Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური იარაღის წინააღმდეგ, მშვიდობისთვის


მშვიდობის მემორიალური პარკი, ჰიროსიმა
მშვიდობის მემორიალური პარკი, ჰიროსიმა
6 აგვისტოს, ხიროსიმის ატომური დაბომბვის დღეს, მსოფლიო ერთდროულად ორ დღესასწაულს აღნიშნავს - ეგრეთ წოდებულ ”მშვიდობის ექიმების” საერთაშორისო დღეს და ატომური იარაღის აკრძალვის დღეს. ატომური იარაღი არ აუკრძალავთ, მაგრამ 6 აგვისტოს ატომური იარაღის მოწინააღმდეგეები კიდევ ერთხელ ეტყვიან მსოფლიოს, რას წარმოადგენს ბირთვული კატასტროფა. მოსალოდნელია იმ ადამიანების მანიფესტაციებიც, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ატომური სადგურების დახურვას მოითხოვენ. ამავე დღეს დასავლეთის ქვეყნებში გაიმართება ალექსანდრე მინდაძის ფილმის პრემიერა, ფილმისა, რომლის სახელწოდებაა ”შაბათს” და რომელიც პირველად ბერლინის კინოფესტივალზე, შემდეგ კი რუსეთის ეკრანებზე უჩვენეს.

მოსკოველი რეჟისორის, ალექსანდრე მინდაძის ფილმის პრემიერა დასავლეთის ქვეყნებში ატომური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ მებრძოლთა საერთაშორისო დღეს დაემთხვა. მართალია, მინდაძის ფილმი, სახელწოდებით ”შაბათს”, კონკრეტულ მოვლენას - ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიას - ეძღვნება, წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც სურათი პირველად უჩვენეს, რეჟისორმა აღნიშნა, ჩერნობილის ავარია ჩემთვის მხოლოდ საბაბი იყოო იმის ნათელსაყოფად, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს კაცობრიობა უვიცობამ და რომ უმეცრება, შესაძლებელია, ატომურ იარაღზე უფრო საშიშიც გახდეს. რეჟისორი აღადგენს 1986 წლის 26 აპრილს, შაბათ დღეს, როცა ჩერნობილის ატომური სადგური იწვოდა, სადგურიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით კი, რესტორანში, ახალგაზრდები ქეიფობდნენ და ცეკვავდნენ.

საშიშროების არ გვესმოდა. თუმცა იმასაც ვგრძნობდით, რომ ეს არაა სახუმარო საქმე - ატომური რეაქტორის დაზიანება...
ალექსანდრე მინდაძემ, რომელიც, სხვათა შორის, პირველი პროფესიით კინოდრამატურგია, აღნიშნა, რომ ატომური ენერგეტიკა განსაკუთრებით საშიშია ტოტალიტარულ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს სივრცე დისკუსიისთვის და სადაც ადამიანებმა არ იციან, რატომ არის საშიში ატომური სადგურები და რატომ შეიძლება გავუთანაბროთ ატომური ენერგეტიკა ატომურ იარაღს.

რეაქტორი არაა ავარიული, სრულიად საიმედოაო! - ყვირის ალექსანდრე მინდაძის ფილმში ჩერნობილის სადგურის მთავარი ინჟინერი, როცა პანიკას ხედავს თანამშრომლებში. ”მას მერე დიდი დრო გავიდა... ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუდმივად გამოდის ქუჩაში და მოითხოვს ატომური სადგურების დახურვას, მაგრამ არაფერი იცვლება - ისევ აშენებენ ატომურ სადგურებს და ისევ ვერ ამბობენ უარს შეიარაღებაზე”, - აღნიშნა ალექსანდრე მინდაძემ. გრძნობდით თუ არა საშიშროებას, იცოდით თუ არა კონკრეტულად რატომ იყო საშიში ეს ავარია? - ჰკითხეს ბერლინში ალექსანდრე მინდაძეს.

”საშიშროების არ გვესმოდა.. თუმცა იმასაც ვგრძნობდით, რომ ეს არაა სახუმარო საქმე - ატომური რეაქტორის დაზიანება.. ვიღაცებმა გვითხრეს, რაღაც სერიოზული ხდებაო...დაახლოებით ისე გავრცელდა ინფორმაცია, როგორც დღეს ხდება ინტერნეტით. იმხანად ეს იყო ”ადამიანური ინტერნეტი”.“

მესამე რეაქტორის აფეთქების შემდეგ ჩერნობილის მიმდებარე ქალაქებში ცხოვრება ისე გრძელდებოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს: ბავშვები განაგრძობდნენ ქვიშაში თამაშს, ხალხი მიდიოდა სამსახურში, მაღაზიებში იყიდებოდა სურსათი, რესტორნებში ისევ ქეიფობდნენ, რამაც მალე ახალგაზრდებს შორის კიბოთი დაავადების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ჩერნობილში ავარია ჯერ კიდევ გრძელდებოდა, როცა მიხეილ გორბაჩოვი თავს იმართლებდა: ბირთვულ საკითხებში გათვითცნობიერებულმა სამხედროებმა მითხრეს, რომ არაფერიც არ ხდება - დალიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ყველაფერი რიგზე იქნებაო. ადამიანები, რომლებიც 6 აგვისტოს ატომური იარაღის აკრძალვისა და ატომური ენერგეტიკის შეზღუდვის მოთხოვნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქუჩაში გამოვლენ, ხშირად იხსენებენ ხოლმე გორბაჩოვის ამ სიტყვებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG