Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები ქართული მართლმსაჯულების იმედად


სასტუმრო "აფხაზეთი"
სასტუმრო "აფხაზეთი"
სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრებმა დევნილებმა შენობაში დარჩენისა და გამოსახლების პროცესის შეჩერების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. სასტუმროში მცხოვრებ დევნილთა უფლებების დაცვას ცდილობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“, რომლის წევრებმა დევნილების სახელით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და საქმის განხილვამდე გამოსახლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს. რატომ მიიჩნევენ ახალგაზრდა იურისტები დევნილების „აფხაზეთიდან“ გამოსახლებას კანონის დარღვევად და რატომ მოქმედებს საქართველოს მთავრობა დევნილების სურვილის საწინააღმდეგოდ?
სამინისტრომ შემოგვთავაზა სრულიად კაბალური და მიუღებელი პირობები. ერთი ადამიანი არ მეგულება „აფხაზეთში“, რომელიც ამ პირობებს დათანხმდება და ამიტომ ვაცხადებთ პროტესტს!..

სასტუმრო „აფხაზეთში“, რომელიც ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში მდებარეობს, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 270 ოჯახი 1990 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეასახლეს. 21 წლის შემდეგ დევნილები აცხადებენ, რომ შენობიდან გამოძევების შემთხვევაში მეორედ იქცევიან დევნილებად:

„ფსიქოლოგიური სტრესია... ზოგი ბავშვი ეუბნება დედას, ახლა ვხვდები რა გადაიტანეთ, ცხინვალიდან რომ გამოგდევნესო. გეფიცებით, ცხინვალის დატოვება ისე არ განმიცდია, როგორც ახლა განვიცდი!“

„აფხაზეთში“ მცხოვრებ დევნილებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინდივიდუალური შეტყობინებები გამოსახლების დაწყების თაობაზე 5 აგვისტოს გაუგზავნა, შენობის დატოვების უკიდურეს ვადად კი ათი დღე განუსაზღვრა. არჩევანწართმეულ დევნილებს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კომპენსაციის სახით სთავაზობს ოჯახზე 10 000 დოლარს ანდა რუსთავში საცხოვრებელ ფართს, რომლის კეთილმოწყობაც, სავარაუდოდ, სამ თვეში დასრულდება. საპროტესტო აქციაში მონაწილე დევნილები აცხადებენ, რომ სამინისტროს შეთავაზებით გაწბილებულნი არიან.

დევნილი ქალი: „სამინისტრომ შემოგვთავაზა სრულიად კაბალური და მიუღებელი პირობები. ერთი ადამიანი არ მეგულება „აფხაზეთში“, რომელიც ამ პირობებს დათანხმდება და ამიტომ ვაცხადებთ პროტესტს!“

უკანასკნელი წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ დევნილების ამგვარი პროტესტი, როგორც წესი, არაფერს ცვლის - პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები დევნილების გამოსახლებითა და შენობების გაწმენდით სრულდება. თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილების შემთხვევა გამორჩეულია, რადგანაც სასტუმრო „აფხაზეთს“, კანონის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი აქვს.
თამარ ჩუგოშვილი

„ასოციაცია ითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აეკრძალოს დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე სასტუმრო "აფხაზეთის" შენობიდან დევნილების გამოსახლება. მოვუწოდებთ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაიცვას დევნილთა ინტერესები და არ გასცეს თანხმობა მათი გამოსახლების თაობაზე იმ დრომდე, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. მსგავს შემთხვევაში "იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი" საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას“, - უთხრა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებას.

და მართლაც, „იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონის“ მეხუთე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს დევნილის უფლებებსა და მათ უზრუნველყოფას დროებით საცხოვრებელ ადგილზე, ვკითხულობთ:

„საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება;

ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები.“


იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ კანონის მოთხოვნებს ითვალისწინებენ და, შესაბამისად, გამოსახლების შემდეგ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებიც არ გაუარესდება, თუმცა სამინისტროს დაპირებებისა არ სჯერათ დევნილებს, რომლებმაც სულ ახლახან შეიტყვეს, რომ შენობა, რომელშიც 21 წელია ცხოვრობენ, 26 ივლისს „ვისოლ-ჯგუფში“ შემავალმა კომპანია ველაჯიომ შეიძინა. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ დევნილების გამოსახლებას თბილისის ცენტრში მდებარე შენობებიდან აქვს როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური ინტერესი:
კახა კუკავა

„ატყობთ, რომ დევნილებს ძირითადად ასახლებენ დედაქალაქის ცენტრში მდებარე შენობებიდან, ანუ იქიდან, სადაც მიდის კორუმპირებული ინვესტორი და ეუბნება მთავრობის წარმომადგენელს, მოდი გამომისახლე ეს დევნილები აქედან და, ბიუჯეტის გარდა, ერთ ორ მილიონს შენც ჩაგიჩხრიალებ. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მოტივაცია: რეალურად საუბარია იმაზე, რომ გალელების, სოხუმელებისა და ასე შემდეგ კომპაქტური ჩასახლებები უნდა დაიშალოს და ისინი ორ-ორად, ხუთ-ხუთად უნდა გადასახლდნენ გურჯაანში, საჩხერეში, ოზურგეთში და ასე შემდეგ და 10-15 წლის შემდეგ ისინი იქცევიან ჩვეულებრივ გურჯაანელებად, საჩხერლებად... და ამით დევნილების პრობლემა მოიხსნება.“

თუმცა, ვიდრე პრობლემა არ მოხსნილა, სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილები შენობის მფლობელთან შეხვედრას და გამოსახლების გადავადებას მოითხოვენ. დევნილებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შეტანილი სარჩელის იმედიც აქვთ, თუმცა, მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც შიშით ელოდებიან 15 აგვისტოს, ანუ პოლიციის მიერ მათთვის მიცემული ვადის გასვლას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG