Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები საქართველოს რეგიონებში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით, ბოლო დღეებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჟურნალისტებზე და ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. განცხადების თანახმად, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს მანანა ქველიაშვილს სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფით დაემუქრა დუშეთის რაიონის საკრებულოს წევრი ზურაბ ოტიაშვილი. დაპატიმრებისა და ოჯახის წევრების მიმართ დევნის მუქარით ცენტრის რამდენიმე ადგილობრივმა თანამშრომელმა დატოვა სამუშაო. ქარტიის საბჭოს განცხადებით, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს, შორენა ღლონტსა და გიორგი გირკელიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა სამი პოლიციელი, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე. მათ ჟურნალისტებს ფოტოაპარატიდან წაუშალეს ფოტოები, რომლებიც სამხარეო სამმართველოს შენობის წინ გადაიღეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო მოხელეების მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს ჟურნალისტებსა და გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას განცხადებაში მოყვანილ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG