Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 5 აგვისტო, 2011


გაზეთი ”რეზონანსი” დღეს აქვეყნებს სტატიას მსოფლიო ტურისტული რეიტინგის შესახებ. სტატიაში, სათაურით ”ტურისტული რეიტინგის მიხედვით საქართველო მესამე კატეგორიის ქვეყანაა, რეიტინგში ჩვენზე წინ აღმოჩნდნენ რუსეთი, მონღოლეთი და ყირგიზეთი”, ნათქვამია, რომ განვითარებადი ქვეყნების რეიტინგში საქართველო, 130 ქულით, 28-ე ადგილზეა, ხოლო საერთაშორისო რეიტინგში 56-ე პოზიციაზეა. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში ”რეზონანსმა” ამ საკითხზე კომენტარი ვერ მოიპოვა, თავად გაზეთი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის სათავეებთან ყოფნის ამბიცია აქვს, ასეთი რეიტინგი არ უნდა აკმაყოფილებდეს.

”ბურჯანაძე 2 თვეა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მისი ესკორტის მანქანების ექსპერტიზას ითხოვს“ - სტატიაში, რომელსაც ასევე ”რეზონანსი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ამას გარდა გარდაცვლილი და დაზარალებული პოლიციელების ექსპერტიზასაც ითხოვს, მაგრამ მერაბიშვილის უწყებას მის მოთხოვნებზე აქამდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. სტატიის თანახმად, ნინო ბურჯანაძე 26 მაისს გარდაცვლილების ოჯახებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, უპირველეს ყოფლისა კი, პოლიციელის ოჯახის წევრებთან შეხვედრა სურს, რათა ”სიმართლის გასარკვევად ერთად იბრძოლონ.”

”2012 წელს რევოლუციური არჩევნები იქნება”, უთხრა გაზეთ ”ახალ თაობას” ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ირაკლი ალასანიამ, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა. ” ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეულ ხელისუფლებაზე არ მომხდარა. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი სენატორ მაკკეინთან, სენატორ ლიბერმანთან. ამ საკითხზე გვქონდა საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსა და ევრაზიის საკითხებში ახალ მოადგილესთან, ერიკ რუბერტთან. მოკლედ რომ გითხრათ, განწყობა ასეთია: საქართველოს ისინი კარგ მეგობრად თვლიან, მზად არიან გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა, მაგრამ ქართველებმა, ქართველმა საზოგადოებამ, პირველ რიგში, თავად უნდა დაუჭიროს მხარი დემოკრატიას”, ამბობს ირაკლი ალასანია და დასძენს, რომ შემდეგი არჩევნები რევოლუციური არჩევნები უნდა იყოს, სადაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, მიუხედავად შეუცვლელი საარჩევნო გარემოსი, გამოვა, რათა მათმა რაოდენობამ ”ნაციონალური მოძრაობა” აიძულოს ხელისუფლებიდან წავიდეს.

დღესვე გაზეთ ”ახალი თაობის” ფურცლებზე წაიკითხავთ, რომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ლევან გაჩეჩილაძეს, ”ტაო-პრივატ-ბანკის” დავალიანება აქვს, რის გამოც მას, შესაძლოა, სახლის დათმობაც კი მოუხდეს. არ არის გამორიცხული, შენიშნავს ”ახალი თაობა”, რომ ლევან გაჩეჩილაძის სახლი ბანკმა გასაყიდად აუქციონზე გაიტანოს. თუმცა აუქციონი სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ გამოცხადდება. გაზეთის ცნობით, სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის დაწყებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებული აქვს.

”ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ, რუსეთი კი ჩვენს ტერიტორიებს ითვისებს”, -ამბობს გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკასთან” საუბარში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობაში დინამიკა არ შეინიშნება, რაც რუსეთს აძლევს ხელს. ”ბუნებრივია, არც ოსები და არც აფხაზები აღტაცებულები არ წამოვლენ ჩვენკენ, მაგრამ რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ 2-3 წლის შემდეგ შედეგი მივიღოთ.”
XS
SM
MD
LG