Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვა


განვლილი კვირის მანძილზე დასავლეთის პრესაში საკმაოდ დიდი ყურადღება ხვდა საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ თემებს. თემები მრავალფეროვანია - რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გახმაურებული ინტერვიუთი დაწყებული და საქართველოში ზაფხულის სიცხეში მომრავლებულ ქვეწარმავლებზე მითქმა-მოთქმით დამთავრებული.

რუსეთის პრეზიდენტის თითქმის ერთსაათიანი ინტერვიუდან, რომელიც მან სამ რუსულენოვან საინფორმაციო საშუალებას მისცა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა კრიტიკამ აშშ-ის სენატის მისამართით. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ მედვედევის ინტერვიუზე 5 აგვისტოს გავრცელებულ ცნობას იწყებს იმის აღნიშვნით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა, მისივე თქმით, „მხცოვანი“ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მოსკოვს მოუწოდებენ, ჯარისკაცები გაიყვანოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან. საუბარი ეხება სენატის მიერ ივლისის მიწურულს მიღებულ რეზოლუციას. ეს არის უცხო ქვეყნის პარლამენტი, მასთან მე არაფერი მესაქმებაო, განაცხადა მედვედევმა. მისი შეფასებები არის, როგორც „როიტერსი“ წერს, „იშვიათი ჩხვლეტა“ მედვედევისაგან, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს პრეზიდენტ ბარაკ ობამას გუნდთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე.

მედვედევზე უფრო ადრე, აშშ-ის სენატის ზემოხსენებულ რეზოლუციას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. როგორც გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ 1 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანი ალექსანდრ ლუკაშევიჩი „განსაკუთრებით გესლიანია“, როცა ეხება სენატის მიერ ცნება „ოკუპაციის“ გამოყენებას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსი სამხედროების ყოფნის აღსანიშნავად. სტატიაში მოყვანილია შემდეგი ციტატა ლუკაშევიჩის კომენტარიდან: „ამის შესახებ ამერიკელი სენატორების განცხადება მოწმობს ან უცოდინარობას საერთაშორისო სამართლის სფეროში, ან კიდევ რეალური ფაქტების სრულ უგულებელყოფას“.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას აშუქებს ირლანდიის ყოველდღიური „აირიშ ტაიმსიც“, ოღონდ ის ეხმაურება რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საქართველოში სეპარატიზმის პრობლემაზე. „პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებამ, რომ სეპარატისტული რეგიონი სამხრეთი ოსეთი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი გახდეს, ამწვავებს დაძაბულობას რუსეთსა და საქართველოს შორის და ზრდის ზეწოლას ურთიერთობის „გადატვირთვაზე“ რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის“, წერს
სტატიის ავტორი, მოსკოვში მყოფი შიმუს მარტინი. ის მკითხველს შეახსენებს რუსეთ-საქართველოს ომის ამბებს, თუმცა, შეცდომებით. თუ ომის თარიღად 2010 წლის მოხსენიება მექანიკურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, სეპარატისტული კონფლიქტების წინაისტორიის განმარტება უკვე საკითხში გაურკვევლობას ააშკარავებს. მაგალითად, ვკითხულობთ: „საბჭოთა პერიოდში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაყოფა ნომინალურად რუსულ და ქართულ ზონებად ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან მოსკოვი მართავდა მთელს საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ოსები რუსეთსა და საქართველოს შორის გაყოფილი აღმოჩნდნენ“, ვკითხულობთ „აირიშ ტაიმსში“.

უფრო კომპეტენტური ჩანს მოსკოვში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ „მოსკოუ ტაიმსში“ დაბეჭდილი სტატიის ავტორი, პოლიტოლოგი დევიდ ფილიპსი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ვაჭრობის პოტენციურ, დადებით როლზე სეპარატისტულ კონფლიქტებში დაპირისპირებული მხარეების დასაახლოვებლად. სტატიას „მოსკოუ ტაიმსის“ 3 აგვისტოს ნომერში გაეცნობით.

ვაჭრობაზეა საუბარი საინტერნეტო გამოცემა „იურეიჟა ვიუს“ პუბლიკაციაშიც, მაგრამ ის არ ეხება სეპარატისტული კონფლიქტების თემას, რომელსაც პრესის ამ მიმოხილვაში უკვე გამოვემშვიდობებით. „იურეიჟა ვიუ“ წერს კომპანია „ეპლის“ ნაწარმით ვაჭრობაზე სააქრთველოში. „ეპლი თვალს ხუჭავს თბილისში სავაჭრო ნიშნის წესების დარღვევაზე?“ ამ შეკითხვით არის დასათაურებული ჟურნალისტ მოლი კორსოს სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კომპანიის ვებსაიტის თანახმად, საქართველოში არის „ეპლის“ ნაწარმის მხოლოდ სამი, და არ არის „აიფონის“ არც ერთი ავტორიზებული გამიყდველი. მაგრამ თბილისში მაინც არსებობს მაღაზიები, რომლებშიც იმიტირებულია „ეპლის“ ავტორიზებული მაღაზიების დიზაინი, მომსახურე პერსონალის ჩაცმულობის ჩათვლით. ამ მაღაზიებში, წერს სტატიის ავტორი, ირწმუნებიან, რომ ყიდიან მართლაც „ეპლის“ ნაწარმს, რომელსაც ავტორიზებული მოვაჭრეებისაგან იძენენ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ნაწარმი არ არის უზრუნველყოფილი „ეპლის“ გარანტიითო, აღნიშნავს ჟურნალისტი მოლი კორსო და დასძენს, რომ ზოგი ქართველი ექსპერტის ვარაუდით, თბილისში არაავტორიზებული, შესაბამისად, არაოფიციალური მაღაზიების არსებობა არაფერს ავნებს „ეპლს“ - პირიქით, ზრდის მის ცნობადობას ამ ქვეყანაში.

ბოლოს თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ კიდევ ერთ არაპოლიტიკურ თემაზე, რომელსაც პუბლიკაციას უძღვნის „ნიუ-იორკ ტაიმსი“. ეს არის თბილისში გაზეთის კორესპონდენტის, ელენ ბერის სტატია სათაურით „პაპანაქება აპოკალიფსურ ხილვებს წარმოშობს“. ჟურნალისტზე, როგორც ირკვევა, აპოკალიფსური განწყობის შთაბეჭდილება დატოვა მითქმა-მოთქმამ, რომელიც მან არაერთხელ მოისმინა თბილისში კალიებისა და გველების გამოჩენასთან დაკავშირებით.

„... მეზობლებში სხვადასხვა თეორია ვრცელდება: რომ კალიები არიან მუტანტები, რომლებიც ჩერნობილის კატასტროფამ წარომოშვა, რომ გველები მატარებლის ვაგონებით ჩამოიტანა უცნობმა მტერმა, რომ ყველა ეს ბუნებრივი მოვლენა არის შედეგი აფეთქებებისა, რომლებიც 11 წლის წინ მოხდა მზის ზედაპირზე,“ ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“. მასში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი არ მალავს, რომ არადამაჯერებლად მიიჩნევს ამ თეორიებს და იქვე მოჰყავს ჰერპეტოლოგიის, ანუ ქვეწარმავლების შემსწავლელი მეცნიერების ქართველი ექსპერტის, გურამ წიკლაურის სიტყვები: თუ რამე ანომალია მაქვს შემჩნეული, ეს არის გადაჭარბებული ემოციები, რომლებსაც გველები იწვევენ საქართველოშიო.
XS
SM
MD
LG