Accessibility links

logo-print

copoka.net-ის მორიგი სვლა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ


7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები: (მარცხნიდან) ზურაბ ქურციკიძე, ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე

7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები: (მარცხნიდან) ზურაბ ქურციკიძე, ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე

ქართული ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, რომლებიც მოიპოვა და გაავრცელა სკანდალურად ცნობილმა ვებსაიტმა copoka.net-მა.

ეს ის ვებსაიტია, რომელმაც „იმედის“ ე.წ. მოდელირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა და „იმედის“ ხელმძღვანელობის ფარული სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებით გაითქვა სახელი. copoka.net-ის მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში საუბრის თემაა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე. საიტის მიხედვით, ერთმანეთში ტელეფონით საუბრობენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, ასევე - მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, დაბოლოს - მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ჩანაწერების მიხედვით, ვანო მერაბიშვილი სატელეფონო საუბარში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალს აზუსტებს და ინსტრუქციას აძლევს უტიაშვილს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს.

მერაბიშვილი: „ნორმალური ადამიანი 9 ათას ევროს სახლში არ აჩერებს, ხო?!“

უტიაშვილი: „ხო, თუმცა ახლა ეგ მტკიცებულება არ არი.“

მერაბიშვილი: „არა, სხვა რაღაცეებთან ერთად ახლა არი და ისე არ არი. სხვა სატელეფონო საუბარი არაფერში არ გამოდგება, ხო?“

უტიაშვილი : „არა, არა, ის ვაბშე თავიდან არ უნდა გვეჩვენებინა, რა: ანგარიში გამომიგზავნე, ანგარიშზე ჩაგირიცხავ...“

მერაბიშვილი: „თუმცა ფიზიკურად არც ერთს არ უნდა ეკეთებინათ, ხო?“

უტიაშვილი: „ფიზიკურად არ უნდა ეკეთებინათ გედენიძეს და აბდალაძეს. და ქურციკიძეს, იძახიან, რომ ჩვენც ვაკეთებთ მაგასო.“

მერაბიშვილი: „აბდალაძეს არ უნდა ეკეთებინა, ხო?“

უტიაშვილი: „არ უნდა ეკეთებინა, ხო.“

მერაბიშვილი: „არც აბდალაძეს და არც გედენიძეს, ხო? ორივე ხო ის იყო, სახელმწიფოს თანამშრომელი, ხო?“

უტიაშვილი: „ერთი სახელმწიფოს თანამშრომელი იყო ჩოტკად, ეს გედენიძე და ის „ალიას“ ტიპი იყო კონტრაქტით საგარეოსთან. და იყო AP –ს სტრინგერი.“

მერაბიშვილი: „აა, AP–შიც მუშაობდა? კაი, კაი, მოკლედ, კაი.“

ბოლო სატელეფონო საუბარში კი მერაბიშვილი თითქოს მოახსენებს საფრანგეთში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილს, თუ რა პირობით მისცა აღიარებითი ჩვენება გიორგი აბდალაძემ, რომელთანაც, მერაბიშვილის თანახმად, გამოძიება ვაჭრობდა თავისუფლების სანაცვლოდ.


სააკაშვილი: „გარიგება დაუდეთ?“

მერაბიშვილი: „არა, კაცო, რა გარიგება დაუდეთ ჯერ. ჯერ ადვოკატმა უნდა მოგვცეს ჩვენება და ტელევიზიით უნდა გამოვიდეს, თორე… ეხლა პირობა აქვს მაგას წამოყენებული, რომ სამ წელზე მეტი არ მომცეთო და ჩვენ ეხლა ვევაჭრებით.“

სააკაშვილი: „ჰოდა, კაია.“

მერაბიშვილი: „რა გარიგება უნდა დავუდოთ. თუ ტელევიზორში გამოვა და რაღაცას იტყვის, შეიძლება მერე ორი წელი მივცეთ. მერე თუ კიდევ რაღაცას იტყვის, კიდევ ერთი წელი. ვაფშე, მამენტ, თუ ყველაფერს მოყვება შეიძლება გარიგებაც დავუდოთ.“

მერაბიშვილი უცენზურო სიტყვებით საუბრობს ფოტორეპორტიორებზე და აგენტად მოიხსენიებს ყველას, "ვინც კი 90-იან წლებში რამეს წარმოადგენდა".

სააკაშვილი: „ჰო, ნუ, მოსაფიქრებელი გაქვთ. თავისთავად კარგია, რა…“

მერაბიშვილი: „კარგი არ არის, მარა, მეორე მხრივ, ცუდია. ეგ დ---ები ყველა აგენტები როგორ არიან?!“

სააკაშვილი: „ეგენი არიან იმ თაობის ხალხი, რომლებიც... ყველანი ეგენი…“

მერაბიშვილი: „ჰო, ყველანი ეგენი არიან… მაშინ ვინც იყვნენ, 90-იან წლებში ვინც რამე იყო.“

სააკაშვილი: „მაშინ რუსები ბოლომდე დედას...“

მერაბიშვილი: „ვინც უშიშროების მინისტრი იყო, მოვიდა და გვეუბნებოდა, რუსების კაცი ვარო და დამტოვეთო და რა გიკვირს?!“

სააკაშვილი: „ეგეთი დრო იყო. ეგეთი ხალხი იყო, ამიტომაც ვერ განვითარდა და ეგეთები არიან ჩარჩენილი წარსულში. მაგრამ მაგ თაობაში აღარ არის კაცი. ეგ არის მაგათი პრობლემა.“

მერაბიშვილი: „ჰო, მაგრამ ეგენი ახალი თაობა მეგონა. ჩემზე ახალგაზრდები არიან ეგ დ----ბი.“

ქართული გამოცემა „ნეტგაზეთი“, რომელმაც სატელეფონო ჩანაწერები საკუთარ საიტზე უცვლელად განათავსა, დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს ვებსაიტ copoka.net-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების თაობაზე. უტიაშვილმა განაცხადა, რომ არ მოუსმენია ამ ჩანაწერებისთვის და არა აქვს ინფორმაცია მათი გამოქვეყნების შესახებ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG