Accessibility links

ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ლიტერატურის თეორიის ქრესტომათიის მეორე ტომში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ლიტერატურათმცოდნეობითი ტექსტებია შესული.

უკვე მეორე კვირაა ზედიზედ მიწევს თეორიულ ნაშრომებზე საუბარი. თუკი წინა კვირას თანამედროვე ისტორიოგრაფიისა და კულტურის ისტორიის კლასიკოსზე, კარლო გინძბურგზე ვსაუბრობდით, დღეს უფრო უკან გავიხედავთ და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაწერილ ლიტერატურათმცოდნეობით ტექსტებს მიმოვიხილავთ, ტექსტებს, რომლებიც ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ თეორიის ქრესტომათიის მეორე ტომშია შესული.

პირველ ტომზე, რომელიც 2009 წელს გამოვიდა და მოიცავდა ფრაგმენტული ტექსტების საკმაოდ დიდ სპექტრს – უპანიშადებიდან და პლატონიდან დაწყებული XIX საუკუნის მოაზროვნეებით დამთავრებული, ადრეც ვწერდი. მრავალფეროვნების მიუხედავად, პირველი წიგნი გარკვეულ უკმარისობის გრძნობას იწვევდა, რაც უფრო მეტად შერჩეული მასალის მოცულობითა და მნიშვნელობით იყო განპირობებული. ამ, მეორე ნაწილში ტექსტები გაცილებით უკეთაა დალაგებული, თითქმის ყველა ტექსტი სრული სახითაა წარმოდგენილი და, რაც მთავარია, ისინი ცალკეული რუბრიკისა თუ მიმდინარეობის მიხედვითაა გადანაწილებული.
ამ კრებულების მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩემთვისაც, სტუდენტებისთვისაც და, საერთოდ, საზოგადოებისთვის...

ამ ტიპის გამოცემები, ცხადია, პირველ რიგში, დამწყები ლიტერატურათმცოდნეებისთვისაა განკუთვნილი. მახსოვს, ჩემს დროს ძალიან ბევრი წვალება გვიწევდა ხოლმე საჭირო ტექსტის მოსაძიებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი ლექტორები იმდენად უცნაურ არჩევანს აკეთებდნენ, რომ თავად გვიწევდა ორიენტირება. ლიტერატურათმცოდნე თამარ ლომიძეც, ამ წიგნის ერთ-ერთი შემდგენელი და მასში შესული რამდენიმე ტექსტის მთარგმნელი, სწორედ ამ გასაჭირზე ამახვილებდა ყურადღებას ჩვენთან საუბარში:

“სტუდენტებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ წიგნებს. ეს მე ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ ვკითხულობ ასეთ კურსებს – ლიტერატურული ტექსტის ანალიზი და თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობითი მეთოდოლოგიები. ძალიან გვიჭირს ლიტერატურის გაცნობა სტუდენტებისთვის, იმდენად, რამდენადაც ინგლისურს ზოგი ფლობს და ზოგი ძალიან სუსტად, ან, უბრალოდ, სხვა ენა იცის და ხელი არ მიუწვდება ლიტერატურაზე. ამიტომაც ამ კრებულების მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩემთვისაც, სტუდენტებისთვისაც და, საერთოდ, საზოგადოებისთვის.”

როგორც ზემოთაც ვთქვი, წიგნი თემატური რუბრიკებისა და მიმდინარეობების მიხედვითაა დალაგებული. პირველ განყოფილებაში, რომელსაც პოსტრომანტიკული კრიტიკა ეწოდება, შარლ ბოდლერის, სტეფან მალარმეს, გიიომ აპოლინერისა და ვაჟა-ფშაველას ტექსტებია შესული. ესთეტიკური კრიტიკა მოიცავს პოლ ვალერისა და გერონტი ქიქოძის წერილებს, ნეოკრიტიკა – ტომას ელიოტს, რუსული ფორმალიზმი – შკლოვსკის, ეიხენბაუმს, ტინიანოვსა და იაკობსონს. კრებულში ასევე წარმოდგენილია ჩეხური სტრუქტურალიზმის კლასიკოსის, იან მუკარჟოვსკის სტატია, მიხაილ ბახტინის კარნავალიზებული ლიტერატურა, ფრაგმენტი ამერიკული ახალი კრიტიკის ორი თვალსაჩინო წარმომადგენლის, რენე უელეკისა და ოსტინ უორენის წიგნიდან - “ლიტერატურის თეორია”. წიგნს დამატების სახით ერთვის ცვეტან ტოდოროვის მიერ სულ ახლახან დაწერილი ესე – ბახტინის მემკვიდრეობა.
ვიქტორ შკლოვსკის სტატიით “ხელოვნება ხროგორც ხერხი” იხსნება ის განყოფილება, რომელსაც რუსული ფორმალიზმი ეწოდება...

ჩემი აზრით, ყველაზე სრულად, სოლიდურად და საინტერესოდ ამ რუბრიკებს შორის რუსული ფორმალიზმის განყოფილება გამოიყურება. აქ რამდენიმე ისეთი ტექსტია დაბეჭდილი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან გამოადგებათ მომავალ ლიტერატურის მკვლევარებს. პირველ რიგში, საუბარია რომან იაკობსონის ორ უმნიშვნელოვანეს კვლევაზე – გრამატიკის პოეზია და პოეზიის გრამატიკა და ასევე ლინგვისტიკა და პოეტიკა, რომელიც მისი მოღვაწეობის შედარებით გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება, თუმცა განყოფილება იხსნება შკლოვსკის, ეიხენბაუმისა და ტინიანოვის 20-იან წლებში დაწერილი პროგრამული წერილებით:

“ვიქტორ შკლოვსკის სტატიით “ხელოვნება ხროგორც ხერხი” იხსნება ის განყოფილება, რომელსაც რუსული ფორმალიზმი ეწოდება. ამ სტატიაში ჩნდება შკლოვსკის მიერ შემოტანილი უმნიშვნელოვანესი ცნება – “გაუცნაურება”. აი, ამ “გაუცნაურებას” განმარტავს და ხსნის შკლოვსკი, ცნებას, რომელიც შემდგომ ძალიან ნაყოფიერად იქნა გამოყენებული მეცნიერებაში.“

რუსული ფორმალიზმი XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორიული სკოლა იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ლიტერატურის თეორია სწორედ რუსული ფორმალისტური კვლევებით დაიწყო და ამ კრებულში შესული 4 სტატია, მათ შორის, იური ტინიანოვის ლიტერატურული ევოლუციის შესახებ, საკმაოდ სრულ წარმოდგენას შეუქმნის დაინტერესებულ მკითხველს. თამარ ლომიძე ჩემთან საუბარში შკლოვსკის ბიოგრაფიულ დეტალებსაც შეეხო:

“თუმცა შკლოვსკი შემდეგ გამოეყო თავის თანამოაზრეებს. არ ვიცი აქ რამ იმოქმედა მასზე, როგორც პიროვნებაზე. ყოველ შემთხვევაში, სხვა მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ის იყო რენეგატი, ეს უნდა ითქვას, მიუხედავად იმ დიდი ქარიზმისა, რომელიც ბოლომდე შერჩა და რუსი ლიტერატურათმცოდნეები ბოლომდე ეთაყვანებოდნენ მას, რადგან არაჩვეულებრივი გონებისა და ნიჭის მკვლევარი იყო, მაგრამ, როგორც პიროვნებამ, მან უარყოფითი ნაბიჯი გადადგა, განუდგა თავის თანამოაზრეებს. არ ვიცი აქ რამ იმოქმედა, შიშმა თუ სხვა რამემ, მაგრამ ასეთი რამ მოხდა.”
იმ პერიოდშიც კი, როდესაც იდეოლოგიური წნეხი იყო, ისეთ ნაშრომებშიც კი, რომელიც თითქოს თავისუფალი იყო ამ წნეხისგან, თვალში მაინც ეს ლიტერატურული კეკლუცობა, ჰედონისტური დამოკიდებულება გეცემოდათ და არა ანალიზი...

ამ თვალსაზრისით მისგან განსხვავდებოდა იური ტინიანოვი, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი იდეების და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათზე მეტი წელი გაფანტული სკლეროზით იყო დაავადებული, მაინც ახერხებდა მუშაობას. მისი ძირითადი თეორიული ნაშრომები, მათ შორის, სალექსო ენის პრობლემა, 20-იან წლებში შეიქმნა, პარალელურად კი იგი მხატვრულ პროზასაც წერდა. განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი მისი “ვაზირ მუხტარის სიკვდილი” და “კიუხლია”. ამის მიუხედავად, ტინიანოვის ლიტერატურათმცოდნეობითი სტატიები დაზღვეული იყო იმ იმპრესიონისტულობისგან და გნებავთ კეკლუცობისგან, რაც თამარ ლომიძემაც ახსენა:

“ქართველი ადამიანი, მოგეხსენებათ, ბუნებით ჰედონისტია და ურჩევნია ლიტერატურის კითხვა და არა ანალიზი. ამიტომ იმ პერიოდშიც კი, როდესაც იდეოლოგიური წნეხი იყო, ისეთ ნაშრომებშიც კი, რომელიც თითქოს თავისუფალი იყო ამ წნეხისგან, თვალში მაინც ეს ლიტერატურული კეკლუცობა, ჰედონისტური დამოკიდებულება გეცემოდათ და არა ანალიზი. ნაშრომების დასახელებას არ დავიწყებ, თავად მოგეხსენებათ, საუკეთესო ქართველი ლიტერატურათმცოდნეებიც კი ასეთი ლიტერატურული კეკლუცური სტილით გამოირჩეოდნენ.”

ასეთი კრებულები და ტექსტები ახალგაზრდა მკვლევარებს სწორედ ამ სტილისგან გათავისუფლებაშიც დაეხმარება, გააცნობს ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვის ძველ თუ ახალ მეთოდებს. პირველ რიგში, ამგვარი თარგმანებით სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის ახალი ცნებები, სახელები და ნაშრომები, რომლებშიც შემდგომ თავად უნდა გაერკვნენ მომავალი ლიტერატურათმცოდნეები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG