Accessibility links

logo-print
7 აგვისტოდან საქართველოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის მესამე წლისთავის აღნიშვნა დაიწყო. ჩატარდება სხვადასხვა სამგლოვიარო და საქველმოქმედო ღონისძიებები, ტრადიციულად თბილისთან ახლოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, წუთიერი დუმილით მოიგონებენ ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც უთანასწორო ომში დაეცნენ ცხინვალის მისადგომებთან. ჩვენ კი სამხედრო პროგრამაში „ჯარისკაცი და სახელმწიფო“ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ აგვისტოს ხუთდღიანი ომის მღელვარე და დრამატულ მოვლენებს.

მთელი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე სხვადასხვა პროვოკაციის შემდეგ, 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ოსი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაწყებული საარტილერიო სროლის შედეგად ორი ქართველი მშვიდობისდამცველი დაიჭრა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, ხოლო, თბილისში დაბრუნებულმა, მოგვიანებით საგანგებო განცხადება გააკეთა:

„მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვაღიარო, რომ რამდენიმე საათის წინ გავეცი ძალიან მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შემთხვევაში.“


ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დასაწყისი

მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა ამ პირობის შესრულება, როგორც მოგვიანებით განაცხადა, ვერ შეძლო. კონფლიქტის ზონაში შექმნილმა ვითარებამ და სადაზვერვო ინფორმაციამ ცხადი გახდა, რომ რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა დაიწყეს როკის გვირაბით შემოსვლა, - საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს სხვა გზა არ დარჩა იმის გარდა, რომ გენერალური შტაბისათვის ებრძანებინა, არმიას საპასუხო ცეცხლით ჩაეხშო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები, რის შემდეგაც ცხინვალში ქვეითი ნაწილები შევიდოდნენ. 8 აგვისტოს, დილის 10 საათზე, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მთავრობის სახელით გორში საგანგებო განცხადება გააკეთა:

“იცით, რომ ამ დროისათვის ცხინვალის დაახლოებით 70 პროცენტი - მე ვგულისხმობ თვითონ ქალაქს და მის შემოგარენ სოფლებს - დაკავებულია ჩვენი ჯარების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების და ასევე მათი, ვინც ჩაბმულია საბრძოლო მოქმედებებში იქითა მხარეს. ამ მიზნით ჩვენ ერგნეთში ვაცხადებთ სპეციალურ პუნქტს და ვაცხადებთ კორიდორს.”

მაგრამ ამ განცხადებიდან ზუსტად 2 საათში ვითარება დრამატულად შეიცვალა. სპეციალური პუნქტისა და კორიდორის შექმნის წინადადებას რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციით უპასუხა და პირველ ეტაპზე საქმეში ჩართო სამხედრო ავიაცია, რომელმაც მასირებული იერიში მიიტანა ქართველი ჯარისკაცების პოზიციებზე ცხინვალის მისადგომებთან. ქართულმა არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 8 აგვისტოს ღამის 10 საათზე, ცხინვალის დაკავება შეძლო:

„მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დროისათვის ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ქალაქ ცხინვალს. ქალაქი ცხინვალი მთლიანად გაწმენდილია ძალადობრივი ელემენტებისაგან და ბანდფორმირებებისაგან. რა თქმა უნდა, ქალაქი არი ძალიან დაზარალებული ორმხრივი ცეცხლის შედეგად, ისევე როგორც დღევანდელი დღის ინტენსიური დაბომბვის შედეგად რუსეთის ავიაციის მიერ. რუსეთის ავიაცია დღეს მთელი დღე ბომბავდა ცხინვალს, იმიტომ რომ ის მთლიანად არის საქართველოს სამთავრობო შენაერთების ხელში.“

გააფთრებული საავიაციო იერიში რუსეთის მხრიდან 9 აგვისტოს დილით თავს დაატყდა გორს. დაიბომბა ქალაქის შემოსასვლელში არსებული სატანკო ნაწილი და მის ახლოს მდგარი საცხოვრებელი სახლები - თანაც, დაიბომბა ორჯერ, 15 წუთიანი ინტერვალით. დასახლებული პუნქტი ნამდვილ ბრძოლის ველს ჰგავდა - დახოცილებით, დაჭრილებით და ისტერიკაში ჩავარდნილი ადამიანებით.


ხელჩართული ბრძოლა ცხინვალის მისადგომებთან

ამ დროს კი ცხინვალის მისადგომებთან ნამდვილი ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. საქართველოს არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფმა 58-ე არმიის ავანგარდს ცხინვალის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლა გაუმართა. ე.წ. შანხაის დასახლებაში რუსეთის სამხედრო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს ყუმბარსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან, რომლებიც დაყენებული იყო ქართული სპეცნაწილების ამერიკულ ”ლენდროვერებზე”. ბრძოლა საათნახევარს გრძელდებოდა. „ეს იყო საცეცხლე კონტაქტი 5, 10, 20 მეტრის სიახლოვეში. ჯარისკაცები იბრძოდნენ ხელჩართულნი, დანების გამოყენებით”, - იხსენებს რუსეთის ტელეკომპანია „RTR”-ის ჟურნალისტი ალექსანდრ სლადკოვი, რომელიც არმიის სარდალ გენერალ ანატოლი ხრულიოვის კოლონაში იყო და ამ ბრძოლებში თავადაც დაიჭრა:

”ეს იყო სიტუაცია, როდესაც დაიჭრა ჩვენი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის რამდენიმე ოფიცერი და რიგითები იძულებულნი გახდნენ ასეულების მეთაურობა ეკისრათ. ასეთ რამეს არც კი მოველოდი. ბრძოლაში 22-დან 5 რუსული სამხედრო მანქანა დაიწვა, დაიღუპა 6 ადამიანი, მაგრამ იყვნენ დიდი რაოდენობით დაჭრილები. ბრძოლა საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.”

მაგრამ ამ წარმატებულმა საბრძოლო ეპიზოდმა და ქართული არტილერიისა და ტანკისტების მოქმედებამ რუსეთის 58-ე არმიის წინსვლა ვერ შეაჩერა. ცხინვალის მიმართულებით განვითარებული ოპერაციის გარდა, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საარმიო დაჯგუფების ნაწილებმა აფხაზეთიდანაც წამოიწყეს შეტევა, მთლიანად დაიკავეს ფოთი-ზუგდიდი-სენაკის მიმართულება და ცდილობდნენ ზურგში მოჰქცეოდნენ კოდორის ხეობის დაჯგუფებას, რომელმაც მანამდე მოახერხა სტრატეგიული ხეობიდან მანევრით უკან დახევა, ვიდრე ალყაში მოექცეოდა. 11 აგვისტოს 4 დღის საბრძოლო მოქმედებებით გადაღლილი ქართული ჯარის ნაწილები კარალეთთან იდგნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ჰქონდათ საბრძოლო შემართება და უკან დახევაზე სულაც არ ფიქრობდნენ.

„უკვე მეხუთე დღეა, რაც აქ ვართ, სოფელ კარალეთის ტერიტორიაზე. ვიყავით ზედა სოფლებში, უფრო გორის სოფლებში და შემდეგ გადმოვინაცვლეთ ქვევით. ახლა კი გვეუბნებიან, რომ ზევით უნდა შევიდეთ.“

რადიო თავისუფლება: საბრძოლო პოზიციებზე?
ი.კვირიკაძე: „ვცდილობთ, რომ შევიდეთ საბრძოლო პოზიციებზე.“

ეს იყო ჩემი ხუთდღიანი მივლინების დროს ჩაწერილი ბოლო ინტერვიუ, რომელიც კაპიტან იზა კვირიკაძისგან ავიღე. 11 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე, საქართველოს ჯარმა საბრძოლო პოზიციებიდან უკან დახევის ბრძანება მიიღო. საქართველოს ხელისუფლება დაეთანხმა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას და ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს საომარი მოქმედების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG