Accessibility links

logo-print

საქართველოში ინფლაცია კვლავ მცირდება


წლიური ინფლაცია ივლისის თვეში

წლიური ინფლაცია ივლისის თვეში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში საქართველოში 8.5 პროცენტიანი წლიური ინფლაცია აღინიშნა. უკვე მეორე თვეა ინფლაცია შესამჩნევად მცირდება. ამის მიზეზად სხვადასხვა სახეობის სეზონურ პროდუქციაზე ფასების შემცირებას ასახელებენ. არის სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით ინფლაციის შემცირება ეროვნული ბანკის პოლიტიკამ განაპირობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის თვის ინფლაციის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 5 პროცენტით გაიაფდა, ტრანსპორტი კი 7 პროცენტით გაძვირდა. თუმცა სურსათის წვლილი იმდენად მაღალია ეგრეთ წოდებულ სამომხმარებლო კალათში, რომ მისმა გაიაფებამ თვიური ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია. ივლისის თვის ინფლაციამ, ივნისთან შედარებით, მინუს1.6 პროცენტი შეადგინა. თვიური დეფლაციის მიზეზებს უფრო დეტალურად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე განმარტავს:
ზაზა ჭელიძე

„კონკრეტულად ბოსტნეულ-ბაღჩეულის, კარტოფილისა და პურქოვანების ქვეჯგუფზე მოდის ფასების ყველაზე დიდი შემცირება, ეს არის 23 პროცენტიანი. შემდეგ მოდის ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფი. წლიური ინფლაცია არის 8.5 პროცენტი. აქაც მთავარი გავლენა არის სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების. 8.5 პროცენტიან ინფლაციაში 6.7 პროცენტი მოდის სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.“

დეფლაციის სეზონურ ხასიათზე საუბრობს ეკნომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. ტრადიციისამებრ, საქართველოში ზაფხული - მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის სიჭარბეა - ფასების შემცირებით ხასიათდება. ამის შესახებ საუბრობს ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.

„ერთადერთი, რასაც შეგვიძლია დავუკავშიროთ ფასების შემცირება, ეს არის, რომ ჩვენთან ამ პერიოდში გარკვეული პროდუქციის მოსავალს იღებენ და, შესაბამისად, ბაზარზე გადის პროდუქტი. თუ იზრდება მიწოდება, ფასი მცირდება, ზაფხული და შემოდგომაც ისეთი პერიოდია, რომ ფასების სტაბილურობით გამოირჩევა ხოლმე.“
მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს და შედეგად მივიღეთ დეფლაცია. ანუ რეალურად ფულის მასის კონტროლი დაიწყო ეროვნულმა ბანკმა, რაც შარშან არ გაუკეთებია...

გამონაკლისი იყო 2010 წლის ზაფხული, როდესაც დეფლაციის ნაცვლად ინფლაციის ნახტომისებური ზრდა დაიწყო. მოგვიანებით ამის მიზეზად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მსოფლიოს ბაზრებზე ხორბლის, შაქრისა და წიწიბურას გაძვირება დაასახელეს. არადა, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციიდან ჩანს, რომ გაძვირება საქართველოში ორი თვით ადრე დაიწყო. შეგახსენებთ, სხვადასხვა რანგის მოხელეების მხრიდან სწორედ გარე ფაქტორები სახელდებოდა ინფლაციის ძირითად მიზეზად. ამასვე ამტკიცებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც:

„მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ხორბლის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე. ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარეფაქტორებით - ეს კარგად უნდა გავიაზროთ.“

ეს განცხადება გიორგი ქადაგიძემ მიმდინარე წლის დასაწყისში გააკეთა, როდესაც ქვეყანაში თითქმის 14 პროცენტიანი ინფლაცია აღინიშნა. მიუხედავად ასეთი პოზიციისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაინც ის პოლიტიკა გაატარა, რაც ინფლაციასთან ბრძოლის მთავარ იარაღს წარმოადგენს, კერძოდ კი, საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ეროვნულმა ბანკმა ბრუნვაში არსებული ფულის მასა შეამცირა. ეს იყო პასუხი თავად ამ ინსტიტუტის მიერ 2010 წლის მანძილზე გადადგმულ ნაბიჯზე, როდესაც მან ფულის მასა გაზარდა, ანუ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად ქაღალდის ფული დაბეჭდა, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი მიშა თავხელიძე.
მიშა თავხელიძე

”მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს და შედეგად მივიღეთ დეფლაცია. ანუ რეალურად ფულის მასის კონტროლი დაიწყო ეროვნულმა ბანკმა, რაც შარშან არ გაუკეთებია. გასაგებია, რომ მსოფლიო ბაზრებზე რაღაცის ფასმა აიწია, მაგრამ ძირითადი მიზეზი იყო ფულის მასის გაზრდა, ანუ ეროვნული ბანკი, უბრალოდ, ფულს ბეჭდავდა.ამან გამოიწვია ინფლაცია, სხვა არაფერმა.”

ინფლაციის ძირითად გამომწვევ მიზეზზე - ფულის მასის ზრდაზე - საუბრობენ ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც. მათ შორისაა ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი ეროვნული ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ბანკის ინფორმაციის მიხედვით, ერთი წლის წინ ფულის მასის ეგრეთ წოდებული აგრეგატები საგრძნობლად იყო გაზრდილი.
ჩვენ წინასწარ პროგნოზებს არ ვაკეთებთ, მაგრამ იმ ტენდენციიდან და არსებული ფასებიდან გამომდინარე, ალბათ აგვისტოში იგივე ტენდენცია შენარჩუნდება...

ჯერჯერობით არ არის ცნობილი აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეარბილოს. თუ არსებული პოლიტიკა გაგრძელდა, ეკონომიკის ექსპერტები წლის ბოლოს ერთნიშნა ინფლაციას პროგნოზირებენ. შედარებით ფრთხილ ვარაუდს გამოთქვამს სტატისტიკის სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე:

„ჩვენ წინასწარ პროგნოზებს არ ვაკეთებთ, მაგრამ იმ ტენდენციიდან და არსებული ფასებიდან გამომდინარე, ალბათ აგვისტოში იგივე ტენდენცია შენარჩუნდება და, სავარაუდოდ აგვისტოში წლიური ინფლაცია დაიკლებს.”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელმა 8.5 პროცენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG