Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის მოსახლეობა პრეზიდენტობის კანდიდატებს არ იცნობს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოახლოებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა არ იცნობს.

რადიო თავისუფლების რესპონდენტები ამბობენ, რომ კანდიდატებს მოსახლეობასთან შეხვედრა ჯერჯერობით არ ჰქონიათ და არც მათი წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ გაუგიათ რამე. ამასთან, გალში მცხოვრებნი ამბობენ, რომ არჩევნებზე წასვლის სურვილიც არა აქვთ, რადგან იციან, რომ ოკუპირებულ რეგიონში მათ სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება.

გალის მკვიდრმა, რომელმაც ჩაწერაზე უარი განაცხადა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შესაძლოა მოსახლეობას ამჯერადაც იძულებით მიაღებინონ არჩევნებში მონაწილეობა.

„სოფელში არც ერთი კანდიდატი არ მოსულა ხალხთან შესახვედრად, საიდან უნდა ვიცნობდეთ კანდიდატებს?!“ - ამბობს გალის რაიონის სოფელ განახლებაში მცხოვრები ქალი.

გალის მკვიდრი დავით გოგოხია რესპონდენტებს შორის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სამივე კანდიდატს იცნობს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი რჩეულია პარტია „სახალხო ერთობის ფორუმის“ კანდიდატი რაულ ხაჯიმბა.

„რაულ ხაჯიმბას მივცემ ხმას, რადგან მგონია, რომ საქრთველოსთან ურთიერთობას გამოასწორებს“, - ამბობს დავით გოგოხია.

ინტერნეტგამოცემა Livepress.ge-ს ინფორმაციით, გასულ კვირაში გალის რაიონის სოფელ ჩეღალში აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი შამბას საარჩევნო შტაბის უფროსი დიმიტრი ლობჟანია ენგურჰესის თანამშრომლებს შეხვდა. გამოცემის ცნობით, ჩეღალის კლუბის შენობაში მიმდინარე შეხვედრაზე მეორე საპრეზიდენტო კანდიდატის, ალექსანდრე ანქვაბის მომხრეები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მოსახლეობამ აფხაზური მილიცია გამოიძახა, რის შემდეგაც ინციდენტი ამოიწურა, თუმცა მომხდარის გამოძიება არ დაწყებულა.

Livepress.ge-ს კიდევ ერთი ინორმაციით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლაყუბაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატების ალექსანდრ ანქვაბისა და რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები. გამოცემის ცნობით, სოფლის ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულებს შორის არის სოფელ ბესლაყუბას გამგებელი კობა ჭითანავა, რომელიც ოჩამჩირის საავადმყოფოში თავის არეში მიყენებული დაზიანებებით მოათავსეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. 26 აგვისტოსთვის დანიშნულ არჩევნებში კენჭს იყრიან საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები: ალექსანდრე ანქვაბი, სერგეი შამბა და პარტია „სახალხო ერთობის ფორუმის“ კანდიდატი რაულ ხაჯიმბა.
XS
SM
MD
LG