკვე დაახლოებით 25-თეთრიანი მატება განიცადა, მაშინ როცა მსოფლიოში იაფდება როგორც ნავთობი, ასევე ნავთობპროდუქტები.

თავის მხრივ, ვანო მთვრალაშვილი არასწორად მიიჩნევს, როდესაც მისი ოპონენტები შიდა ბაზარზე საწვავის ფასების მატებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების ტენდენციასთან კავშირში განიხილავენ. ხოლო რაც შეეხება ბენზინისა და დიზელის საერთაშორისო ფასს, მისი დაკვირვებით, ეს პროდუქტები სულ უფრო ძვირდება და სწორედ ეს ტენდენცია განაპირობებს ფასების ზრდას საქართველოში. მთვრალაშვილის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აპრილამდე ბენზინის ფასი მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი იყო 30 პროცენტით, ხოლო დიზელის საწვავზე - 37 პროცენტით და ზრდის ტენდენცია შემდგომაც შენარჩუნდა:

”მაგალითად, ივლისის თვიდან დღემდე ბენზინის საერთაშორისო ფასი ტონაზე საშუალოდ გაზრდილია დაახლოებით 70 დოლარით. ანალოგიურად, დიზელის შემთხვევაში, თუკი 1 ივლისისთვის ფასი შეადგენდა 907 დოლარს, ახლა უკვე 974 დოლარს აღწევს. ჩვენ არ ვართ ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა და ნავთობის ბარელის სტატისტიკა ამ შემთხვევაში ჩვენთვის არ იქნება აქტუალური.”

ვანო მთვრალაშვილის მოსაზრებებს აშკარად ბევრი ოპონენტი ჰყავს საქართველოში და მათ შორის არის ფრაქცია ”დედაქალაქის” თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში კახა კუკავა. სწორედ ის იყო ორგანიზატორი აპრილში გამართული საგანგებო სხდომისა, რომლის მიზანსაც სადავო საკითხის დიალოგის გზით გარკვევა წარმოადგენდა. ამ შეხვედრაზე საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით არაერთი მწვავე მოსაზრება გამოითქვა.

მსხვილი კომპანიების მისამართით გამოთქმული მეტად მწვავე ბრალდებების მიუხედავად, რომელთა ნაწილზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტა ჯერჯერობით არავის უცდია - არც ვინმე სხვას და არც თავად კახა კუკავას. ხსენებული გზა კი პროკურატურასთან მიდის:

”ერთადერთი სამართლებრივი ფორმა, რომლითაც შეგვიძლია, რომ ამ საკითხზე ჩვენ, ასე ვთქვათ, სამართალწარმოება დავიწყოთ, ეს არის განცხადების შეტანა პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი, რომელიც ეხება კარტელურ შეთანხმებას ფასებზე. ეს არის ერთადერთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც ამ სექტორში ფასების რეგულირებისთვის გამოიყენება. პროკურატურაში განცხადების შეტანა ნებისმიერს შეუძლია და ფორმალურად ეს საფუძველია გამოძიების დასაწყებად, მაგრამ, უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არარეალური გზაა.”

გარდა იმისა, რომ, საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ხმაურის მიუხედავად, საკითხში მართლმსაჯულების ჩარევა აქამდე არავის უცდია, ანალიტიკოსების დაკვირვებით, არც გაზრდილი ფასებით შეწუხებული საზოგადოების აქტიურობა ჩანს. ფაქტია, რომ ხალხის სათანადო მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა იმ საპროტესტო აქციებმა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით იმართებოდა.
XS
SM
MD
LG