Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის დაწყების წლისთავი თბილისში


თბილისში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წლისთავი აღნიშნეს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა და კათალიკოს-პატრიარქმა.

მე მინდა დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 2008 წელს ომში დაღუპულთა ოჯახებს და ვთქვა, რომ მთელი საქართველო - და, მათ შორის, შეიარაღებული ძალები - პატივს მიაგებს მათ ნათელ ხსოვნას...
2008 წლის აგვისტოს ომს 170 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. მათი დიდი ნაწილი განისვენებს თბილისში, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე, სადაც ყოველი წლის 8 აგვისტოს ადრიანი დილიდან იკრიბებიან შაოსანი დედები. მათ შორისაა ლეილა თანდაშვილი - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალრის, კაპიტან ალექსანდრე თანდაშვილის დედა:

„7 აგვისტოს დამირეკა ჩემმა შვილმა, დედა, მივდივარო. მეგონა, ჯარი მიჰყავდა პოლიგონზე. არ მითხრა სად მიდიოდა. თურმე, ომი დაწყებულა და მე არ ვიცოდი. ასე მითხრეს, 8 აგვისტოს, მეორე დაბომბვის დროს, ჩემმა შვილმა თავისი რაზმი უვნებლად გამოიყვანა ნიქოზამდე. ნიქოზში დააწიეს სიტყვა, რომ შენი მეგობარი ერეკლე ყულოშვილი მოკლესო. მის გამოსაყვანად შევიდა... შევიდა და ისიც იქ დარჩა.“

კაპიტან ალექსანდრე თანდაშვილისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნას 8 აგვისტოს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა და კათალიკოს-პატრიარქმა. ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობისას თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც:

„მე მინდა დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 2008 წელს ომში დაღუპულთა ოჯახებს და ვთქვა, რომ მთელი საქართველო - და, მათ შორის, შეიარაღებული ძალები - პატივს მიაგებს მათ ნათელ ხსოვნას. ეს არის ძალიან მტკივნეული დღე როგორც მთელი საქართველოსათვის, ასევე თითოეული მათი თანამებრძოლისათვის. შესაბამისად, ეს ქმნის მეტ მოტივაციას, რომ გააკეთონ უფრო მეტი იმისათვის, რომ მათ მიერ დაწყებული საქმე იქნეს ღირსეულად გაგრძელებული და ბოლომდე მიყვანილი.“

მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე მისული პოლიტიკოსების ნაწილმა გასული სამი წლის შეჯამებაც სცადა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის - ნუგზარ წიკლაურის - თქმით, ომმა და მისმა შემდგომმა პერიოდმა აჩვენა, რომ მხოლოდ აგრესია და სამხედრო ძალა არ კმარა უკანონობის იურიდული გაფორმებისათვის.

ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრმა, ზურაბ აბაშიძემ, 2008 წლის აგვისტოს ომს ტრაგიკული და პროვოკაციული უწოდა, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრისას კი ყურადღება გაამახვილა შეცდომაზე, რომელიც ომის შედეგების დაძლევას აფერხებს.

„არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან ნაკლებია შანსი, რომ დარეგულირდეს ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის. ხელისუფლების ცვლილება ეტაპობრივად გამოიწვევს ურთიერთობის დაწყებას რუსეთის ფედერაციასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, უთხრა ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლების შეფასებისას გაცილებით რადიკალურები იყვნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით პარტიების ხელმოწერებს აგროვებს:

დადგენილია ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტის მიერ, რომ აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების აცილება შესაძლებელი იყო...
„დღეს ტრაგიკული დღეა საქართველოს დე იურე დაშლისა, რაც სააკაშვილის მიერ პროვოცირებული ომის შედეგად განხორციელდა და, ალბათ, უკეთეს სიურპრიზს ჩვენს ხალხს, იმ დაღუპულ ბიჭებს, იქიდან გამოყრილ დევნილებს ვერ შევთავაზებდით, ვიდრე 9 პარტიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.“

იმპიჩმენტის მომხრე პარტიების ჩამონათვალში არ არის „თავისუფალი საქართველო“, რომლის ლიდერი, კახა კუკავა, ამბობს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დაარღვია საერთაშორისო ნორმები, მოახდინა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია და შემდეგ, ასევე საორთაშორისო სამართლის იგნორირებით, ცნო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. თუმცა, ამის მიუხედავად, კუკავა ომის გაჩაღებაში პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებასაც აკისრებს:

„დადგენილია ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტის მიერ, რომ აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების აცილება შესაძლებელი იყო. შესაძლებელი იყო თავიდან აცილება იმ მსხვერპლისა, რომელიც ძირითადად წარმოიქმნა სამხედრო ქვედანაყოფებში, რომლებიც პრაქტიკულად უმეთაუროდ იყვნენ მიტოვებული, ლოკალიზებული და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის მიერ.“

მოწინააღმდეგის სამხედო ძალის მოქმედების შედეგად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საერთო ჯამში, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. 30 ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა. მოწინააღმდეგის მხრიდან კი, რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ინფორმაციით, დაიღუპა 67 სამხედრო მოსამსახურე და 162 სამოქალაქო პირი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG