Accessibility links

logo-print

დევნილთა თანხმობის გარეშე სამინისტროს მათი გამოსახლების უფლება არ აქვს


სასტუმრი ”აფხაზეთთან” გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე

სასტუმრი ”აფხაზეთთან” გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე

სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრებმა დევნილებმა სასტუმროს შენობის წინ მორიგი აქცია გამართეს. სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობაში მცხოვრები ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 267 ოჯახი უარს აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეთავაზებაზე და გამოსახლების პროცესის გადავადებას ითხოვს.

სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობასთან, რომელსაც რამდენიმე წლის წინ გაჩენილი ხანძრის კვალი დღესაც ატყვია, ცხინვალის რეგიონიდან 90-იან წლებში გამოდევნილთა აქცია გაიმართა. კვამლით გამურული შენობის აივნებზე წარწერებია: „SOS“, “ნუ გაგვასახლებთ უკანონოდ“ და სხვ. სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობაში დევნილებს შეტყობინება, რომ გასახლება ელით, რამდენიმე დღის წინ მიუვიდათ. ვადა 15 აგვისტომდეა. 35 წლის ნელი ბაბუციძე ამბობს, რომ გამოსახლების შემთხვევაში ქუჩაში დარჩებიან:
ჩვენ ვითვლებით მესაკუთრეებად. გათანაბრებულები ვართ მესაკუთრეებთან, იმიტომ რომ 21 წლის განმავლობაში ჩვენ სასტუმრო “აფხაზეთში“ ვართ...

”ჩვენ გვაიძულებენ აქედან გავიდეთ, თუ არადა გვემუქრებინ პოლიციით. უკვე ბრძანებაა გაცემული თურმე, რომ 15-ში პოლიცია უნდა მოვიდეს და გაგვასახლონ აქედან. ის თანხა, რომელსაც გვთავაზობენ, არის მინიმალური. გირაოთიც კი ვერ გახვალ და სად უნდა წავიდეთ... ელემენტარულად, 21 წელი აქ რომ იცხოვრებ, რაღაც ნივთები ხო გიგროვდება... სად უნდა წავიღოთ?! უნდა აღმოვჩნდეთ ქუჩაში.”

სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობაში 267 დევნილი ოჯახი - 700-ზე მეტი ადამიანი -ცხოვრობს. არც ერთ მათგანს ფართი უკანონოდ არ დაუკავებია და შენობა კომპაქტური ჩასახლების ობიექტად ითვლება, რადგან მასში მცხოვრებ დევნილებს დევნილობის მოწმობაში საცხოვრებელ მისამართად ვაჟა-ფშაველას #25, სასტუმრო „აფხაზეთი“ უწერიათ. დევნილები გვიხსნიან:



”ჩვენ ვითვლებით მესაკუთრეებად. გათანაბრებულები ვართ მესაკუთრეებთან, იმიტომ რომ 21 წლის განმავლობაში ჩვენ სასტუმრო “აფხაზეთში“ ვართ რეგისტრირებული, ლტოლვილის მოწმობაში გვიწერია მისამართი ვაჟა-ფშაველას 25, ანუ ვითვლებით ამ ფართის მფლობელებად.”

ვინაიდან დევნილები შეთავაზებაზე წინააღმდეგი არიან, ანუ არ განუცხადებიათ თანხმობა, კომპაქტური ჩასახლების ობიექტიდან დევნილის გამოსახლება, კანონის თანახმად, დაუშვებელია...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკა გულუა განმარტავს, რომ სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობა კერძო საკუთრებაა უკვე წლებია და ამის შესახებ დევნილები ინფორმირებული არიან, სამინისტრო კი დევნილებს გამოსახლების სანაცვლოდ შემდეგ პირობებს სთავაზობს:

”იქ ნამდვილად გაუსაძლისი ვითარებაა, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ და ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამიტომ მათ მხოლოდ საკუთრებაში ფართებს კი არ ვთავაზობთ, ასევე ალტერნატივას - 10 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარებში. ვისაც უნდა, აიღებს ფართს; ვისაც უნდა, აიღებს თანხას. რაც შეეხება ფართს, ეს ბინები არის რუსთავში, რომელიც რემონტდება. რემონტი დასრულდება ნოემბრის ბოლოს, მანამდე დევნილები ქირით გაგვყავს და იცხოვრებენ ქირით, ხოლო გადასვლის შემდეგ ის ფართი იქნება მათი საკუთრება.”

სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილები იმ პირობებზე, რომლის შესახებაც დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკა გულუა საუბრობდა, არ თანხმდებიან. ისინი ამბობენ, რომ არ იციან, თუ სად უნდა იცხოვრონ ქირით ნოემბრამდე, რადგან მათთვის არ უცნობებით ამ ფართების არსებობის შესახებ; ასევე უარს ამბობენ ოჯახზე 10 ათასი დოლარის კომპენსაციაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ თანხით ბინის შეძენას ვერ შეძლებენ და რომ ასეთი შეთავაზებით მათი საყოფაცხოვრებო პირობები უარესდება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ თუ სამინისტრომ დევნილებთან მოლაპარაკება ვერ შეძლო, გამოსახლება უკანონო იქნება:

”ვინაიდან დევნილები შეთავაზებაზე წინააღმდეგი არიან, ანუ არ განუცხადებიათ თანხმობა, კომპაქტური ჩასახლების ობიექტიდან დევნილის გამოსახლება, კანონის თანახმად, დაუშვებელია.”

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, არსებობს შს მინისტრის 747 ბრძანება, რომლის თანახმადაც, პოლიციას არ აქვს უფლება კომპაქტური ჩასახლების ადგილიდან გამოასახლოს დევნილი, თუკი ეს დევნილი მას წარუდგენს დევნილის ბარათს, სადაც რეგისტრაციის ადგილად მითითებული იქნება ის მისამართი, საიდანაც მას გამოსახლებას უპირებენ, რადგან დევნილის მოწმობა წარმოადგენს ფართის მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ თუ დევნილები სამინისტროსთან ვერ შეთანხმდნენ, მაშინ სასამართლოს მიმართავენ, მაგრამ რადგან 15 აგვისტომდე, ანუ მანამდე, სანამ დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყება, მცირე დროა და სასამართლო განხილვა ვერ მოესწრება, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დევნილებს დაეხმარება სასამართლოში შეიტანონ განცხადება დროებითი განჩინების მოთხოვნით, რომლის თანახმადაც, პოლიციას აეკრძალება დავის გადაწყვეტამდე გამოსახლების პროცედურის დაწყება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG