Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვხარჯავთ ფუჭად ეროვნულ ენერგიას?


საქართველოს შიდა ტერიტორიებიდან დევნილებს, რომლებსაც საერთაშორისო სამართალი „იძულებით ადგილნაცვალ პირებს უწოდებს“, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ღირსეულ დაბრუნებას 10 წელი ჰპირდებოდა ედუარდ შევარდნაძე, შემდეგ 5 წელი - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ 2008 წელს კონტროლს აღადგენდა სამაჩაბლოზეც და აფხაზეთზეც. მაგრამ ამ სახელმწიფო ამოცანის შესრულება გაურკვეველი ვადით გადაიდო - 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ „დევნილების“ რაოდენობა კიდევ 100 000 კაცით გაიზარდა და დაიკარგა უახლოეს მომავალში მათი „ღირსეული დაბრუნების“ უმცირესი შანსიც კი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და იუპიტერი არ განვარისხოთ უსიამოვნო ამბებისა და თარიღების გახსენებით, ვისაუბრებ მხოლოდ დღევანდელ მოვლენაზე, რომლის ეპიცენტრი თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო „აფხაზეთია“.

საქართველოს ხელისუფლება 2009 წლიდან ახორციელებს იძულებით ადგილნაცვალ პირთა განსახლების პროგრამას, რომელიც შეთანხმებული, მოწონებული და კურთხეულია საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ამ პროგრამის მიზანია, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეუქმნას დევნილებს, გადაანაწილოს ისინი იმ რეგიონებში, სადაც ბევრი მიტოვებული საცხოვრებელი სახლია, მიწის ნაკვეთით, რომელიც დევნილს საარსებო საშუალებას გაუჩენს. ანუ ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუწყოს აქამდე არსებულ „კომპაქტური ჩასახლების“ ადგილებში მცხოვრებ დევნილთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, განსახლების პროცესს დემოგრაფიული ეფექტი შესძინოს და დევნილების მიერ სტიქიურად დაკავებული შენობა-ნაგებობები კანონიერ მფლობელებს დაუბრუნოს.

თუმცა, არსებობს ერთი სავალდებულო პირობა: ხელისუფლებამ ნებისმიერი ალტერნატიული ფართი უნდა გაარემონტოს, შეიყვანოს დენი და წყალი, თუ შესაძლებელია, ბუნებრივი აირიც, გახადოს იგი საცხოვრებლად ვარგისი და დაეხმაროს დევნილს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში. აქამდე საქართველოს ხელისუფლება - დევნილთა საქმეების სამინისტრო (ეკონომიის მიზნით ვკვეც სუბელიანის უწყების სახელს) ამ პირობას მეტ-ნაკლებად იცავდა. რა თქმა უნდა, იყო ძალის გამოყენებით, კავალერისტული მეთოდით დევნილების გამოსახლება, ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, სოფელ ფოცხოეწერში) საყოფაცხოვრებო პირობები ანდა ჩატარებული რემონტის ხარისხი არ გამოდგა შესაფერისი, ზოგან სკოლისა და პოლიკლინიკის პრობლემა აღმოჩნდა მოუგვარებელი, ზოგჯერ დევნილებამდე ერთჯერადი დახმარებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანა დაგვიანდა... დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ, ვიმეორებ, ასეა თუ ისე, ალტერნატიული ფართი არსებობდა და ამ მხრივ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად პირნათელი იყო როგორც საკუთარი დევნილების, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

მაგრამ ის, რაც სასტუმრო „აფხაზეთში“ მყოფი 20 წლის წინ ცხინვალის რეგიონიდან დევნილების ირგვლივ ხდება, საფუძველშივე ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ პრინციპს, ყოველგვარ საღ აზრს და ელემენტარული ეკონომიის ცოდნას.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებას 270 ოჯახისათვის არ აქვს მომზადებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი! საცხოვრებელი სახლების რემონტი რუსთავში მხოლოდ ნოემბერში დასრულდება, მანამდე კი ხელისუფლება მზად არის, ბინის ქირა გადაუხადოს ასობით ოჯახს, წინააღმდეგ შემთხვევაში დევნილებს უახლოეს დღეებში პოლიციის ძალით გამოყრიან სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობიდან და ღია ცის ქვეშ დატოვებენ.

არა, აქ უსათუოდ რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ხელისუფლება თავადვე იგონებს პრობლემებს, რადგან მშვიდ ვითარებაში არსებობა უკვე ვეღარც წარმოუდგენია.

თუ ეს ასე არ არის, მაშინ იქნებ ვინმემ ამიხსნას ყველაზე ახალგაზრდა და პროდასავლური ქართული ხელისუფლებიდან: რატომ არ შეიძლება, რომ ცხინვალიდან დევნილები დარჩნენ სასტუმრო „აფხაზეთში“ ნოემბრამდე, სანამ მათთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი რუსთავში საბოლოოდ გარემონტდება? ასე ხომ 270 ოჯახისათვის სამი თვის ბინის ქირის თანხაც დაიზოგება და ეროვნული ენერგიაც, რომელსაც დამოუკიდებლობის ოცი წლის განმავლობაში, ძირითადად, საპროტესტო გამოსვლებსა და უშედეგო სამხედრო ავანტიურებში ვხარჯავთ?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG