Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუსიენ ფროიდი


ლუსიენ ფროიდის ავტოპორტრეტი
ლუსიენ ფროიდის ავტოპორტრეტი
ხელოვნების მოყვარულები დიდ ბრიტანელ მხატვარს, ლუსიენ ფროიდს დაემშვიდობნენ. 88 წლის მხატვარი 21 ივლისს ლონდონში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მხატვარი ფსიქოანალიზის დამაარსებლის, ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი იყო.

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზმა უამრავ ადამიანს მოუხსნა ან დაეხმარა გაეცნობიერებინა თავისი სულიერი პრობლემები, ”კომპლექსები”, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე. და თუ ფსიქოანალიზს ჯერ კიდევ ჰყავს ოპონენტები, თუკი არიან ადამიანები (მათ შორის, მეცნიერები), რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფროიდი კარგი თეორეტიკოსი იყო, მაგრამ, როგორც პრაქტიკოსი, არ ვარგოდა და რომ ფსიქოანალიზს მხოლოდ დროებით შეუძლია დაეხმაროს ადამიანს, ფროიდის შვილიშვილის, ლუსიენ ფროიდის შესაძლებლობებში არავის ეპარება ეჭვი: თუკი თქვენ გრცხვენიათ თქვენი სხეულის, არ მოგწონთ მისი ფორმები, წარმოუდგენლად მიგაჩნიათ გაშიშვლება, უფრო მეტიც, გძულთ თქვენი სხეული და ამ სიმახინჯეს ლამის ”დაწყევლად” აღიქვამთ, შეხედეთ ლუსიენ ფროიდის სურათებს, მის შიშველ სხეულებს, პორტრეტებს - დამჭკნარი და უხეში კანით, დარღვეული პროპორციებით, და დარწმუნდებით, რომ სილამაზის გაგება ძალიან სუბიექტურია, ”ლამაზი სხეულის” იდეა ისევ და ისევ ადამიანების მოგონილია და ეს სილამაზე არ შეიძლება რაღაც ეტალონი იყოს. ლუსიენ ფროიდს შეუძლია ყველაზე უშნოც კი მშვენიერებად აქციოს, თანაც ისე, რომ არაფერი დამალოს, შეცვალოს, გაალამაზოს... მწერალი და ლუსიენ ფროიდის მეგობარი ფრენსის უინდემი დაწვრილებით ჰყვება, როგორ დაიყოლია ფროიდმა გამხდარიყო მისი ნატურა. ბუნებრივია, ვიცოდი, რომ შიშველს არ დამხატავდა, - აღნიშნავს ფრენსის უინდემი. - ასეც მოხდა, ჩაცმული დამხატა, მაგრამ ისე, თითქოს შიშველი ვიყო. ამის უნარი მხოლოდ მას ჰქონდა, რადგან ხედავდა და უყვარდა ადამიანის სხეული.

პორტრეტული ხელოვნების და შიშველი ნატურის ოსტატი ლუსიენ ფროიდი ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მხატვრად ითვლებოდა მსოფლიოში. მისი ავტოპორტრეტი 2010 წელს ოთხ-ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა. ლუსიენი ბერლინში დაიბადა 1922 წელს. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზიგმუნდ ფროიდი, ოჯახთან ერთად, ბრიტანეთში გაემგზავრა. ლუსიენი 22 წლის იყო, როცა პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო. სახელოვანი პაპის სახელი გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა - თავიდან ამტკიცებდნენ, რომ მისი შემოქმედება ზიგმუნდ ფროიდის შრომების ილუსტრაცია იყო. ამიტომაც ამბობენ, რომ მის პირველ ნამუშევრებში სიურრეალიზმის ნიშნები იგრძნობა. ვინ ვინ და სწორედ სიურრეალისტებმა გამოიყენეს ფსიქოანალიზი ახალი ენის შესაქმნელად. მაგრამ ლუსიენი ფროიდის გავლენით არ დათრგუნულა - პირიქით, მშვენივრად გამოიყენა კიდეც ფროიდის სახელი. უფრო მეტიც, ლუსიენი გაეცნო ფროიდის მემკვიდრეების, მისი მოწაფეების და მასთან დაპირისპირბეული მეცნიერების ნაშრომებსაც - პირველ რიგში, ლაკანისა, რომელიც დიდხანს მუშაობდა ხედვის, მზერის სპეციფიკის და მნიშვნელობის ანალიზზე. ლუსიენ ფროიდიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მზერით შეიძლება შევეხოთ საგანს, ადამიანს და მხატვრის ამოცანაა მაქსიმალურად გამოხატოს სხეულის ეს ხელშესახები პლასტიკურობა. თუმცა მხოლოდ ადამიანებს არ ეხებათ ეს. ლუსიენ ფროიდს ძალიან უყვარდა ძაღლების ხატვაც. საერთოდ, არასდროს იყო გულგრილი იმის მიმართ, რაც ცოცხალია, რაც სუნთქავს. თანაც, ლუსიენ ფროიდის ქალიშვილის, ბელა ფროიდის თქმით, მას განსაკუთრებით მოსწონდა ხატვის პროცესი და ყველაფერს აკეთებდა, რათა არც ნატურას მოსწყენოდა მასთან ერთად.
იმ მხატვრებიდან, რომელთა სტილიც ახლოსაა ფროიდის სტილთან, პირველ რიგში, ფრენსის ბეკონი უნდა გავიხსენოთ. ისინი მეგობრობდნენ და 50-იან წლებში რამდენიმე გამოფენაც მოაწყვეს. შეიძლება გავიხსენოთ ეგონ შილე, თავისი ”დაკუთხული” სხეულებით. ადამიანები ფროიდთან ზოგჯერ გაღიზიანებულები არიან, გაბოროტებულებიც, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა, რომ თავად მხატვრის დამოკიდებულება მათ მიმართ სიყვარულით და მხოლოდ სიყვარულითაა სავსე. ასეც ამბობდა, ჯერ კარგად უნდა გავიცნო და მერე დავხატოო. შესაძლებელია ამიტომაც უყვარდა ახლობლების, ოჯახის წევრების ხატვა. ხატვის დაწყებამდე ის მათთვის, როგორც ბელა ფროიდი აღნიშნავს, დღესასწაულს ქმნიდა.

ეს სხეულის და სიცოცხლის სიყვარულია, რაზეც ხელოვნებათმცოდნეები მუდმივად ამახვილებენ ყურადღებას, როცა ლუსიენ ფროიდის ნამუშევრებზე საუბრობენ. ჰოდა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუსიენი შემოქმედებით განთავისუფლდა იმ ტვირთისგან, რომელსაც ახალგაზრდობაში ატარებდა, ზიგმუნდ ფროიდის ტვირთისგან. - თუკი ფროიდიზმი ფაქტობრივად აღიარებს ადამიანის ბუნების დესტრუქციულობას, აგრესიულობას, ლუსიენ ფროიდი დესტრუქციულისგან ქმნის მშვენიერებას და ამტკიცებს, რომ მშვენიერია, ღვთაებრივია ყველაფერი, რაც სუნთქავს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG