Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ შეტანილი სარჩელი და ძალაში დატოვა საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისელებმა დასუფთავების მოსაკრებელი მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად - ყოველ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი უნდა გადაიხადონ. რატომ აპროტესტებენ თბილისელები ნაგვის ელექტროენერგიაზე მიბმას და რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩლის არგუმუნტები?

თბილისის საკრებულომ „დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“ გადაწყვეტილება 2011 წლის 24 ივნისს მიიღო. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ადგილობრივი თვითთმმართველობა კანონების დარღვევასა და დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების იგნორირებაში დაადანაშაულეს. რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა ჩამოთვალა ის კანონები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღებით დაირღვა:

”საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, ვინაიდან ეს კანონი იმპერატიულად ითხოვს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს ყველა ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ფინანსურ საკითხებს ეხება და ეს არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას დართული; მეორე ეს არის თავად საკრებულოს რეგლამენტი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, იმიტომ რომ დარღვეული იყო აქტის განხილვის საჯაროობის პრინციპები და ვადები და მეოთხე იყო ცნობილი მოსაკრებლის შესახებ კანონი.“

"ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონის" მე-12 პრიმა მუხლის თანახმად, მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე თვეში 3 ლარს. კანონის ეს და სხვა დარღვევა სასამართლოში გაასაჩივრეს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა, თუმცა 10 აგვისტოს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაადგინა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სასამართლომ იხელმძღვანელა ”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით, ხოლო ”საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისის საკრებულომ სადავო აქტით დაადგინა ტარიფი და არა მოსაკრებელი. ამდენად, საქართველოს კანონი ”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” არ ეწინააღმდეგება სადავო გადაწყვეტილებით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის წესს და ფორმას.“

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, ამბობს, რომ, ხელისუფლებაზე დამოკიდებული მართლმსაჯულების მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც გაასაჩივრებენ.

„სასამართლოს შეეძლო სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბრძოლა წაგებული არ არის და, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას კანონით გათვალისწინებულ ვადებში და ეს სარჩელი იქნება არა მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, არამედ მოსარჩელეთა მთელი არმიის. მოგეხსენებათ, ამ დღეებში დაიწყო ამ ახალი ქვითრების დარიგება. შესაბამისად, მოსარჩელე იქნება დაზარალებული მოქალაქეების მთელი არმია“, განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

თბილისელებს ახალი წესით დაანგარიშებული გადასახადი ჯერ არ მისვლიათ, თუმცა დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ახალი სისტემა, რომელიც პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს, მომსახურებას აუცილებლად გააძვირებს.

ოპონენტების ბრალდებებს უარყოფენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკო ხაჩირიშვილის თქმით, ახალი სისტემა იქნება მეტად სამართლიანი შემდეგ გარემოებათა გამო:

„პირველი: „სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გავრცელდება შეღავათები. მეორე: იმ ოჯახებს, რომლებშიც მრავალი სული არის ჩაწერილი, მაგრამ მოკრძალებულად ცხოვრობენ, ნაკლების გადახდა მოუწევთ. და მესამე: ახალი სისტემა მეტად სამართლიანი და ეფექტიანია.“

თუმცა საბოლო დასკვნას თავად თბილისელები გააკეთებენ, როცა დახარჯული ელექტროენერგიის პროპორციულად დაანგარიშებული პირველი გადასახადი მიუვათ. აქამდე თბილისელები სულზე ორ-ნახევარ ლარს იხდიდნენ, პირველი აგვისტოდან კი ყოველ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრი დაერიცხებათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG