Accessibility links

logo-print

კახა კუკავა: ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენისა და რკინიგზის გაყიდვას გეგმავს


საქართველოს მთავრობის განზრახვა საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე სახელმწიფო კომპანიების აქციათა განთავსების შესახებ, გააპროტესტა პოლიტიკურმა მოძრაობამ ”თავისუფალი საქართველო.” თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენისა და საქართველოს რკინიგზის გაყიდვას გეგმავს. "თავისუფალი საქართველო" ეწინააღმდეგება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების პრივატიზაციას, რადგან მათ ეროვნულ სიმდიდრედ და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დაგეგმილია საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის რკინიგზის და გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციათა მაქსიმუმ 25%-ის განთავსება, რაც დიდი რაოდენობით ახალ კაპიტალს მოიზიდავს. განმარტებას, რომ ბირჟებზე განთავსდება აქციათა მაქსიმუმ 25%, პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველო” მიიჩნევს ხელისუფლების ჩვეულ ტექნოლოგიად და ვარაუდობს, რომ რელურად გაცილებით დიდი წილი გაიყიდება. მთავრობის განზრახვა დღეს გააპროტესტა ლეიბორისტულმა პარტიამაც, რომელმაც ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG