Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზური ურთიერთობები არჩევნების ფონზე


ერთ-ერთი საარჩევნო უბანი აფხაზეთში

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი აფხაზეთში

26 აგვისტოს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ადგილობრივმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში პრეზიდენტობის სამი კანდიდატი გაატარა: ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი და პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება. რა ხდება აფხაზეთში არჩევნებამდე სამი კვირით ადრე და რა სიახლეს შეიტანს თვითაღიარებული რესპუბლიკის ახალი ლიდერის არჩევა ჩიხში შესულ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში?

კომპოზიტორ ნატო გელაშვილის ახალი სიმღერა აფხაზეთის მონატრებას ეძღვნება. ქართველებს, მით უფრო აფხაზეთიდან დევნილებს, ენატრებათ აფხაზეთი, თუმცა ლამის ოცწლიანმა დევნილობამ ისინი იმაშიც დაარწმუნა, რომ ამ ნატვრის ასახდენად მხოლოდ სიმღერა და სურვილი არ კმარა.

„არაფრის რწმენა არ გვაქვს, მარტო ღმერთის იმედი დაგვრჩა“, ამბობს აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი, რომელსაც მხარს უბამს ასევე აფხაზეთიდან დევნილი თანამოსაუბრე: „როცა ვინმე ჩვენიანი გარდაიცვლება, იმას კი არ ვამბობთ, მოკვდაო, ვიტყვით ხოლმე, აფხაზეთში დაბრუნდაო. ვეღარ ამბობს, დავბრუნდებიო, მორჩა, მკვდარია.“

იმ შემთხვევაში, თუ გავა ხაჯიმბა, საქმე შედარებით რთულად იქნება, რადგანაც დამოუკიდებლად მოქმედების ხარისხი სხვებზე დაბალი აქვს.

მკვდარია ქართულ-აფხაზური ურთიერთობაც, რომელიც ცალკეულ კერძო პირთა ძალისხმევით თუღა საზრდოობს. კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ თვთაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებმა შესაძლოა გარკვეული ბიძგი მისცეს ურთიერთობის გამოცოცხლებას. ხუციშვილი იშველიებს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ალექსანდრ ანქვაბის, გამონათქვამს, რომელიც ამოღებულია რუსეთში გამომავალი ჟურნალის „ნიუ ტაიმსისათვის“ მიცემული ინტერვიუდან:

"მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება – ეს ჩვენი მომავალია. ჩვენ კეთილმეზობლობაში გვინდა ცხოვრება, არ გვინდა ომი, არავისთან არ გვინდა ურთიერთობების გარკვევა... თუ ასეთივე კეთილი ნება იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, ამგვარ დოკუმენტს შეიძლება მოეწეროს ხელი.“

ამ განცხადების საფუძველზე, გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ანქვაბის ან შამბას გამარჯვება დიალოგის განახლების შედარებით მაღალ ალბათობას გააჩენს.

„ორივე ისეთი მოღვაწეა, რომელიც კარგად იცნობს ისტორიას, ჩართულია მიმდინარე პროცესებში და შესაძლებელია მათთან დალაპარაკება. იმ შემთხვევაში, თუ გავა ხაჯიმბა, საქმე შედარებით რთულად იქნება, რადგანაც დამოუკიდებლად მოქმედების ხარისხი სხვებზე დაბალი აქვს.“

თუმცა გოგი ხუციშვილი იმასაც შენიშნავს, რომ მოსკოვისათვის პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი ერთნაირად მისაღებია. ამ გარემოებას არც პოლიტიკის რუსი ექსპერტები მალავენ. აი, რას ამბობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის საზოგადოებრივ–პოლიტიკური აზრის შემსწავლელი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსეი ვლასოვი:

„მე მგონია, რომ კანდიდატების პროგრამები იდენტური იქნება. შესაბამისად, კრემლისთვისაც აღარ ექნება აზრი არჩევანის გაკეთებას, რადგანაც კანდიდატების რიტორიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ესაა პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მშენებლობა. ყოველივე ამის გამო, საბედისწერო არჩევანის ვითარება, რომელიც ხელვნურად შეიქმნა 2004 წლის არჩევნებზე, აღარ განმეორდება, რაც, თავის მხრივ, იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ რუსი პოლიტტექნოლოგების მონაწილეობა შემოიფარგლება იმ საზღვრებით, რომელსაც ხისტად განსაზღვრავს კრემლი.“

არჩევნების შედეგს განსაზღვრავს რუსეთი, როგორც ოკუპანტი. საკითხები არ წყდება მარიონეტების დონეზე. საკითხები წყდება საერთაშორისო დონეზე...
აფხაზეთზე რუსეთის გავლენის გათვალისწინებით, ბევრი ექსპერტი - მათ შორის, რუსეთშიც - მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში მოსკოვის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სრულ ფიქციად იქცევა, თუმცა ამ საფრთხეზე საუბრისას თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის არანაირი საფუძველი არ არსებობს:

„კავშირი რუსეთთან ნორმალურ კალაპატოში ვითარდება და ჩვენ ის გვაწყობს, რადგანაც რუსეთისაგან მივიღეთ უსაფრთხოების გარანტია და განვითარების შესაძლებლობა, ეს კი პირდაპირ აძლიერებს ჩვენს დამოუკიდებლობას და ამაში მხოლოდ დადებით ფაქტორს ვხედავთ. ის, რომ ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება, არ გვიგრძნია და იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ არც მოხდება. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, ამას ყოველთვის ვაკეთებდით და სამომავლოდაც გავაკეთებთ.“

სერგეი შამბასგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა მოჩვენებითია, არჩევნები კი – არალეგიტიმური. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას თქმით, ოკუპაციის პირობებში ჩატარებული არჩევნები, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ის, ვერაფერს შეცვლის.

„არჩევნების შედეგს განსაზღვრავს რუსეთი, როგორც ოკუპანტი. საკითხები არ წყდება მარიონეტების დონეზე. საკითხები წყდება საერთაშორისო დონეზე, სადაც მიმდინარეობს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი, რომლის შემდეგაც ნებისმიერი მარიონეტი გამოვა კონტაქტზე საქართველოს ხელისუფლებასთან“, უთხრა შოთა მალაშხიამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დეოკუპაციისათვის მხოლოდ რუსეთზე ზეწოლა არ კმარა. კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის თქმით, აუცილებელია ნდობის გაჩენა სოხუმსა და თბილისს შორის:

„ჩვენ გვაწყობს ის, რომ დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან და სხვა დონეზე ავიყვანოთ, რათა არ მოხდეს მოვლენების განვითარება დესტრუქციული გზით. რომ გვქონდეს არჩევნების ჩაშლის საშუალება, ჩვენს ინტერესებშია არ ჩავშალოთ, იმიტომ რომ მომავლისთვის გვჭირდება აფხაზური საზოგადოების ნდობა, რათა ოდესმე მაინც მოხდეს დეოკუპაცია.“

მაღალი ალბათობით, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე ჩაივლის. ამის წინაპირობას იძლევა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გაფორმებული შეთანხმება არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ. ვითარების დაძაბვას არ მოელის კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც:

„მგონია, რომ პოლიტიკური კონტექსტი ჩაეტევა შიდააფხაზურ პოლიტიკურ სივრცეში და შეუქცევად დაძაბულობაში არ გადავა. დაძაბულობა არ აწყობთ არც აფხაზებს. მათ სურთ მსოფლიოს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთში ყველაფერი მიდის დემოკრატიულად და შეეცდებიან ეს დაადასტურონ კიდევ ერთხელ. არ აწყობს რუსეთსაც, რადგანაც ოლიმპიადა მოდის და ვინც გაიმარჯვებს, ის ოლიმპიადის დროს იქნება პრეზიდენტი. შესაბამისად, მოსკოვს არ აწყობს ისეთი ადამიანი მოვიდეს, რომელიც დაძაბულობას შემოიტანს. ამიტომ არ უნდათ პროცესებში აქტიური და უხეში ჩარევა.“

პროცესში არც უხეშად და არც სხვა რაიმე ფორმით ჩართვას არ აპირებს ოფიციალური თბილისი, რომლის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით განსაზღვრულია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიით, რომელიც, ომის შემდგომი პერიოდის გამოცდილების გათვალისწინებით, მაღალი ეფექტიანობით ვერ გამოირჩევა. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო მექანიზმებით ცდილობს რუსეთზე ზეწოლას და აფხაზეთის დეოკუპაციას, ოკუპაციის პირობებში კი ქართულ-აფხაზური ურთიერთობა მხოლოდ ცალკეულ პირთა კერძო ინიციატივის იმედადაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG