Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 10 აგვისტო, 2011


”რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ დევნილთა გამოსახლების პროცესი და მისაღებია თუ არა ის ფორმები, რა ფორმებითაც ისინი 2011 წლის ზამთარში ბაგების საერთო საცხოვრებლიდან გამოასახლეს?” - ამ კითხვებს ”რეზონანსი” უსვამს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ცნობილ პირებს. გთავაზობთ ნაწყვეტებს პასუხებიდან: ლევან ყუბანეიშვილი - ”ამ ადამიანებს ნორმალური საცხოვრებელი და სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეთ. სად იქნება ეს - თბილისში თუ თბილისს გარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს”; ანრი ჯოხაძე - ”ნებისმიერი ძალადობა ძალიან ცუდია და, რა თქმა უნდა, ის ფორმები, რა ფორმებითაც დევნილები იანვარში ბაგებიდან გამოიყვანეს, მიუღებელია”; გია ბუღაძე - ”კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ადამიანების ქუჩაში გამოყრას, რომლებმაც ერთხელ უკვე გადაიტანეს ამხელა ტრაგედია. თუ სთავაზობენ მიზერულ თანხას და ფართებს, რომელიც ჯერ არაა დასრულებული, ეს ძალიან ცუდი და სამწუხაროა”; ბუბა კიკაბიძე - ”ალბათ, გინდათ, რომ ცუდი რამე ვთქვა. ჩემი აზრი ისაა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ნორმალური საცხოვრებელი ადგილი და მგონია, რომ ხელისუფლება იმაზე ბევრად უკეთეს პირობებს სთავაზობს მათ, ვიდრე დღეს ცხოვრობენ”; შოთა მალაშხია - ”იძლევა თუ არა ხელისუფლების შეთავაზებული წინადადებები ნორმალური ცხოვრების საშუალებას, არ ვიცი. უფრო ზუსტი ინფორმაცია უნდა მქონდეს, ამაზე რომ გიპასუხოთ.”

”სააკაშვილს ვკითხავდი, მკვდარ წერტილზე მყოფ ორი ქვეყნის ურთიერთობას, რომელიც მედვედევთან ინტერვიუს დროს გავაცოცხლეთ, როგორ განავრცობს?” – ამბობს ”რაშა თუდეის” ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში. გაზეთის დღევანდელ ნომერში აგვისტოს ომის წლისთავს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ინტერვიუში ამბობს: ”რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოდან თავისი ჯარის გაყვანა”. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან ინტერვიუში კი წაიკითხავთ: ”მე ვიტყოდი, რომ რუსეთმა და სეპარატისტებმა მხოლოდ მანამდე მისაკუთრებული ქართული ტერიტორიების ”გაფორმება” მოახერხეს. სხვა მიზანი კი ვერ შეასრულეს”. ინტერვიუს ბოლოს წერეთელს ”სოროკა.ნეტ”-ით გასულ კვირაში გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებზეც ეკითხება ჟურნალისტი. გიგი წერეთლის პასუხი: ”სასაცილოა ერთი რამ: როდესაც შესაბამისი სამსახურები ფარულ ჩანაწერებს ოფიციალურად ავრცელებენ, ყველა ამბობს, რომ ეს ფაბრიკაცია და მონტაჟია, მაგრამ როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ჩანაწერები ვრცელდება, მაშინ ეს ისეთ სიმართლედ საღდება, რომელსაც წყალი არ გაუვა. რა გაეწყობა, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების წყალობით მოსმენა, როგორ ჩანს, შესაძლებელი ხდება. ნამდვილად საჭიროა კონტრზომების მიღება. ასეთი მაღალი თანამდებობის პირების საუბარი დაცული უნდა იყოს.”

”ახალი თაობა” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”რუსეთს სურს საქართველოზე ჰქონდეს სრული გავლენა და შეაჩეროს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება. ეს ეხება ენერგეტიკასაც და სხვა საკითხებსაც. ანუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს და მათი მიზანი ყოველთვის იყო მთლიანად საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ლუკმა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო წარმატებული რეფორმების გამტარებელი ქვეყნის მაგალითია.”

”რკინიგზა კონფლიქტის დაძლევის მექანიზმი აღარ არის” - ასე ასათაურებს ”24 საათის” ავტორი სტატიას, რომლითაც ”კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ ანგარიშს ეხმაურება. მისი ავტორები ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებათა ერთ-ერთ შესაძლო საგნად სწორედ აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო ხაზის აღდგენას თვლიან. ”24 საათისთვის” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძეს განუმარტავს, რომ ასეთი შეთავაზება მართლაც იყო 2008 წლის ომამდე, ომის შემდეგ კი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკიც ზედმეტია: ”რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლებელიაო”, - უთქვამს სერგი კაპანაძეს ”24 საათისთვის”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG