Accessibility links

31 ივლისი, კვირა
დღეს კვირაა, ვისვენებ, მაგრამ მაინც 6 საათზე გამეღვიძა. წლებია, ზუსტად ერთსა და იმავე დროს ვიღვიძებ. პირველი, რასაც ვაკეთებ - „ბაღში“ ჩავდივარ. ბაღი ბრჭყალებში ჩავსვი, რადგან 16 კვადრატულ მეტრზე „გადაშლილ“ მოლს და ორ პატარა ტერასას, სადაც ყვავილები მაქვს დათესილი, სიმბოლურად თუ შეიძლება, ბაღი ეწოდოს. თუმცა, კიდევ კარგი, დიდი არ არის, თორემ ისე მომწონს აქ მუშაობა, დრო ძილისთვისაც არ დამრჩებოდა!

ყვავილებს ვრწყავდი და დღიურზე ვფიქრობდი. არასოდეს მიცდია, დღიური მეწარმოებინა და ცოტა წავინერვიულე კიდეც. თუმცა, ღელვამ მალევე გადამიარა.

ჩემი აზრით, საინტერესო მხოლოდ ცნობილი ადამიანების დღიურებია. ძალიან გამიკვირდა, მარინა რომ დამიკავშირდა „თავისუფლებიდან“ და დღიურის წარმოება მთხოვა. ჩემი დღიურით ვინ უნდა დაინტერესდეს? ალბათ მხოლოდ ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მედიკო დაინტერესდება, სამსახურზე ძალიან ცოტას ვლაპარაკობ სახლში, მედიკოსთვის კი - გამომდინარე მისი ცნობისმოყვარეობიდან - ეს ტანჯვის ტოლფასია.

მაგრამ ჯერ მაიას უნდა დავურეკო. მაია საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციაში და მასთან უნდა შევათანხმო. ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველაფერზე ლაპარაკი არ შეგვიძლია: არ გვაქვს უფლება, საჯარო გავხადოთ პირადი ხასიათის ინფორმაცია, ან ის, რასაც ჩვენი პროგრამების ბენეფიციარები გვანდობენ და გვიზიარებენ. მაგრამ ამასთანავე, ღიად ვსაუბრობთ იმაზე, რას ვსაქმიანობთ, როგორია ამა თუ იმ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმი და ა.შ. ეს საშუალებას გვაძლევს, შეუფერხებლად დავეხმაროთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

1 აგვისტო, ორშაბათი
მიკროეკონომიკური ინიციატივების პროექტების მოსანახულებლად ვიყავი ფოცხოში. ჯანელიმ მითხრა, რომ კახამ და მამუკამ პირობა შეასრულეს და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები პირნათლად შეასრულეს.

პირველ ეტაპზე მათი მუშაობით კმაყოფილები არ ვიყავით და ვფიქრობდით, პროექტის განხორციელება შეგვეწყვიტა. კახა და მამუკა ოფისში მოვიდნენ და პირობა დადეს, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, რაც შეუსრულებიათ კიდეც. ძალიან მიხარია! დანარჩენებმა პროექტების განხორციელება თავიდანვე კარგად დაიწყეს და დიდი იმედი გვაქვს, კარგადაც გააგრძელებენ. ჩვენი იდეაც ხომ ეს არის - ხალხს დავეხმაროთ გრძელვადიანი, სიცოცხლისუნარიანი პროექტების წამოწყებაში.

ტელეფონით ველაპარაკე ჩვენი დელეგაციის უფროსის მოადგილეს. ჩემი დღიურის შესახებაც მოვუყევი. ესიამოვნა, რომ რადიო თავისუფლება ჩემით დაინტერესდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იციან და აინტერესებთ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა.

დღეს კახა იყო ჩემთან დევნილთა და განსახლების სამინისტროდან. ერთმანეთი ჭუბერში გავიცანით, 2008 წლის აგვისტოში, როცა კოდორიდან დევნილები ზუგდიდში გადმოგვყავდა.

კახამ მომაწოდა ინფორმაცია სენაკში მცხოვრები, ნაღმზე აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანის შესახებ. უნდა გადავამოწმო, ჩვენს მონაცემთა ბაზაში თუ არის რეგისტრირებული. აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი მიკროეკონომიკური ინიციატივების პროექტს სთავაზობს, რაც, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, დაზარალებული ადამიანებისათვის მცირე ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად ან არსებული ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად გრანტების გაცემას გულისხმობს, რათა მათ გარე დახმარების გარეშე შეძლონ ცხოვრება. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ღირსების საკითხია და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ.

გრანტის მაქსიმუმი 1200 შვეიცარიული ფრანკის ექვივალენტია ლარებში. გრანტები გაიცემა როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ პროექტებზე. 2010-ში ამავე სახის გრანტებით დავეხმარეთ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლების გაჭირვებულ მოსახლეობას; წელს მათ რიცხვს დაემატა ფოცხოში თბილისიდან გადმოსახლებულ დევნილთა ოჯახებიც, რადგან ჩავთვალეთ, რომ ამ სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ნაშუადღევს ჩემი კოლეგა ქეთი და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ასოციაცია „მოლოდინის“ თავმჯდომარე, ბატონი ვლადიმერი ჩამოვიდნენ თბილისიდან. ხვალ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მორიგ ჯგუფთან ერთად, ხსოვნის საღამოს აწყობენ. ბატონ ვლადიმერს დიდი ხანია ვიცნობ. 92-ში, აფხაზეთში, შვილი დაეღუპა. შემდეგ „მოლოდინი“ ჩამოაყალიბა და ასე ცდილობს დაეხმაროს ომში დაღუპულთა თუ კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს.

ქეთი 2008 წლის კონფლიქტის დროს მოვიდა „წითელ ჯვარში“ სამუშაოდ. ასე გამოხატა ახალგაზრდა ექიმმა თავისი დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული ვითარებისადმი. აგვისტოს ბოლოს ქეთი ტოვებს წჯსკ-ს. ძალიან მწყდება გული, რომ მიდის, მაგრამ თან მიხარია, რომ სწავლის გაგრძელებას აპირებს ამერიკაში. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ქეთევან!

სახლში გვიანობამდე ვერ მივდივარ. სანდრო მირეკავს და ჩემი დაბრუნების დროს აზუსტებს: „ტომ სოიერის“ ორი გვერდი წაუკითხავს და ერთი სული აქვს, როდის მნახავს, რათა დამიმტკიცოს, რომ ნამდვილად წაიკითხა. არ მომწონს მისი კომპიუტერით გატაცება და ვცდილობ, წიგნის კითხვა შევაყვარო. ჯერჯერობით მიჯერებს. ვნახოთ, მერე რა იქნება...

2 აგვისტო, სამშაბათი
დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ერთ-ერთი ცენტრი უნდა მოვინახულო აქვე, ზუგდიდში. ცენტრის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რაც სახურავის სრულ აღდგენას და თითქმის დაშლილი ფანჯრების მეტალოპლასტმასის ფანჯრებით შეცვლას გულისხმობს, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დაფინანსებით მოხდა. გუშინ იგორს ველაპარაკე და სამუშაოები, წესით, დამთავრებული უნდა იყოს.

დღეს ილიაობაა, ილია ხაზარაძეს უნდა მივულოცო. ილიას არასოდეს ავიწყდება დღესასწაულები და მეგობრებს ძალიან ლამაზ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გვიგზავნის ხოლმე. მე კი, ცოდვა გამხელილი ჯობია და ამ შეტყობინებებს, ადრესატის სახელის შეცვლის შემდეგ ჩემი სახელით მეგობრებს ვუგზავნი. რა ვქნა, ვერ ვიტან მობილურზე ტექსტის აკრეფას. რამდენიმეჯერ ჩვენს საერთო მეგობრებსაც გავუგზავნე ეს ტექსტები, რის გამოც კარგადაც დამცინეს.

ხსოვნის საღამო დამთავრდა. მე ვერ დავესწარი, ქეთი და ბატონი ვლადიმერი კმაყოფილები არიან. კმაყოფილია ევაც, რომელიც ამ შეხვედრაზე დასასწრებად დღეს ჩამოვიდა.

მოგვიანებით მე, ქეთიმ და ევამ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს - აღსანიშნავი პოსტერის პროექტზეც წავიმუშავეთ.

ეკა მირეკავს, 12 აგვისტოს სოლფერინოს ბრძოლის 152-ე წლისთავია. ამ ბრძოლის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა ნახვამ ჩაუსახა ბრძოლის ველზე დაჭრილთა მიუკერძოებლად დახმარების იდეა შვეიცარიელ ბიზნესმენს ანრი დიუნანს, რაც 1863 წელს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის შექმნით დაგვირგვინდა.

სოლფერინოს ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, ეკა ბათუმელი ჟურნალისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მრგვალი მაგიდის ჩატარებას გეგმავს.

ლანეტას დაბადების დღეა, უნდა დავურეკო და მივულოცო. წინდახედული გოგოა: გუშინ შვებულებაში გავიდა და დღეს ოფისში ტორტის მოტანა (რაც ჩვენთან ტრადიციად იქცა) მოხერხებულად აიცილა თავიდან!

დევნილთა კოლექტიურ ცენტრში სამუშაოები დასრულებულია, სახურავი მთლიანად გამოცვლილია, საცხოვრებელი ოთახების ფანჯრებიც - შეცვლილი. არც წვიმა ჩამოვა და არც ქარი დაუბერავს ოთახებში. საშხაპისა და საპირფარეშოს მოწესრიგებას ვერ ვაგვარებთ, ბიუჯეტი არ გვყოფნის. სანამ სახელმწიფო შეძლებს დახმარების გაწევას, ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს გადაუდებელი საცხოვრებელი პრობლემები მაინც გადავუჭრათ.

3 აგვისტო, ოთხშაბათი
ბათუმში ვარ, წვიმს. საქართველოს „წითელი ჯვრის“ ეროვნული საზოგადოების ადგილობრივ ფილიალში ქალბატონ ნანას შევხვდი. ადგილობრივი მოხალისეებისთვის, რომლებიც გრანტების პროგრამის განხორციელებაში გვეხმარებიან, გადავეცი ტრანსპორტისა და კომუნიკაციის ხარჯების დასაფარი თანხა.

საქართველოს „წითელი ჯვრის“ ეროვნული საზოგადოებაც ემზადება სოლფერინოს ბრძოლის წლისთავის აღსანიშნავად, სამდღიანი პროგრამა აქვთ. მე 10 აგვისტოს, ალბათ, ხელვაჩაურში ჩავალ მარტოხელა მოხუცთა სოციალური კლუბის გახსნაზე.

ბათუმისკენ მიმავალმა, ფოთში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს დედის წერილი ჩავუტანე. უკანა გზაზე მახინჯაურში გამოვიარე. აქ პირიქითაა: მოხუცი რუსი „ბაბულია“ „წითელი ჯვრის“ ბარათების საშუალებით უკავშირდება ხოლმე აფხაზეთში მცხოვრებ თავის ქალიშვილს. თვითონ ხშირად სახლში არ არის, მზესუმზირით ვაჭრობს სადგურთან, ამიტომ „ცელოფანის“ პარკში გახვეულ ბარათს სარეცხის თოკზე ჰკიდებს ხოლმე. ზოგჯერ მადლიერების ნიშნად ბარათის გვერდით ლანეტასთვისაც ჩამოკიდებს საჩუქარს, ლანეტაც ამითვე პასუხობს და არიან ასე შეხმატკბილებულად.

4 აგვისტო, ხუთშაბათი
ინსკე, ჩვენი სოხუმის ოფისის ხელმძღვანელი, ჩამოვიდა სოხუმიდან. ძალიან ბედნიერია - ორკვირიანი შვებულება აქვს და სამშობლოში, ბელგიაში, მიემგზავრება.

მე კი ფოთში მივდივარ, დევნილთა ახალ დასახლებაში. გზაში საშინლად გაწვიმდა, მაგრამ ფოთში ჩასვლისთანავე გადაიღო.

დასახლება გზიდანვე ჩანს, კორპუსები ლამაზ ფერებადაა შეღებილი.
ძალიან შთამბეჭდავი სამუშაოებია ჩატარებული სახელმწიფოს მიერ. 37 ოთხ- და ხუთსართულიანი კორპუსია აშენებული, ორიც ახლა შენდება.

ამდენი გახარებული ადამიანი პირველად ვნახე ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო სტაჟის განმავლობაში!

საკურორტოდ ჩაცმული ახალგაზრდები ახალასფალტდაგებულ ქუჩებში სეირნობენ და ტრაქტორებსა და ბულდოზერებს მოხერხებულად უვლიან გვერდს. ჩემი აზრით, ჯობდა ჯერ სამუშაოები სრულად დამთავრებულიყო და მოსახლეობა შემდეგ გადმოეყვანათ. მუშებსაც ხელი ეშლებათ და არა მგონია, ახალმოსახლეებიც კომფორტულად გრძნობდნენ თავს, თუმცა ის პირობები მახსენდება, რომლებშიც ცხოვრობდნენ და თავს ვაჯერებ, რომ ასე ჯობია.

ბინებშიც შევედი, შედარება არ არის იმ საცხოვრებელ პირობებთან, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ჩემი ნაცნობი დევნილებიც ვნახე ზუგდიდის კოლექტიური ცენტრიდან. უწინ ერთ ოთახში ცხოვრობდა ხუთი სული, ახლა კი ერთი ერთოთახიანი და ერთი ოროთახიანი ბინა მიუღიათ ფოთში. ვერც გადმოვცემ, როგორ მიხარია მათი ამ მდგომარეობაში ნახვა!

სხვა დევნილებსაც გამოველაპარაკე. ყველა კმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ გამოიკვეთა ერთი დიდი და საერთო პრობლემაც: დასაქმების მწირი შესაძლებლობა.

საღამოს ჩემმა ანიმ ნამცხვარი გამომიცხო. იცის, როგორ მიყვარს და ორი გამოუცხვია. მშვენიერი გამოსვლია. კულინარიაში - ხუთიანი მამიკოსგან! იმედია, სწავლაშიც ასე იყოჩაღებს და კარგი ექიმი დადგება.

5 აგვისტო, პარასკევი
დილიდან ოფისის საქმეებით ვარ დაკავებული, თაიმურს ვურეკავ გორში, ვერ ვუკავშირდები.

გიას მომავალი წლის ბიუჯეტზე და გეგმებზე ველაპარაკე. ჩვენი გეგმა უკვე გავგზავნეთ თბილისში, საიდანაც, დელეგაციის გეგმაში ინტეგრირების შემდეგ, ის ჟენევაში გაიგზავნება განსახილველად.

ჯილს ველაპარაკე ტელეფონით. კვირის დასაწყისში დაბრუნდა თბილისში ლუქსემბურგიდან. მიხარია, რომ თავს კარგად გრძნობს. ჯილი ფსიქოლოგია და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამას ხელმძღვანელობს რეგიონში. ის პირველი ლუქსემბურგელია, ვისთანაც ურთიერთობა მქონია. თუ ლუქსემბურგელებზე ჯილის მიხედვით ვიმსჯელებთ, ძალიან თბილი, კეთილი და ყურადღებიანი ხალხი ყოფილა.

ვილაპარაკეთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეზე, რომელიც 30 აგვისტოს აღინიშნება. ჩვენი ორგანიზაცია, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდშიც.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების პრობლემების წამოწევა და ამ ოჯახებისთვის დახმარების გასაწევად სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება არიანის დიდი დამსახურებაა. არიანი უწინ ჟენევაში მუშაობდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილედ, ამჟამად „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელია საქართველოში. არიანს მომავალ შაბათს შევხვდები - ბათუმში ჩამოდის საქართველოს „წითელი ჯვრის“ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრაზე მყოფს, ირინამ დამირეკა და რაღაც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დავეხმარე.

სამუშაო კვირაც დამთავრდა, სიმამრის სახლში გავიარე. ნანაა შვილებით და შვილიშვილებით ჩამოსული. სანდროც, რა თქმა უნდა, იქ არის. იქაურობა საბავშვო ბაღს ჰგავს. მალე მარინაც ჩამოვა და საბავშვო ბაღი აღმზრდელებითა და აღსაზრდელებით ქობულეთში გადაბარგდება.

საღამოს, სახლში, ჩემს კატას სურათი გადავუღე. ფეისბუკზე უნდა დავდო, თორემ ნათია ომს გამომიცხადებს. რომ მაჩუქა, სულ ერთი თვის კნუტი იყო და აინტერესებს, როგორი „ვაჟკაცი“ დადგა.

6 აგვისტო, შაბათი
დილით ცოტა წავიმუშავე ჩემს ეზოში და ოფისში წამოვედი. დღიურს უნდა გადავხედო, გერონტისთან 3 საათზე ვართ შეთანხმებული ჩაწერაზე.

ოფისში, მიუხედავად იმისა, რომ შაბათია და არ ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის, გია დამხვდა, ჩვენი ადმინისტრატორი. მოკლე საუბრის შემდეგ დღიურს დავუბრუნდი. ძალიან მშრალი მეჩვენა, მაგრამ რაც არის, ის არის. ვერ გამოვა ჩემგან მემუარისტი...

ოთხმოცდაათიან წლებში იყო ძალიან პოპულარული ტელეგადაცემა Поле чудес, რომლის მონაწილეები სარგებლობდნენ შემთხვევით და მეგობრებს და ახლობლებს მოიკითხავდნენ ხოლმე. ჰოდა, ახლა მეც ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა ჩემს მეგობარს და ახლობელს მოვიკითხავ: ყველანი მიყვარხართ და დიდი მადლობა, რომ მეც გიყვარვართ!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG