Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობა ლონდონში


ძალადობა ლონდონის ქუჩებში
ძალადობა ლონდონის ქუჩებში
უკვე რამდენიმე დღეა ლონდონში მძვინვარებს ძალადობის და მაროდიორობის ტალღა, რომელიც უკვე ბრიტანეთის სამ სხვა ქალაქსაც მოედო. ქვეყანას ასეთი სიმწვავის არეულობა ადრეული 1980-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ლონდონში სასწრაფო შეხვედრებს მართავს იმ ფონზე, როცა დედაქალაქში უკვე სამი ღამეა გრძელდება არეულობა, მაროდიორობა და განზრახ ხანძრების გაჩენა. დაზარალებულია ქალაქის ბევრი უბანი. არეულობას უკვე მსხვერპლიც მოჰყვა - როგორც იუწყებიან, 29 წლის კაცი მანქანაში მოკლული იპოვეს.

9 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში კამერონი მკაცრი იყო: „საქმე კრიმინალთან გვაქვს - მორჩა და გათავდა. მას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს და დამარცხებულ იქნეს.“

არეულობა, რომელსაც ნიღბებით და კაპიუშონებით სახედაფარული ახალგაზრდების ჯგუფები აწყობენ, ლონდონის გარდა კიდევ სამ ქალაქს - ბირმინგემს, ლივერპულს და ბრისტოლს მოედო. საერთო შთაბეჭდილებით, არეულობას ერთი გამაერთიანებელი მიზეზი არ აქვს, თუმცა ძალადობაში ჩართული ზოგიერთი პირი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ საჯარო სფეროში გაწეული ხარჯების შეკვეცას აპროტესტებს.

ბევრი გამოთქვამს შიშს, რომ პოლიცია ვერ ახერხებს ვითარების დაშოშმინებას და წესრიგის აღდგენას.

ორშაბათ ღამით დედაქალაქის ქუჩებში 6,000-ზე მეტი პოლიციელი იყო გასული. კამერონის თქმით, სამშაბათს პოლიციელთა რაოდენობა 16,000-ს მიაღწევს, ანუ თითქმის გასამმაგდება. ასევე მიღებულია იშვიათი გადაწყვეტილება ყველაზე მეტად დაზარალებული უბნების ნაწილში დაჯავშნული მანქანების ჩაყენების თაობაზე. ამასთან, პოლიცია აცხადებს, რომ მაროდიორების წინააღმდეგ შესაძლოა რეზინის ტყვიებიც გამოიყენოს.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პოლიციას ყოველივე ამასთან გასამკლავებლად საკმარისი რესურსი ჰქონდეს...
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ბოლო დღეებში პოლიციამ ლონდონში 450-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა.

თუმცა ეჭვები, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს არეულობის მასშტაბთან გამკლავებას, რჩება. ორშაბათ ღამით მაროდიორებს, ფაქტობრივად, ხელი არავინ შეუშალა მაღაზიების გაძარცვაში. იყო კერძო ბინებში შესვლის მცდელობებიც. მაროდიორობის შიშით მთელი ლონდონის მასშტაბით რესტორნები და მაღაზიები ორშაბათს ადრე დაკეტეს.

ლონდონის მცხოვრებთა ნაწილი პოლიციისგან უფრო გადამჭრელი ზომების გატარებას მოითხოვს - მაგალითად, ღამით პატრულირებას და წყლის ჭავლის გამოყენებას. არის დედაქალაქის ქუჩებში სამხედროების ჩაყენების მოთხოვნებიც.

შინაგან საქმეთა მინისტრს, ტერეზა მეის ბევრი აკრიტიკებს მისი გეგმის გამო, რომელიც პოლიციელების ხელფასების შეკვეცას და ლონდონის ქუჩებში პოლიციელთა რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებდა. შარშან მეი აცხადებდა, საპოლიციო ძალის შემცირებას ქუჩებში ძალადობის მომატება არ მოჰყვებაო.
„სკაი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა თავისი პოზიციის დაცვა სცადა: „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პოლიციას ყოველივე ამასთან გასამკლავებლად საკმარისი რესურსი ჰქონდეს. სწორედ ამის შესახებ მექნება მათთან საუბარი - მათ ყველაფერი უნდა ჰქონდეთ იმ საქმისათვის, რომელიც უნდა შეასრულონ, რომელსაც ასრულებენ და რომლის შესრულებასაც მათგან ხალხი ითხოვს“, - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც ჩანს, მინისტრი გამორიცხავს ქუჩებში ჯარის ჩაყენების შესაძლებლობას: „ასეთი მასშტაბის არეულობა ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი წელია არ გვინახავს. მე მკაფიოდ მაქვს ნათქვამი, რომ ბრიტანეთში საპოლიციო ზომების გატარება - ამ ქვეყანაში პოლიციის ქმედებები - თანხმობას ემყარება. ლონდონის და სხვა ქალაქების - მაგალითად, ბირმინგემის და ლივერპულის - ქუჩებში პოლიცია თანხმობით მოქმედებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობს.“

ლონდონის რეგიონის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიმ გოდვინმა, მოსახლეობას პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა, მშობლებს კი სთხოვა ბავშვები ღამით ქუჩაში არ გაუშვან: „უნდა გაცნობოთ, - როგორც მედიაც გადმოსცემს, - რომ ლონდონის მასშტაბით რამდენიმე ადგილას მნიშვნელოვანი არეულობაა. ამის გამო ბევრ პოლიციელს უწევს მოვალეობის შესრულება. მშობლებს მოვუწოდებ, დაიწყონ თავიანთ შვილებთან დაკავშირება და იმის გარკვევა, თუ სად იმყოფებიან ისინი.“

ძალადობამ პირველად შაბათ ღამით ამოხეთქა, ჩრდილოეთ ლონდონში, ღარიბ, ეთნიკურად შერეულ ტოტენგემის რაიონში. მოსახლეობის აღშფოთება პოლიციასთან სროლაში 29 წლის მარკ დაგანის სიკვდილს მოჰყვა. ოთხი შვილის მამა ხუთშაბათს კამათის საგნად ქცეულ ვითარებაში მოკლეს.

არეულობის გავრცელების პარალელურად, ისმის მოსაზრებები, რომ მას საფუძვლად ბრიტანეთში მზარდი სოციალური დაძაბულობა უდევს. მთავრობამ 2015 წლამდე საბიუჯეტო ხარჯები 130 მილიარდი დოლარით შეამცირა, მნიშვნელოვანი დეფიციტის შევსების მიზნით. ეს დეფიციტი მაშინ გაიზარდა, როცა ქვეყანამ კერძო ბანკების გადასარჩენად მილიარდები გაიღო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG