Accessibility links

logo-print
რუსეთ-საქართველოს ომი და მისი შედეგები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოსთან დიალოგის პერსპექტივები და დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი - ასეთია იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომლებთან დაკავშირებითაც 4 აგვისტოს 55 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუს უძღვებოდა 3 ჟურნალისტი: რუსეთის რადიოსადგურ ”ეხო მოსკვიდან” - ალექსანდრ ვენედიქტოვი, საქართველოს ტელეარხ ”პიკიდან” ეკატერინე კოტრიკაძე და რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ ”რაშა თუდეიდან” სოფიკო შევარდნაძე. მედვედევის ინტერვიუზე ზრუნვა ალექსანდრ ვენედიქტოვმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეში ის თბილისში ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს. რაც შეეხება კოტრიკაძესა და შევარდნაძეს, ვენედიქტოვის თქმით, მათი კანდიდატურები მედვედევის პრესსამსახურთან ამ ინტერვიუს შეთანხმების პროცესში შეირჩა.

რუსეთის პრეზიდენტი თანახმაა დაელაპარაკოს ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, რომელსაც, მისი თქმით, ვერასდროს აპატიებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. მედვედევი ფიქრობს, რომ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში გაჩაღებული ომის გამო საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლების ღირსია, მაგრამ, იმავდროულად, ის ასეთ სცენარს არარეალისტურად მიიჩნევს.

მედვედევი ამ ინტერვიუში რამდენჯერმე საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ 2008 წლის აგვისტოში ის დამოუკიდებლად - მათ შორის, პუტინის გარეშე - მიღებული გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობდა, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება მართებული იყო და რომ მადლობა მას პრეზიდენტ სააკაშვილისგანაც ეკუთვნის:

”ის საერთოდ ჩემი მადლიერი უნდა იყოს... რადგან მე რაღაც მომენტში, უბრალოდ, შევაჩერე ჯარები. თუკი ისინი შევიდოდნენ თბილისში, დიდი ალბათობით, საქართველოში ამჟამად სხვა პრეზიდენტი იქნებოდა.”

მართალია, მედვედევის ეს სიტყვები ერთგვარად მიანიშნებს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარს გეზი უკვე თბილისისკენ ჰქონდა აღებული, მაგრამ ამ აზრის განეიტრალებას რუსეთის პრეზიდენტი შემდეგ კომენტარში ცდილობს და ამბობს, რომ ”მშვიდობის იძულებისთვის” ჩატარებული 5-დღიანი ოპერაციის მიზანს აგრესიის შეჩერება წარმოადგენდა და არა თბილისის ან რომელიმე ქალაქის აღება.

რაც შეეხება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიან გეგმას, რომელსაც მედვედევ-სარკოზის გეგმად მოიხსენიებს, რუსეთის პრეზიდენტი შესრულებულად მიიჩნევს და სულაც არ აღელვებს, რომ იმავე სარკოზის საფრანგეთს თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს საკითხისადმი საპირისპირო დამოკიდებულება აქვთ:

”ვერაფერს ვიზამთ, ამ საკითხში ჩვენ ვერ ვთანხმდებით. მე ვფიქრობ, რომ 100-პროცენტით შევასრულე მედვედევ-სარკოზის გეგმა... ამ გეგმაში არ იდო პირობა, რომ ჩვენ არ ვაღიარებდით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. რაც შეეხება ჯარის უკან გაყვანას, ეს უკვე მოხდა. და ჯარი გავიდა ომამდე არსებულ პოზიციებზე, რუსეთის გაგებით...”

ევროკავშირის პოზიციების იგნორირების პარალელურად, 5 აგვისტოს ინტერვიუში მედვედევმა ამერიკაც გააკრიტიკა. მართალია, მან თქვა, რომ ვაშინგტონი თბილისს პირდაპირ არ უბიძგებდა აგვისტოს ომისკენ, მაგრამ ის ერთმანეთთან აშკარად აკავშირებს თბილისის მიერ სამხედრო აგრესიის გეგმის შემუშავებას და იმხანად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თბილისში სტუმრობის ფაქტს. ამასთან, მედვედევი ამ ინტერვიუში ირონიულად და გარკვეულწილად დამამცირებლად მოიხსენიებს აშშ-ის სენატის მიერ ივლისში დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებს:

”სენატის ეს ფორმულირებები არაფერს არ ეფუძნება. ისინი გამოხატავენ სენატის იმ ზოგიერთი დაბერებული წევრის გემოვნებით მიდრეკილებებს, რომლებსაც, სუბიექტური მიზეზების გამო, სიმპათიები აქვთ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. ეს მათი საქმეა, ეს უცხოური პარლამენტია და მე მასთან არაფერი მესაქმება. ჩემთვის სულერთია მათი ფორმულირებები...”

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მედვედევის თქმით, მან, როგორც ”ლიბერალმა და ახალგაზრდა”, მაგრამ გარკვეული გამოცდილების მქონე პრეზიდენტმა, თავიდანვე იცოდა, რომ ამ პროცესს ბევრი მომხრე არ გამოუჩნდებოდა, მაგრამ რუსეთი მაინც არ შეიცვლის თავის მტკიცე პოზიციას.

აღიარება-არაღიარების საკითზე საქართველოსთან შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს არ წარმოუდგენია, მაგრამ წარმოუდგენია საუბარი და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ამ თემაზე საუბრის პერსპექტივა ცარიელ სიტყვებად მიაჩნია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტს ალექსანდრე რონდელს:

”სანამ შეიძლებოდა მოლაპარაკება, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოლაპარაკება არ შემდგარიყო, საქმე მიიყვანა ომამდე და საქართველოს ტერიტორიები ომის საშუალებით მიითვისა. და ახლა რაღაზე უნდა ილაპარაკოს საქართველომ რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან? ისინი ფიქრობენ, რომ შენ უნდა აღიარო ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და უთხრა, რომ ამიერიდან კარგად ვიცხოვროთ და მერე რუსეთი ამას ტაშს დაუკრავს...”

ალექსანდრე რონდელის შთაბეჭდილებით, მედვედევი ცდილობდა, რომ ამ ინტერვიუში ”ლიბერალი იმპერიალისტის” იმიჯი მოერგო და ომის მესამე წლისთავზე, ასე ვთქვათ, შედეგები შეეჯამებინა, მაგრამ ის ვერ გასცდა გაცვეთილი კლიშეებისა და ძველი, ”მოსაწყენი პროპაგანდის” ჩარჩოებს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მედვედევის ინტერვიუში ერთადერთ სიახლედ იმ ძირითადი მესიჯის დემონსტრირებას მიიჩნევს, რომ ომის მესამე წლისთავზე რუსეთის პოზიცია არ იცვლება. მედვედევი თავისი სიტყვების ერთ-ერთ ძირითად ადრესატად დასავლეთს თვლის:

”ის პირდაპირ აცხადებს: ჩვენ მოვიქეცით სწორად, ანუ დასავლეთის ეს გადამეტებული ყურადღება არ შეესაბამება რეალობას, რუსეთი მყარად ადგას თავის პოზიციას, მას არანაირი შეცდომა არ დაუშვია და ამიტომ ნუ გგონიათ, რომ ჩვენ ვიცვლებით. ჩვენ არანაირად არ ვიცვლებით, ჩვენ პრინციპულები ვართ.”

რაც შეეხება თბილისის პოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში სერიოზულად არ ეკიდებიან მედვედევის ინტერვიუში დასმულ აქცენტებს. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი, მედვედევის აზრები უფრო ფსიქოლოგების განსახილველია:

”მე მგონია, რომ ეს იყო რაღაცნაირი წყენა საკუთარი მდგომარეობის გამო. ის ცოტა უფრე მეტად ნაკითხია, არა მარტო ”კაგებეს” ლიტერატურით არის განათლებული ეს ადამიანი და მე მგონია, გრძნობს, რომ კამათი და დაპირისპირება საერთაშორისო საზოგადოებასთან არ არის კარგი არც რუსეთისთვის და არც მისთვის, მაგრამ იძულებულია, რომ, აი, ამ დაპირისპირებაში შევიდეს და ეს ყველაფერი მერე აისახება მის რიტორიკაზე. და ამიტომ აქ უფრო ფსიქოანალიზია საჭირო და არა პოლიტიკური ანალიზი.”

დარჩიაშვილი ამბობს, რომ მედვედევმა რუსულ პოლიტიკაში თავი ვერ დაიმკვიდრა განსხვავებულ, თვითმყოფად ფიგურად და რომ ის ამჯერადაც პუტინისეული რუსეთის პოზიციებიდან ლაპარაკობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG