Accessibility links

logo-print

მუსიკალური კალეიდოსკოპი


დანიელ ბარენბოიმი და "დასავლურ-აღმოსავლური დივანი". გერმანიაში 2010 წელს გამოცემული DVD დისკი

დანიელ ბარენბოიმი და "დასავლურ-აღმოსავლური დივანი". გერმანიაში 2010 წელს გამოცემული DVD დისკი

ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს პატარა პაციენტებმა ამ კვირაში იხილეს ნახატები, რომელთა ავტორიც მათთვის და, საერთოდ, ყველასთვის, სხვა სფეროდან არის ცნობილი: ნახატები, მათ შორის მიკი მაუსის პორტრეტი, მაიკლ ჯეკსონმა შექმნა. პოპის მეფედ აღიარებული მომღერლის ნამუშევრები (სულ 13 ნახატი) მისმა შვილებმა, 14 წლის პრინცმა, მასზე ერთი წლით უმცროსმა პარისმა და ცხრა წლის ბლანკეტმა დაათვალიერებინეს საავადმყოფოში მყოფ თანატოლებს. მაიკლ ჯეკსონი 2009 წლის ივნისში გარდაიცვალა საანესთეზიო საშუალება პროპოფოლის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად.

...

წელს, ივლისში მუსიკის მოყვარულები კიდევ ერთ გამოჩენილ მომღერალს გამოეთხოვნენ - ემი უაინჰაუსს. და როგორც ირკვევა, მასაც დაუტოვებია რაღაც, რაც ბევრისთვის იქნება მოულოდნელი. ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, წელს მარტში უაინჰაუსმა ესტრადის ვეტერანთან, ტონი ბენეტთან ერთად ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის კომპოზიცია „Body and Soul", რომელიც ცნობილია ბევრი გამოჩენილი მუსიკოსის, ბილი ჰოლიდეისა და ელა ფიცჯერალდის, ბენი გუდმენისა და ფრენკ სინატრას, მაილს დევისისა და ჯონ კოლტრეინის ინტერპრეტაციით. ტონი ბენეტთან უაინჰაუსის დუეტი, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი იყო. დისკი სექტემბრიდან გაიყიდება. მანამდე კი შეგვიძლია, „Body and Soul" მოვისმინოთ ტონი ბენეტის შესრულებით 1991 წელს ლონდონში გამართულ კონცერტზე.

...

რამდენიმე დღეც და ორი კორეის საზღვარზე ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია აჟღერდება. გამოჩენილი დირიჟორი და პიანისტი, ისრაელელი დანიელ ბარენბოიმი უხელმძღვანელებს ორკესტრს, რომელიც 1999 წელს დააარსა თავის მეგობართან, პალესტინელ ფილოსოფოს და პოლიტოლოგ ედუარდ საიდთან ერთად. ორკესტრს ეწოდება „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“ და მასში ახალგაზრდა პალესტინელი, ისრაელელი, ეგვიპტელი, სირიელი, ლიბანელი, სხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენელი მუსიკოსები ერთად უკრავენ ნაწარმოებებს კლასიკური რეპერტუარიდან. ამჟამად მიმდინარეობს აზიაში ორკესტრის პირველი ტურნე, რომელიც სწორედ ორ კორეას შორის საზღვარზე კონცერტით უნდა დასრულდეს. ეს კონცერტია ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც შორეულ აღმოსავლეთში ჩამოვედიო, აღნიშნა დანიელ ბარნბოიმმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჟურნალისტებთან საუბრისას. თუმცა, ბარენბოიმს არა აქვს ილუზია, რომ მუსიკას კონფლიქტის მოგვარება, ან მითუმეტეს მშვიდობის დამყარება შეუძლია. ამ თემაზე მან ჩვენს რადიოსთანაც ისაუბრა, გასული წლის მარტში, პრაღაში გასტროლების დროს.

"იცით, ხშირად კომპლიმენტს გვეუბნებიან და დივანს „მშვიდობის ორკესტრად“ მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რასაკვირველია, ასე არ არის! მშვიდობას ორკესტრი არ სჭირდება. მშვიდობას სჭირდება სამართლიანობა და კიდევ ბევრი რამ. „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“ რასაც აკეთებს, არის ის, რომ სთავაზობს ფორუმს ახალგაზრდებს, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვთ საერთო: მუსიკა. მათ შეუძლიათ შეიკრიბონ, ჰქონდეთ დიალოგი, მოისმინონ სხვადასხვა მოსაზრება. იცით, ის რაც დივანში ხდება, არ ხდება არსად სხვაგან: პალესტინელი და ისრაელელი, ან სირიელი და ისრაელელი ერთმანეთს არ ეთანხმებიან, მწვავე უთანხმოებაც აქვთ, მაგრამ ერთმანეთს უსმენენ! და ცდილობენ გაიგონ მეორე მხარის, მისი არგუმენტების ლოგიკა. ეს ცნობისმოყვარეობას იწვევს და ეს არის, რაც გვჭირდება. ჩვენ შორსა ვართ მშვიდობისაკენ მიმავალი გზიდან!“- ამბობს ბარენბოიმი.

"დასავლურ-აღმოსავლური დივანი" - ორკესტრი, რომელსაც დანიელ ბარენბოიმი უდგას სათავეში, 15 აგვისტოს დაუკრავს ორი კორეის საზღვარზე.
XS
SM
MD
LG