Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კონკურსი სახელმძღვანელოების გრიფირებაზე


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებაზე ახალ კონკურსს აცხადებს. გრიფირების მიზანია სახელმძღვანელო ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამებოდეს და მისი ფასი 10 ლარზე მეტი არ იყოს. კონკურსი ცხადდება საბაზო და საშუალო საფეხურების ყველა საგნისთვის და დაწყებითი საფეხურის რამდენიმე სახელმძღვანელოზე, სულ - 40 ერთეულზე.

გრიფირებული სახელმძღვანელოების მოქმედების ვადა 5 წლით განისაზღვრება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. პირველი კონკურსის შემდეგ, რომელიც მარტში გაიმართა გრიფის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამომცემლობებს გარკვეული გამოცდილება დაუგროვდათ, რის საფუძველზეც ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ყველა სახელმძღვანელო, რომელიც კონკურსზე იქნება წარმოდგენილი, უნდა პასუხობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და იმ საგნობრივ პროგრამას...

განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის, ნათია ჯოხაძის მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით, კონკურსში მხოლოდ იმ სახელმძღვანელოებს მიენიჭებათ სახელმწიფო გრიფი, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაფერისი იქნება:

”ყველა სახელმძღვანელო, რომელიც კონკურსზე იქნება წარმოდგენილი, უნდა პასუხობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და იმ საგნობრივ პროგრამას, რომელიც დამუშავებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა. თუ სახელმძღვანელო ამ პირობას არ აკმაყოფილებს, ის გამოეთიშება კონკურსს.”

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დაწყებითი საფეხურის, ანუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა სახელმძღვანელო. კონკურსი ამ კლასების სახელმძღვანელოების გრიფირებაზე მარტში ჩატარდა და მასში გამომცემლობებთან ერთად პირველად მონაწილეობდნენ კერძო პირებიც. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის აკაკი სეფერთელაძის განცხადებით, კონკურსი გამჭვირვალედ წარიმართა:

”წინა პროცესმა ჩაიარა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საზოგადოებას ვაწვდიდით ინფორმაციას, რა პროცესი მიმდინარეობდა. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება და ეს კონკურსიც ყველასთვის გამჭვირვალე იქნება.”

კონკურსის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი შეკითხვა დაუგროვდა გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორს, თამარ ლებანიძეს. მიუხედავად იმისა,რომ მარტში შემდგარ კონკურსში წარდგენილი 20 სახელმძღვანელოდან „დიოგენეს“სახელმძღვანელოების მხოლოდ 2-მა კომპლექტმა მიიღო გრიფი, „დიოგენე“ ამ ახალ კონკურსშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. თამარ ლებანიძის თქმით, მათი გამომცემლობის მიერ პირველ კონკურში მიღებული შედეგი ცუდია, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ, მისი შეფასებით, სისტემა, უბრალოდ, ჩაიკეტა. სახელმძღვანელოების შემფასებელ ექსპერტთა ვინაობა ანონიმური იყო. ამასთან, მათ სახელმძღვანელოების შედარების საშუალება არ ჰქონდათ:
თამარ ლებანიძე

”აბსოლუტურად განცდა მაქვს, რომ სისტემა ჩაიკეტა და ის პროცესი, რომელიც წინა წლებში ხდებოდა, ანუ დიალოგის მომენტი სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის, ეს დიალოგი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და არ ხდება ამ პროცესის თანამონაწილეების ინტერესების გათვალისწინება, რომ ხარისხი რეალურად გაუმჯობესდეს.”

თამარ ლებანიძე იმასაც ამბობს, რომ პრობლემურია განათლების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც სამინისტრო სახელმძღვანელოს საავტორო უფლების თანამესაკუთრე ხდება გამომცემლობასთან ერთად და მას შეუძლია, საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მესამე პირს გადასცეს წიგნის ბეჭდვის უფლება. ხელშეკრულებაში ჩადებული ეს ბუნდოვანი პუნქტი თავდაპირველ გამომცემელს პრობლემას შეუქმნის როგორც ფინანსური, ისე რეპუტაციის თვალსაზრისით.

2009 წელს სახელმძღვანელოების ბაზარი გათავისუფლდა და ნებისმიერ წიგნს, რომელიც კი სახელმძღვანელოს ჰგავდა, გრიფი ენიჭებოდა. სკოლის პედაგოგი საკუთარი სურვილისამებრ ირჩევდა სახელმძღვანელოს. ლაშა ბერაია, გამომცემლობა ”ლოგოს პრესის” დირექტორი, საზოგადოდ ღია ბაზრის მომხრეა, მაგრამ ვინაიდან დღეს სკოლა და პედაგოგები, მისი აზრით, მზად არ არიან სახელმძღვანელოს ასარჩევად, ამ ეტაპზე მხარს უჭერს კონკურსის წესით სახელმძღვანელოების შერჩევას და გრიფირებას. ”ლოგოს პრესის” მიერ წარდგენილი სახელმძღვანელო ”ჩვენი საქართველო”, რომელიც მე-5 და მე-6 კლასებში ისწავლება, უალტერნატივო აღმოჩნდა.
იყო უარყოფითი მომენტიც. სამწუხაროდ, ზოგიერთი გამომცემლობა გამოეთიშა ამ პროცესს, მაგრამ, მე ვფიქრობ, სახელმწიფო სწორი მიმართულებით მიდის...

”ცხადია, ეს კონკურსის წესით გრიფირება შეიცავს უარყოფით და დადებით მხარეებსაც, ისევე როგორც საბაზრო სტილი, როცა ყველაფერი თავისუფალია. მე მომხრე ვარ თავისუფალი ბაზრის, მაგრამ ამისათვის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, პედაგოგები, მოსწავლეები მზად უნდა იყვნენ ხარისხიანი პროდუქტის შესარჩევად, რისთვისაც დღეს სკოლა მზად არ არის. ამიტომ ეს უფრო სწორი პოლიტიკაა, როდესაც კონკურსები ტარდება, მაგრამ კონკურსებს თან ახლავს თავისი უარყოფითი ნიუანსები.”

კონკურსით არც გამომცემლობა „ინტელექტია“ უკმაყოფილო. მისი დირექტორი, კახა კუდავა, ამბობს, რომ გრიფირებაზე მხოლოდ სახელმძღვანელოების 2 სერია წარადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა სახელმძღვანელოებიც ჰქონდათ მზად. ორივე სერიას გრიფი მიენიჭა. ამასთან, კახა კუდავა ამბობს, რომ გამომცემლობას შემოსავალი არ შეუმცირდება იმის გამო, რომ მხოლოდ 2 საგანში მიიღეს გრიფი:

”თუ ბაზარზე ერთი საგნის 7 გამომცემლობა იყო, ახლა არის 3 გამომცემლობა. ამიტომ ტირაჟმა მოიმატა და ეს, გარკვეულწილად, დადებითი მომენტიც იყო. იყო უარყოფითი მომენტიც. სამწუხაროდ, ზოგიერთი გამომცემლობა გამოეთიშა ამ პროცესს, მაგრამ, მე ვფიქრობ, სახელმწიფო სწორი მიმართულებით მიდის.”

ექსპერტი განათლების საკითხებში, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრო ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს სახელმძღვანელოს, როგორც განათლების მიღების რესურსს, რაც, მისი აზრით, ძველი მიდგომაა. სახელმწიფო ხელოვნურად ამცირებს ბაზარზე წიგნებს, რაც იმას გამოიწვევს, რომ ინოვაციები და სიახლეები ვერ დაინერგება. ამასთან, სიმონ ჯანაშიას აზრით, სამინისტრო პედაგოგს არ ანდობს არჩევანს და თავად ხელოვნურად უმცირებს ასარჩევი სახელმძღვანელოების რაოდენობას:
სიმონ ჯანაშია

”კონცეპტუალური პრობლემა არის ის, რომ არის მიმწოდებელი და არის მომხმარებელი. მიმწოდებელი არის გამომცემლობა, მომხმარებელი კი არის მასწავლებელი და მოსწავლე და სახელმწიფო ცდილობს ჩაერიოს მათ ურთიერთობაში და დაარეგულიროს და გადაწყვიტოს, რომელი სახელმძღვანელო იქნება უკეთესი მისთვის, რომ რაღაც შედეგს მიაღწიოს.”

გრიფმინიჭებული ახალი სახელმძღვანელოები 2012 სასწავლო წლიდან შევა სკოლებში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG