Accessibility links

logo-print

აშშ-ის საფინანსო ბირჟებზე მოგება აღირიცხა


აშშ-ის საფინანსო ბირჟებზე დღეს მოგებით დაიწყო ვაჭრობა. აშშ-ის აქციების კურსის წამყვანმა მაჩვენებელმა, დაუ ჯონსის ინდექსმა 1,2 პროცენტით მოიმატა ბირჟებზე გუშინდელი, მძიმე დღის შემდეგ. ორშაბათი იყო პირველი სამუშაო დღე საფონდო ბირჟებზე მას შემდეგ, რაც სარეიტინგო კომპანია „სტანდარდ ენდ პურსმა“ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი ჩამოაქვეითა: უმაღლესი მაჩვენებლის, AAA-ს (სამმაგი A-ს) მაგივრად, შეერთებულ შტატებს მიანიჭა AA+. ამ ნაბიჯმა, ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის იტალიასა და ესპანეთზე გავრცელების საფრთხესთან ერთად, გამოიწვია შეშფოთება, რომ მსოფლიოს შესაძლოა, მორიგი რეცესია ემუქრებოდეს. ევროპის საფინანსო ბირჟებზე დღესაც გაგრძელდა დაღმასვლა მიუხედავად მსოფლიოს ლიდერების, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალისხმევისა, დაამშვიდონ ინვესტორები. პრეზიდენტმა ობამამ ორშაბათს სცადა ინვესტორთა ნდობის აღდგენა: „იმის გამო, რომ მთელი თვე იყო სახელმწიფო ვალის დაშვებული ზღვარის გაზრდაზე კამათის მოწმე, "სტანდარდ ენდ პურსმა" ეჭვი შეიტანა ჩვენი პოლიტიკური სისტემის მოქმედების უნარში. მეორე მხრივ, ბაზრებს კვლავაც სჯერათ, რომ ჩვენი საკრედიტო სტატუსი სამმაგი A არის. მართლაც, უორენ ბაფეტმა, რომელიც ცუდად ნამდვილად არ ერკვევა ინვესტიციებში, განაცხადა „ოთხმაგი A-ს შეფასება რომ არსებობდეს, შეერთებულ შტატებს მივანიჭებდიო“. ასე ვფიქრობთ მე და მსოფლიოში ინვესტორთა უმრავლესობაც“, - განაცხადა ობამამ. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ჟან-კლოდ ტრიშეს განცხადებით, ცენტრალური ბანკი განაგრძობს სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვას და ევროზონის მთავრობებს მოუწოდებს, „შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები“ დეფიციტის შესამცირებლად და ფინანსური სტაბილიზაციის მისაღწევად. ორშაბათს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მილიონობით ევრო გაიღო იტალიისა და ესპანეთის ობლიგაციების შესაძენად.
XS
SM
MD
LG