Accessibility links

logo-print
”მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან, თანამდებობიდან კიდევ 30 წელი არ წავა. მას სურვილი აქვს, რომ კიდევ 30 წელი იყოს მმართველობაში. ქუთაისში პარლამენტის გადატანა ვინმეს არ ეგონოს, რომ ქუთაისელების სასიკეთოდ მიღებული გადაწყვეტილებაა” - ეუბნება ზვიად ძიძიგური ”ახალი თაობის” კორესპონდენტს და ამავე ინტერვიუში აცხადებს: ”პოლიტიკური კოალიცია, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, ემზადება სწორედ ისეთი პოზიციური ბრძოლისთვის, რომელიც სააკაშვილს არ მისცემს შესაძლებლობას 2012 წლის არჩევნებში ის სქემა, რომელზეც მოგახსენეთ, გადააქციოს პოლიტიკურ რეალობად.”

”კიწმარიშვილის ფიქრები - თქვენი მხსნელი ვიქნები...” - ამ სათაურით სტატია ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება. ავტორი ბრიუსელში დაგეგმილ ფორუმზე წერს, რომლის სახელწოდებაა ”გადავარჩინოთ საქართველო”: ”კაცმა რომ თქვას, მსგავსი შეხვედრების, ფორუმებისა თუ კონგრესების მოწყობა მთლად ”კიწოს” ექსკლუზივიც არ არის - მანამდეც არაერთხელ გამართულა. ”გადამრჩენები” საქართველოს არასდროს აკლდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ ”გადარჩენილ” ქვეყანაში არ ვცხოვრობთ.”

”ოქრუაშვილი-გაჩეჩილაძის დაპირისპირების ახალი სკანდალური დეტალები!” - პირველ გვერდზე ასეთი სათაურითა და პუბლიკაციიდან უხამსი სიტყვების შემცველი ციტატებით იზიდავს მკითხველის ყურადღებას ”ალია”. მითითებულ გვერდზე კი წაიკითხავთ ინტერვიუს მოძრაობა ”ჩვენი საქართველოს” ლიდერ ელისო კილაძესთან, რომელიც ჟურნალისტს ”ქართულ პარტიაში” და ზოგადად ოპოზიციაში არსებულ ურთიერთობებზე თავის ცნობებს აწვდის.

”ალიაში” ქვეყნდება ინტერვიუ ეკა ბესელიასთან, რომელიც ამბობს: ”საზოგადოებამ დღეს იცის რამდენიმე ბიურო, როდესაც პროკურატურა პირდაპირ ეუბნება - მიბრძანდით და აიყვანეთ ადვოკატი, მაგალითად, ყავლაშვილის კომპანიიდან, კუბლაშვილების საადვოკატო ოფისიდან. ასევე ადეიშვილს აქვს რამდენიმე საადვოკატო ოფისი, სადაც მისი რჩეული ადვოკატები მუშაობენ.”

”ალიაშივე” – ”რა ახალ გეგმას ამზადებენ საპატრიარქო და ოპოზიციური პარტიები”. გაზეთის კორესპონდენტი თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცე-პრეზიდენტ ია ბაგრატიონ-მუხრანელს ეკითხება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ. რესპონდენტის პასუხი: ”კი, ნამდვილად ”თავისუფალ საქართველოსთან” თანამშრომლობას ვაპირებთ და ჩვენი იდეის განხორციელებას სამეფო გვირგვინის აღდგენის შესახებ.”

”რეზონანსში” საქართველოს ავიაციის შესახებ ირაკლი სესიაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ” თუ ჩვენ საჰაერო ძალები მხოლოდ იმისთვის გვყავს, რომ 26 მაისს აღლუმზე ერთი ფრენა განახორციელონ, მაშინ შეიძლება მართლა არ ღირდეს ამ სფეროში დღეს რაიმე რესურსის ჩადება, მაგრამ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ათი წლის მერე უნდა გვყავდეს ძლიერი საჰაერო ძალები, რომელსაც რეალურად შეეძლება კონკრეტული ამოცანების შესრულება, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა და მოწინააღმდეგის სამხედრო თვითმფრინავების განადგურება, მაშინ, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ სფეროში გარკვეული რესურსის ჩადება. ღარიბი ქვეყნები, სულ მინიმუმ, რასაც აკეთებენ, პერსონალს ამზადებენ, რაც ჩვენთან არ ხდება.”

”24 საათი” წერს, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში ახალი ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” ამუშავდება: ”ჯარიმები არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევისთვის, ადმინისტრაციული დაკავების ვადა და საფუძვლები, საპროცესო გარიგების ინსტიტუტის შემოღება, სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლისთვის და სამხედრო მოსამსახურისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ეს საკითხები კოდექსში ახლებურად დარეგულირდება.”
XS
SM
MD
LG