Accessibility links

logo-print
8 აგვისტოს გამოსული ქართული გაზეთების უმრავლესობა ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე - copoka.net-ზე - გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც საუბრის თემაა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე.

გაზეთი ”მთელი კვირა” სტატიაში, სათაურით ”ფოტოგრაფების საქმე, პრეზიდენტი და შს მინისტრი / შსს აცხადებს, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული ქართველ მაღალჩინოსანთა სატელეფონო ჩანაწერები გაყალბებულია”, წაიკითხავთ:

"რუსულენოვანი ვებგვერდი "copoka.net " უკვე მეორედ აქვეყნებს ქართველ მაღალჩინოსანთა სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც საქართველოში გახმაურებულ მოვლენას უკავშირდება. ამჯერად საუბარია ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც, საიტის მიხედვით, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შოთა უტიაშვილსა და პრესსამსახურის უფროსს შოთა ხიზანიშვილს ესაუბრება. 6-ვე ჩანაწერი ჯაშუშობის ბრალდებით 5 ივლისს დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს უკავშირდება და საიტმა 4 აგვისტოს გამოაქვეყნა. ეს სწორედ ის ვებგვერდია, რომელმაც 2010 წლის მარტში გამოაქვეყნა ფარული ჩანაწერი, სადაც "ტელეიმედის" მმართველი გიორგი არველაძე და საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ეკა წამალაშვილი "მოდელირებულ ქრონიკას" გეგმავდნენ."

ამავე სატატიაში ექსპრეტი ირაკლი სესიაშვილი, ამბობს:

"თქმა, რამდენად რეალურია ეს ჩანაწერები, რთულია, თუმცა მასზე დაფიქსირებული ხმები საკმაოდ ჰგავს შესაბამისი მაღალჩინოსნების ხმებს. თუკი ამ ჩანაწერებში სწორედ პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და შსს მაღალჩინოსნები საუბრობენ, ექსპერტთა შეფასებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.”

ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ, წინანდლისგან განსხვავებით, დაუკვირვებელი თვალისთვის ეს ჩანაწერი ხელისუფლებას ფოტორეპორტიორების დაკავების მეტნაკლებად "გაპრავებაშიც" უწყობს ხელს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ეს ფაქტი გამოძიებას და ქვეყნის უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირთა თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
ამავე თემას უძღვნიან სტატიებს გაზეთები: „კვირის პალიტრა“, „ქრონიკა“ და „ახალი თაობა“.

გაზეთ „მთელ კვირაში“ წაიკითხავთ რეპორტაჟს ახალგორიდან. სტატიაში, სათაურით ”მთავრობის ხალხი გვეუბნებოდა - ნუ გეშინიათ, ხალხნო, ტყეებშიც კი ჯარისკაცები გვყავსო ”, საუბარია იმაზე, თუ რამდენად არაინფორმირებული იყო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე.
”11-ში გამოქცეული ახალგორის მთავრობა, ბედის ანაბარა მიყრილი მოსახლეობა და ტყეში გათენებული ღამეები - აი, ასე ახსენდებათ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისი ახალგორელებს”,- ნათქვამია ”მთელი კვირის” რეპორტაჟში, რომლიც ახალგორშია მომზადებული.

2008 წლის აგვისტოს ომის თემას ეხმიანება გაზეთი ”კვირის პალიტრა” და მკითხველს შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილ ელჩთან, თედო ჯაფარიძესთან, ინტერვიუს სთავაზობს. გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მედვედევის ინტერვიუს დეტალურად გაანალიზება სჭირდება" / "ჩვენს თავში ჩაბეტონებულია აზრი, რომ ჩვენი საქმე აუცილებლად სხვამ უნდა გააკეთოს", თედო ჯაფარიძე ამბობს:

"სამი წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება მარცხს არ აღიარებს და ამბობს, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ, რაც დიდი გამარჯვებაა. მეორე მხრივ, გასულ კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში მედვედევი იმადლება, სააკაშვილი ჩემთან ვალშია, მან უნდა აღიაროს, რომ მე შევაჩერე ჯარები - ისინი რომ თბილისში შესულიყვნენ, დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდაო. ამ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში აშკარად ჩანს, რომ რუსეთს უნდა რეგიონში მთავარ დამრეგულირებლად გამოჩნდეს. სახელისუფლებო ექსპერტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ მოვუსმენთ, მედვედევის ინტერვიუსაც საქართველოს გამარჯვებად აფასებენ. მე კი ავიღებდი ქაღალდსა და კალამს და თუნდაც ამ ინტერვიუს დეტალურად გავაანალიზებდი. გავაანალიზებდი იმ გზავნილებს, რაც ინტერვიუში გახმაურდა, მაგრამ ტექსტის უკან თუ სტრიქონებს შორის არსებული აზრის წაკითხვა ან ამ სურვილის უქონლობა ქართველების მთავარი პრობლემაა."

გაზეთი ”ახალი თაობა” ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ ლიდერს - გუბაზ სანიკიძეს - ესაუბრა რუსეთ-საქართველოს ომისა და მომავალი არჩევნების თაობაზე. ინტერვიუში, სათაურით „გუბაზ სანიკიძე: ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის მიცემის ნუ გეშინიათ”, გუბაზ სანიკიძე ”ახალი თაობის” ჟურნალისტის შეკითხვას, რას იტყვით ხელისუფლების განცხადებაზე, ოპოზიცია ცდება, როდესაც ამბობს, ომი საქართველომ დაიწყოო, უპასუხებს:

"არსებობს ტალიავინის დასკვნა, ომი ვინ დაიწყო. ყველამ იცის, პროვოცირება იყო რუსეთის, ოსეთის მხრიდან, მაგრამ სააკაშვილი აჰყვა ამ პროვოცირებას. მისი შეცდომაც და დანაშაულიც ეს არის.“

გუბაზ სანიკიძე ასევე მბობს: ”ტერიტორიების დაბრუნების შანსები არსებობს, მაგრამ ერთადერთი და უმთავრესი პირობაა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. უნდა წააგონ არჩევნები და უნდა წავიდნენ. ხალხმა არ უნდა მისცეს ხმა, 20 ლარზე არ უნდა გაიყიდონ. როცა ხმას აძლევს მოქალაქე არჩევნებში, უნდა იფიქროს არა იმაზე, რომ ერთი კვირა საჭმელი ექნება სახლში - ქართველებმა უფრო მაღალი კატეგორიებით უნდა იცხოვრონ.”
XS
SM
MD
LG