Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა გამოსარჩლების, მედვედევის ფსიქოანალიზისა და ანძის კვირა


მიმოხილვა დავიწყოთ ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, ”ამნესტი ინტერნეშნალის” მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც დევნილთა გამოსახლების პრობლემას შეეხება. 29-გვერდიან ანგარიშში, სახელწოდებით ”ისევ გადაადგილებული”, აღწერილია მოვლენები, განვითარებული 2010 წლის ივნის-აგვისტოსა და 2011 წლის იანვარში, როდესაც დევნილთა ათასზე მეტი ოჯახი თბილისიდან რეგიონებში გაასახლეს. ”ამნესტი ინტერნეშნალი” ამ პროცესში მთელ რიგ დარღვევებს შენიშნავს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომები. ”ამნესტი ინტერნეშნალი”, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება წინასწარი შეთანხმების გარეშე, ადამიანების ნაჩქარევ იძულებით გამოსახლებას. ბრიტანული ორგანიზაცია შენიშნავს, რომ იძულებით გამოსახლების ფორმა ხელისუფლების მიერ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა შესაძლებლობა უკვე ნაცადია.
პირველი გამოსახლება იყო სრულიად ქაოტური - არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა და დევნილებს არანაირი ინფორმაცია არ დარიგებიათ...

სტაბილური საცხოვრებელი გარემოს შეთავაზების სანაცვლოდ, ხელისუფლებამ დევნილების იძულებით გამოსახლების მექანიზმს მიმართა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ”ამნესტი ინტერნეშნალის” მკვლევარი საქართველოს საკითხებში ნატალია ნოზაძე.

”პირველი გამოსახლება იყო სრულიად ქაოტური - არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა და დევნილებს არანაირი ინფორმაცია არ დარიგებიათ; მეორე გამოსახლებაში, რომელიც ჩატარდა გაიდლაინების მიღების შემდეგ, იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული პროგრესი და ეს აღნიშნულიც არის ანგარიშში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კონსულტაციები არ ჩატარებულა, ანუ სახელმწიფომ თავად გადაწყვიტა, რომ ეს ხალხი უნდა გადაესახლებინა A პუნქტიდან B პუნქტში.”

”ამნესტი ინტერნეშნალის” ანგარიშის თანახმად, 2007 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ზომები დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით და, მათ შორის, კოლექტიური ცენტრების გარემონტებისა თუ დევნილებისთვის საკუთრების დაკანონების მხრივ; მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე შენიშნავს, რომ საქართველომ „დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და იძულებით გადაადგილებული ბევრი პირის მდგომარეობა გააუარესა“.
დევნილთა გამოსახლება. თბილისი, 2010 წლის აგვისტო

”ამნესტი ინტერნეშნალის” მკვლევარები იმყოფებოდნენ ფოცხო-ეწერში, სადაც სახელმწიფომ დევნილთა დაახლოებით 400 ოჯახი - ძირითადად მათი სურვილის საწინააღმდეგოდ - დაასახლა. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფოცხო-ეწერის დასახლება აბსოლუტურად იზოლირებულია და იქ არ არსებობს ელემენტარული პირობები იმისთვის, რომ დევნილ ადამიანებს გარკვეული შემოსავლის მიღების და თვითდაფუძნების შესაძლებლობა მიეცეთ.

პარალელურად, ”ამნესტი ინტერნეშნალი” კვლავაც მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ლიდერებს, პატივი სცენ დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

თუმცა ეს მოწოდებები არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესმით და არც მათ მფარველ რუსეთში, რომლის პრეზიდენტიც 4 აგვისტოს რუსეთისა და საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს 55 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა საქართველოზე. იმ დღეს დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ დევნილების საკითხის დადებითად გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2008 წლის ომის შემდეგ დამკვიდრებული ”ახალი რეალობის” აღიარებით, ანუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებით.
სენატის ეს ფორმულირებები არაფერს არ ეფუძნება. ისინი გამოხატავენ სენატის იმ ზოგიერთი დაბერებული წევრის გემოვნებით მიდრეკილებებს, რომლებსაც, სუბიექტური მიზეზების გამო, სიმპათიები აქვთ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ...

ამ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ბევრი ილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტზე, თუმცა პირადად მიხეილ სააკაშვილთან ლაპარაკზე ის უარს ამბობს. რუსეთის პრეზიდენტი თანახმაა დაელაპარაკოს ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, რომელსაც, მისი თქმით, ვერასდროს აპატიებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. მედვედევი ფიქრობს, რომ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში გაჩაღებული ომის გამო საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლების ღირსია, მაგრამ, იმავდროულად, ის ასეთ სცენარს არარეალისტურად მიიჩნევს.

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, მედვედევმა 4 აგვისტოს ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატებიც. ის ირონიულად და გარკვეულწილად დამამცირებლად მოიხსენიებს აშშ-ის სენატის მიერ ივლისში დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებს:

”სენატის ეს ფორმულირებები არაფერს არ ეფუძნება. ისინი გამოხატავენ სენატის იმ ზოგიერთი დაბერებული წევრის გემოვნებით მიდრეკილებებს, რომლებსაც, სუბიექტური მიზეზების გამო, სიმპათიები აქვთ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. ეს მათი საქმეა, ეს უცხოური პარლამენტია და მე მასთან არაფერი მესაქმება. ჩემთვის სულერთია მათი ფორმულირებები... ”

რუსეთის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ვაშინგტონი თბილისს პირდაპირ არ უბიძგებდა 2008 წლის აგვისტოს ომისკენ, მაგრამ ის ერთმანეთთან აშკარად აკავშირებს თბილისის მიერ სამხედრო აგრესიის გეგმის შემუშავებას და იმხანად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თბილისში სტუმრობის ფაქტს.

რაც შეეხება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან გეგმას, რომელსაც მედვედევ-სარკოზის გეგმად მოიხსენიებს, რუსეთის პრეზიდენტი მას 100 პროცენტით შესრულებულად მიიჩნევს და სულაც არ აღელვებს, რომ იმავე სარკოზის საფრანგეთს თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს საკითხისადმი საპირისპირო დამოკიდებულება აქვთ.

მედვედევის ინტერვიუში დასმულ აქცენტებს სერიოზულად არ ეკიდებიან საქართველოს ხელისუფლებაში. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი, მედვედევის აზრები უფრო ფსიქოლოგების განსახილველია:
დავით დარჩიაშვილი

”მე მგონია, რომ ეს იყო რაღაცნაირი წყენა საკუთარი მდგომარეობის გამო. ის ცოტა უფრე მეტად ნაკითხია, არა მარტო ”კაგებეს” ლიტერატურით არის განათლებული ეს ადამიანი და მე მგონია, გრძნობს, რომ კამათი და დაპირისპირება საერთაშორისო საზოგადოებასთან არ არის კარგი არც რუსეთისთვის და არც მისთვის, მაგრამ იძულებულია, რომ, აი, ამ დაპირისპირებაში შევიდეს და ეს ყველაფერი მერე აისახება მის რიტორიკაზე. და ამიტომ აქ უფრო ფსიქოანალიზია საჭირო და არა პოლიტიკური ანალიზი.”

დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ მედვედევმა რუსულ პოლიტიკაში თავი ვერ დაიმკვიდრა განსხვავებულ, თვითმყოფად ფიგურად და რომ ის ამჯერადაც პუტინისეული რუსეთის პოზიციებიდან ლაპარაკობს.

2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლთან დაკავშირებით სარჩელი შევიდა. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე ხსენებულ მუხლს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ და მის შეცვლას მოითხოვენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლმა მოსარჩელეთა - და არამხოლოდ მათი - ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ცოტა ხნის წინ სწორედ ამ მუხლით, ანუ ჯაშუშობის ბრალდებით, გაასამართლეს 7 ივლისს დაკავებული და 22 ივლისს გათავისუფლებული ფოტორეპორტიორები.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ “314-ე მუხლში დანაშაულის ფორმულირება ორი ნაწილისაგან შედგება - ერთი ეხება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალის მიწოდებას უცხოური ორგანიზაციისათვის და მეორე ნაწილი შეეხება სხვა ინფორმაციის მიწოდებას უცხოეთის დაზვერვის ან სხვა ორგანიზაციისთვის საქართველოს ინტერესების საზიანოდ.”

” ‘სხვა ინფორმაციის მიწოდება’ - აი, ეს ფრაზა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მოვითხოვთ მის გაუქმებას. ჩვენი სარჩელის მეორე ნაწილი კი სასჯელის ზომის გაუქმებას მოითხოვს, რადგან მიგვაჩნია, რომ სასჯელის ეს ზომაც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ხმალაძემ.
კანონის მუხლი უნდა იყოს განჭვრეტადი, მკაფიო და ნებისმიერ ადამიანს აძლევდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის დანაშაული შეიძლება რეალურად დადგეს, თუ დაირღვევა 314-ე მუხლის მოთხოვნა...

ასევე 314-ე მუხლში სიცხადის შეტანის მიზნით საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და საკანონმდებლო ორგანოს მოსთხოვა ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის იმგვარი ფორმულირება, რომ გამოირიცხოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობა:

”კანონის მუხლი უნდა იყოს განჭვრეტადი, მკაფიო და ნებისმიერ ადამიანს აძლევდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის დანაშაული შეიძლება რეალურად დადგეს, თუ დაირღვევა 314-ე მუხლის მოთხოვნა. ჩვენ ვაწყდებით ამ მუხლში ისეთ დებულებებს, როგორიცაა ”სხვა ინფორმაცია”, ”სხვა ორგანიზაცია”, ანუ შესაძლოა ადამიანმა ჩაიდინოს კონკრეტული ქმედება, თუმცა არა წინასწარი შეცნობით, და მას არც კი ჰქონდეს გააზრებული, რომ დანაშაული ჩაიდინა.”

და მიმოხილვის ბოლოს, მიმდინარე კვირის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა და რომელიც თბილისის ტელეანძის ახალ მმართველ კომპანიას უკავშირდება.

ინტერნეტ-აუქციონმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით 18 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტოს დაიხურა, გამარჯვებულ კომპანიად „გოლდენ კომი“ დაასახელა, თუმცა ამ კომპანიის გარდა ანძის 4-წლიანი მართვის სურვილი აუქციონზე არც არავის გამოუხატავს. კომპანიის მფლობელად ვასილ ბოლაშვილი სახელდება, რომელიც მანამდე ინდმეწარმედ იყო დარეგისტრირებული.
სატელევიზიო ანძა

შპს “გოლდენ კომმა“, რომელიც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 11 ივლისს, ანუ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე, დარეგისტრირდა, ტელეანძის მართვის უფლება 110 ათას ლარად მოიპოვა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ანძის ახალმა მმართველმა 12 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და აქამდე ანძის მფლობელ შპს ”ალფა-კომს” (ყოფილ ”საქართველოს ტელერადიოცენტრს”) პროფილი უნდა შეუნარჩუნოს.

ახალი მმართველის ხელში ტელეანძის გადასვლასთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. უპასუხოდ დარჩა მედიაკოალიციის (კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის") მიერ ეკონომიკის სამინისტროში შეტანილი ოფიციალური წერილი, რომელშიც სამოქალაქო სექტორი აუქციონის შეჩერებას და თბილისის ანძის გაყიდვის გარშემო საჯარო დისკუსიის გამართვას ითხოვდა. მედიის წარმომადგენლები ანძასთან დაკავშირებული ნაჩქარევი და ბუნდოვანი პროცესების მიღმა მედიაზე ზეწოლის სამომავლო გეგმებს ხედავენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG