Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა სატელეფონო საუბრები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წევრებს მიეწერება


ქართული ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, რომლებიც მოიპოვა და გაავრცელა სკანდალურად ცნობილმა ვებსაიტმა copoka.net-მა. ეს ის ვებსაიტია, რომელმაც „იმედის“ ე.წ. მოდელირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა და „იმედის“ ხელმძღვანელობის ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებით გაითქვა სახელი. copoka.net-ის მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში საუბრის თემაა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე. საიტის მიხედვით, ერთმანეთში ტელეფონზე საუბრობენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, ასევე - მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, დაბოლოს - მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ჩანაწერების მიხედვით, ვანო მერაბიშვილი სატელეფონო საუბარში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალს აზუსტებს და ინსტრუქციას აძლევს უტიაშვილს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. ბოლო სატელეფონო საუბარში კი მერაბიშვილი თითქოს მოახსენებს საფრანგეთში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილს, თუ რა პირობით მისცა აღიარებითი ჩვენება გიორგი აბდალაძემ, რომელიც, მერაბიშვილის თანახმად, გამოძიებასთან ვაჭრობდა თავისუფლების სანაცვლოდ. მერაბიშვილი უცენზურო სიტყვებით საუბრობს ფოტორეპორტიორებზე და აგენტად მოიხსენიებს ყველას, "ვინც კი 90-იან წლებში რამეს წარმოადგენდა". ქართული გამოცემა „ნეტგაზეთი“, რომელმაც სატელეფონო ჩანაწერები საკუთარ საიტზე უცვლელად განათავსა, დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს ვებსაიტ copoka.net-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. უტიაშვილმა განაცხადა, რომ არ მოუსმენია ამ ჩანაწერებისთვის და არა აქვს ინფორმაცია მათი გამოქვეყნების შესახებ.
XS
SM
MD
LG