Accessibility links

logo-print

საქართვეელომ უნდა შეწყვიტოს დევნილების იძულებითი გამოსახლება


დევნილების გამოსახლება. თბილისი, 11 აგვისტო, 2010 წელი

დევნილების გამოსახლება. თბილისი, 11 აგვისტო, 2010 წელი

საერთაშორისო ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეიშენალი” აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც საქართველოში დევნილების იძულებით გამოსახლების საკითხს ეხება და რომლის სახელწოდებაა - ”ისევ გადაადგილებული”. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს აღარ გაიმეოროს ის შეცდომები, რაც დევნილთა იძულებითი გამოსახლების პროცესს ახლდა 2010 წლის ზაფხულსა და 2011 წლის ზამთარში.

დევნილთა იძულებითი გამოსახლების პროცესმა, რომელიც მთავრობის სამოქმედი გეგმის ნაწილია, დაარღვია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
”ამნესტი ინტერნეიშენალის” მკვლევარები, რომლებმაც საქართველოს დევნილთა იძულებით გამოსახლების შესახებ ანგარიში მოამზადეს, საქართველოს 2011 წლის მარტში სტუმრობდნენ. ისინი შეხვდნენ როგორც ქართულ არასამთავრობო სექტორს, ისე თავად გამოსახლებულ დევნილებს იმ რეგიონებში, სადაც მათ მთავრობამ ახალი საცხოვრებელი შესთავაზა - მათ შორის, ფოცხო-ეწერსა და ბაკურციხეში. ორგანიზაცია სინანულით შენიშნავს, რომ ვერ შედგა შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან.

საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს 2010 წლის ივნის-აგვისტოსა და 2011 წლის იანვარში დაწყებულ იძულებით გამოსახლების პროცესზე, რომელიც კვლავ განახლდა 2011 წლის ზაფხულში, და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც ამ პროცესს ახლდა თან.

”მიუხედვად იმისა, რომ 1990-იანი წლების და, მოგვიანებით, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ საქართველოს მთავრობას მოუწია 247 000 დევნილისათვის თავშესაფრის მიცემა, შემდგომში დევნილთა იძულებითი გამოსახლების პროცესმა, რომელიც მთავრობის სამოქმედი გეგმის ნაწილია, დაარღვია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

საკუთარი საცხოვრებლიდან გამოძევებულ ადამიანებს საცხოვრებლად სტაბილური გარემო სჭირდებათ, რომ მათ შესაძლებლობა მიეცეთ თავიდან დაიწყონ ცხოვრება. ამის მაგივრად, აცხადებს ორგანიზაციის მკვლევარი საქართველოს საკითხებში ნატალია ნოზაძე, ხელისუფლებამ მათი იძულებითი გამოსახლება დაიწყო. ”ამნესტი ინტერნეიშენალი” სწორედ იძულებითი გამოსახლების წინააღმდეგია.

”ამნესტი ინტერნეიშენალი” წერს, რომ დევნილები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენენ. მათი უმრავლესობა დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას და ათ წელზე მეტია შეზღუდული აქვს ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო ყველა უფლება - დასაქმების, ჯანმრთელობის, სოციალური უსაფრთხოების უფლებები.

ძალიან მარტო ვარ, იზოლირებული მეგობრებისგან, ნათესავებისგან და იმ ხალხისგან, ვისი დახმარების იმედიც შეიძლება მქონდეს...
”თუ დევნილთა უსაფრთხო მყისიერი დაბრუნება მათ საცხოვრებელ ადგილას შესაძლებელი არ არის, მაშინ მთავრობამ ყველა ზომა უნდა მიიღოს ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის”, - ვკითხულობთ ანგარიშში. ”ამნესტი ინტერნეიშენალი” წერს, რომ იძულებითი გამოსახლების ფორმას ხელისუფლებამ შეიძლება მიმართოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ყველა სხვა ალტერნატივა ამოწურულია.

ორგანიზაციას არგუმენტირებულად მიაჩნია გამოსახლება, თუ, მაგალითად, დევნილები ცხოვრობენ სახელმწიფო შენობებში, რომლებიც დანიშნულებისამებრ უნდა იქნეს გამოყენებული, ან თუ შენობა კერძო მფლობელობაშია და ირღვევა კერძო საკუთრების უფლება. ორგანიზაციას ესმის ისიც, რომ ბევრი შენობა, სადაც დევნილები კომპაქტურად ცხოვრობდნენ, არ აკმაყოფილებს ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს, მაგრამ,მიუხედვად ამისა, არსებობს ე.წ. გამაფრთხილებელი ზომები, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, მთავრობამ წინასწარ უნდა მიიღოს. მაგალითად, იგივე წინასწარი მოლაპარაკება - მოთათბირება დევნილებთან, მათთვის არჩევანის უფლების მიცემა, მათი აზრის მოსმენა... რომ არაფერი ვთქვათ ადეკვატურ შეთავაზებაზე.

ანგარიშზე მომუშავე მკვლევარები ფოცხო-ეწერსაც ეწვივნენ. დევნილთა ახალი დასახლება მათ ანგარიშში ასე აღწერეს:

”ფოცხო-ეწერი იზოლირებული ადგილია - ზუგდიდიდან 40 კილომეტრში. ის, მოწყვეტილია დანარჩენი საზოგადოებისგან, მუნიციპალური ორგანოებისგან, იქ ადამიანების დასაქმების პირობები არ არსებობს”...

2010 წელს იძულებით გამოსახლებულმა დევნილმა მარტოხელა დედამ, ირმამ, რომელსაც ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ აბაშისპირში შეხვდნენ, ”ამნესტი ინტერნეიშენალს” უთხრა:

”ძალიან მარტო ვარ, იზოლირებული მეგობრებისგან, ნათესავებისგან და იმ ხალხისგან, ვისი დახმარების იმედიც შეიძლება მქონდეს. ჩემი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ქალაქში ხან ბაზარში ვიდექი, ხან სახლებს ვულაგებდი ადამიანებს და თავს ვირჩენდი. აქ კი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია”...

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, დევნილთა ფინანსური დახმარებაა. ნატალია ნოზაძე აღნიშნავს, რომ ისინი შეხვდნენ უძულებით გამოსახლებულ არაერთ დევნილს, რომლებმაც არა წინასწარ, არამედ გამოსახლებიდან ორი კვირის შემდეგ მიიღეს კუთვნილი ფინანსური დახმარება.

”ამნესტი ინტერნეიშენალის” 29 გვერდიანი ანგარიში უახლოეს მომავალში, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, საქართველოს სახელმწიფო უწყებებშიც გაიგზავნება.
XS
SM
MD
LG