Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორები ეწინააღმდეგებიან ბელორუსიის ფინანსურ დახმარებას


ბელორუსიის უშიშროების ძალები და პოლიცია ოპოზიციის აქტივისტებს აკავებენ
ბელორუსიის უშიშროების ძალები და პოლიცია ოპოზიციის აქტივისტებს აკავებენ
ბელორუსიის წამყვანი ოპოზიციური ძალები მიესალმებიან ამერიკელი სენატორების წერილს, რომელშიც დაუშვებლად არის მიჩნეული ბელორუსიისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სტაბილიზაციის კრედიტის გამოყოფა, რასაც ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობა უშედეგოდ ითხოვს. „ასეთი სესხი არ უნდა გაიცეს და თქვენ პირადად უნდა გამოხატოთ აშშ-ის პოზიცია, რომ ამ ეტაპისათვის ბელორუსიას არ უნდა მიეცეს დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან,“- მოუწოდებენ აშშ-ის ფინანსთა მინისტრს როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი და დამოუკიდებელი სენატორები.

უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფმა ბელორუსიის მთავრობამ თხოვნით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, გამოუყოს 8 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტი. აღნიშნული თანხითა და რუსეთის ლიდერობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი 3 მილიარდი დოლარით ლუკაშენკოს მთავრობა ფინანსური კრიზისის დაძლევას გეგმავს. თუმცა ამერიკელი სენატორები შიშობენ, რომ დამატებითი სესხი „მხოლოდ ლუკაშენკოს არალეგიტიმურ და რეპრესიულ რეჟიმს დააფინანსებს და რეალურად ვერაფერით წასწევს წინ ეკონომიკურ რეფორმებს.“ 1 აგვისტოს ქვეყნის ფინანსთა მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილს ხელს აწერს 6 გავლენიანი სენატორი, მათ შორის - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი და დამოუკიდებელი სენატორი კონექტიკუტიდან, ჯოზეფ ლიბერმანი.

სენატორების წერილმა სიმხნევე შეჰმატა ბელორუსიის ოპოზიციას, რომლის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სუბსიდიის პირობა უნდა იყოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, მეორენი კი ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ რეპრესიების შეწყვეტასა და საპატიმროებიდან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ოპონენტების გათავისუფლებას მიიჩნევენ დახმარების მიცემის აუცილებელ პირობად.

„პოლიტიკური პატიმრების ციხეებიდან გათავისუფლება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნებისმიერ ნაბიჯს, რაც ამაში დაგვეხმარება - მათ შორის, ყველაზე მტკიცე ნაბიჯებს. არ ვამბობ, რომ არ უნდა მიეცეს სესხი ბელორუსიას. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სესხი გონივრულად უნდა გაიცეს. სესხის გაცემა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, ან როდესაც არ ხორციელდება რეალური რეფორმები, ანდა,როგორც ამერიკელი სენატორები ამბობენ, როდესაც არ არსებობს ნიშანწყალიც კი რეფორმებისა,ასეთ პირობებში სესხის გაცემა არ დაეხმარება ბელორუს ხალხს. ეს დაეხმარება მხოლოდ რეჟიმს, რომელიც ფულს სათავისოდ გამოიყენებს. სესხი გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის განსამტკიცებლად, ფულის ნახევარს კი მოიპარავენ“, განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა ყოფილმა კანდიდატმა, ვლადიმირ ნეკლიაევმა.

აღსანიშნავია, რომ, აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2009 წელს გააფორმა ბელორუსიისათვის სესხის მიცემა, რადგან იმხანად არ იყო აზრთა თანხვედრა აშშ-სა და ევროკავშირს შორის. თუმცა, როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი ბელორუსიაში დევიდ შვარცი ამბობს, 2010 წლის დეკემბრის რეპრესიების შემდეგ აზრთა სხვადასხვაობა ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის შემცირდა:

„შემიძლია ვთქვა, რომ 2009 წლის ბოლოსა და 2010 წლის დასაწყისში, ნამდვილად არსებობდა განხეთქილება აშშ-სა და ევროპის მოსაზრებებში ბელორუსიის მომავალთან დაკავშირებით. როგორც ვხედავ, ევროპელები ფიქრობდნენ, რომ არსებობდა ლუკაშენკოზე ზემოქმედების შესაძლებლობა, რის შემდეგაც იგი უკეთ მოიქცეოდა. აშშ-ებს კი ამაში ეჭვი ეპარებოდა. და ამიტომ, არსებობდა ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქცეოდნენ ბელორუსიას.“

შვარცი დასძენს, რომ სენატორების წერილი მძლავრ სიგნალს უგზავნის ლუკაშენკოს, რომ ბელორუსიის ლიდერი ამჯერად უკვე ვეღარ გამოიყენებს თავის სასარგებლოდ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას. სენატორების წერილში ხაზგასმულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა ამ კვირაში უარი უთხრეს მინსკს სესხის გამოყოფაზე. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ბელორუსიისათვის სესხზე უარის თქმა მინსკს კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის კრემლზე. 1 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხა, რომ „რუსეთისა და ბელორუსიის გაერთიანება შესაძლებელი და ძალიან სასურველია“. ბელორუსიაში ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის შედეგად, რესპონდენტთა 31 პროცენტი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, 48 პროცენტი წინააღმდეგია. იმავე გამოკითხვის თანახმად, 45 პროცენტი ევროკავშირში გაერთიანების მომხრეა, 32 კი - წინააღმდეგია.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა ლუკაშენკოზე, მაგრამ უფრო მტკიცედ უნდა დავუჭიროთ მხარი ბელორუს ხალხს, რომლის სიმამაცე და ქედუხრელობა კონგრესში ყველა ჩვენგანს აღაფრთოვანებს“, - აცხადებს ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG