Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის მესამე წლისთავი საგარეო პოლიტიკის სარკეში


თბილისში უბრალო დამთხვევად არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონების გეგმა პრეზიდენტმა მედვედევმა სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავზე გაააქტიურა. ცხადია, რომ მოსკოვი, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირებით, დემონსტრაციულად ცდილობს 2008 წლის ომის შემდეგ თავის მიერვე შექმნილი ”ახალი რეალობის” განმტკიცებას. რა მექანიზმებით უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ქმედებებს და რა მიღწევებზე ლაპარაკობს თბილისი რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავზე?
ეს არის მიზანმიმართული და შეგნებული პროვოკაცია, დაგეგმილი იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი უკან დახევას არც ომის მესამე წლისთავზე აპირებს...

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბაზების დაკანონებასთან დაკავშირებული შესაბამისი შეთანხმებების რატიფიცირების თხოვნით პრეზიდენტმა მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს სწორედ 8 აგვისტოს მიმართა, მაშინ როცა ამ დოკუმენტებს მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მოაწერეს ხელი.

”ეს არის მიზანმიმართული და შეგნებული პროვოკაცია, დაგეგმილი იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი უკან დახევას არც ომის მესამე წლისთავზე აპირებს და კვლავაც განაგრძობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

რუსეთის ამგვარ პროვოკაციულ ნაბიჯებს აბსოლუტურად უმნიშვნელოდ მიიჩნევენ თბილისში - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რუსეთმა თვალი სულ სხვა რეალობას უნდა გაუსწოროს:

”რაც არ უნდა მიიღოს სახელმწიფო დუმამ, რეალობა არის ერთი, რეალობა არის ის, რაც ასახულია საერთაშორისო დოკუმენტებში და რეალობა გახლავთ ის, რომ რუსეთი დღეს არღვევს საერთაშორისო სამართალს, რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია და რუსეთმა უნდა შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.”

100-პროცენტით შევასრულე მედვედევი-სარკოზის გეგმა... ამ გეგმაში არ იდო პირობა, რომ ჩვენ არ ვაღიარებდით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთ...

2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ ომის შემდეგ გასული 3 წლის მანძილზე რუსეთს არაერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებამ - ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოს თუ მსოფლიოს ცალკეული დედაქალაქების სახით, მაგრამ ყველაფერ ამას რუსეთი სრული იგნორირებით უპასუხებს.

მაგალითად, 4 აგვისტოს რუსეთისა და საქართველოს მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში დმიტრი მედვედევმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი 6-პუნქტიან შეთანხმებას სათავისო თვალით კითხულობს, შესრულებულად მიიჩნევს და სულაც არ ადარდებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას აბსოლუტურად საპირისპირო აზრი აქვს:

”ვერაფერს ვიზამთ, ამ საკითხში ჩვენ ვერ ვთანხმდებით. მე ვფიქრობ, რომ 100-პროცენტით შევასრულე მედვედევი-სარკოზის გეგმა... ამ გეგმაში არ იდო პირობა, რომ ჩვენ არ ვაღიარებდით აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. რაც შეეხება ჯარის უკან გაყვანას, ეს უკვე მოხდა. და ჯარი გავიდა ომამდე არსებულ პოზიციებზე, რუსეთის გაგებით...”

რუსეთის თავნებობას ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის არაადეკვატური მიდგომებით ხსნის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი. ის თვლის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველო-რუსეთის ომსა და მის შედეგებს იმგვარი ძალისხმევა და ყურადღება ვერ დაუთმო, როგორსაც ეს პრობლემა იმსახურებდა:

”საერთაშორისო თანამეგობრობას ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედება შეეძლო და ეს სულაც არ ნიშნავდა რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ან რაიმე განსაკუთრებულ სანქციებს. საერთაშორისო საზოგადოებას - და, უპირველეს ყოვლისა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს - არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ ერთიანი მტკიცე პოზიციით ესაუბრა რუსეთთან. ”

ირაკლი მენაღარიშვილისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებული საქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში უფრო მეტი ძალისხმევით ვერც ჩაერთვებოდა და ეს ისევ რუსეთის ამჟამინდელი პოზიციებიდან გამომდინარეობს:

”დღეს რუსეთი ძლიერია უფრო, ვიდრე ის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ოდესმე ყოფილა; ევროპა დამოკიდებულია რუსულ ენერგომატარებლებზე; საკმაოდ მკვეთრი პოლიტიკა აქვს თვითონ რუსეთს, თუ აგრესიულს არ დავარქმევთ, და ამიტომ მასთან კონფრონტაციას ყველა ერიდება.”

ჩვენი სიმართლე იქნა გაზიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მიუხედავად იმ დიდი პროპაგანდისტული საქმიანობისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა ომის დღეებშიც და ომის მერეც...
მართალია, ომის მესამე წლისთავზე ძირითადი სიტუაცია პრაქტიკულად უცვლელია: ტერიტორიები კვლავაც ოკუპირებულია და იქ შესვლას ვერც ერთი საერთაშორისო მისია ვერ ახერხებს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე საქართველოს საგარეო პოლიტიკის დიდ მიღწევად მიიჩნევს თუნდაც იმ ფაქტს, რომ ომიდან სამი წლისთავზე რუსეთი, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გზაზე, მხოლოდ სამი ქვეყნის - ნიკარაგუას, ვენესუელისა და ნაურუს - ამარა რჩება.

სამაგიეროდ, სერგი კაპანაძის თქმით, სულ უფრო იზრდება საქართველოს მომხრეთა რიცხვი და ამ კონტექსტში მის მიერ მოყვანილი ერთ-ერთი მაგალითი უკავშირდება დევნილების დაბრუნების უფლების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მიღებულ რეზოლუციებს. თუკი 2008 წელს საქართველოს ამ საკითხში მხოლოდ 14 მომხრე ჰყავდა, 2011 წელს მათი რიცხვი 60-მდე გაიზარდა.

ზოგადად კი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბოლო 3 წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ასახელებს იმ ტენდენციას, რომ მსოფლიოს სულ უფრო უკეთ ესმის საქართველოს ხმა:

”ჩვენი სიმართლე იქნა გაზიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მიუხედავად იმ დიდი პროპაგანდისტული საქმიანობისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა ომის დღეებშიც და ომის მერეც. ის, რომ რუსეთი არღვევს 12 აგვისტოს შეთანხმებას, ის, რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო მისიების აღდგენა ამ ტერიტორიებზე - ეს არის პოზიცია, რომელსაც იზიარებს მთელი ცივილიზებული სამყარო.”

ბოლო სამი წლის მიღწევებზე საუბარში დიდი ადგილი ეთმობა შეერთებული შტატების სენატის მიერ ივლისში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებს. სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ მალე ამერიკის ეს ნაბიჯი მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ დამკვიდრებული და მხარდაჭერილი ”ახალი რეალობის” შესაცვლელ ძირითად მექანიზმს, შეიძლება ითქვას, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხედავს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ის თვლის, რომ ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ამ ტერიტორიებზე, მათი ამჟამინდელი მფარველისა და მზრუნველის, რუსეთის, ნამდვილ სახეს დაინახავენ, მაგრამ ამ დროს საქართველოც სათანადოდ მომზადებული უნდა შეხვდეს:

”ასე 3-4 წელიწადი კიდევ გაგრძელდება ასეთი ეიფორია, ვიდრე არ გაჩნდება კრიტიკული განწყობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სადაც იკითხავენ - კი მაგრამ, რა მოგვიტანა ჩვენ ამ აღიარებამ? მერე ახალი რეალობა დადგება და საქართველომ მათ მტკიცე დემოკრატია უნდა შესთავაზოს, განსხვავებით ავტორიტარული რუსეთისაგან. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ხომ კარგი... მაგრამ თუ ჩვენც ავტორიტარული ქვეყანა ვიქნებით, ძლიერი ავტორიტარიზმი ყოველთვის აჯობებს სუსტ ავტორიტარიზმს. დემოკრატიის დამმარცხებელი კი არავინ და არსად არ არსებობს... ”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG