Accessibility links

აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ


მარკ ტონერი

მარკ ტონერი

8 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე საქართველო-რუსეთის ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა:
შეერთებული შტატები დღესაც გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას არ ეძლევა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მუშაობის საშუალება...

”შეერთებული შტატები, რასაკვირველია, კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საგანგებოდ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულება, სამხედრო ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებისა და ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიწოდების პირობების შექმნის ჩათვლით.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქტიული მონაწილეობისკენ ჟენევის დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. გვჯერა, რომ ეს მექანიზმები ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. აღსანიშნავია ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მუშაობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. შეერთებული შტატები დღესაც გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას არ ეძლევა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მუშაობის საშუალება.”
მხოლოდ გავიმეორებ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ...

მარკ ტონერს სთხოვეს კომენტარი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მიერ სამხრეთი ოსეთის შესახებ განცხადებაზე:

”მხოლოდ გავიმეორებ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

ორშაბათის ბრიფინგზე დაისვა შეკითხვა იმის თაობაზეც, ხომ არ ცდილობს აშშ დაარწმუნოს საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პოზიტიურობაში:

”არ მაქვს ინფორმაცია ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების პროცესის ამ ასპექტზე. ჩვენ, ნამდვილად ვუჭერთ მხარს ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას იმ პირობით, რომ ის მოთხოვნებს შეასრულებს”.
XS
SM
MD
LG