Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

242-ე საკნის მომხიბლავი ბინადარი


შაბათი აბანოს დღე იყო კიევის ლუკიანოვსკის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რაც საპყრობილეში მყოფი ქალებისათვის იშვიათი შესაძლებლობაა, ცხელი წყლით დაიბანონ თმები და მიიღონ შხაპი. ციხის ბინადარი ქალები მოუთმენლად ელოდებიან შემდეგ შაბათს, როდესაც კვირის თავზე, დაცვის თანხლებით, კვლავ მიეცემათ შხაპის მიღების საშუალება. თუმცა სულ მცირე ერთი პატიმარი გულგრილია ციხის დადგენილი წესის მიმართ - ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ უზადო თეთრ კაბაში გამოწყობილი და უკრაინულ ყაიდაზე, გვირგვინად დალაგებული ნაწნავით ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ისე წარდგა სასამართლოს წინაშე, რომ ციხის მკაცრი პირობების კვალიც კი არსად ეტყობოდა.

იულია ტიმოშენკოს მოსამართლემ ხუთ აგვისტოს შეუფარდა პატიმრობა სასამართლოსადმი უპატივცემულოდ მიჩნეული ქმედების გამო. ამის შემდეგ 50 წლის ექს-პრემიერ-მინისტრი ლუკიანოვსკის ციხის ნომერ 242 საკანში იმყოფება - უყურებს ტელევიზორს, ესაუბრება თანამოსაკნეებს და, მრავალთა შეფასებით, დიდ დროს უთმოს იერსახის მოწესრიგებას.

გავრცელებული ვარაუდით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იმედოვნებდა, რომ პატიმრობით შეძლებდა გაეჩუმებინა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომელიც 2010 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ მცირე უპირატესობით დაამარცხა.

ნაცვლად ამისა, დაუცხრომელ იულია ტიმოშენკოს არ გასჭირვებია შეგუება ციხის პირობებთან და საკან ნომერ 242-თან, რომელშიც ერთხელ უკვე იჯდა 43 დღის განმავლობაში 2001 წელს, როდესაც პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ხელისუფლება მას დოკუმენტების გაყალბებით ბუნებრივი აირის უკანონო ვაჭრობაში სდებდა ბრალს.

ჟურნალისტები, ტელეოპერატორები და უბრალო ამომრჩევლები გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს ტიმოშენკოს გარეგნულად არაბუნებრივ გამძლეობას ციხის პირობებში, ციხისა, სადაც, მიჩნეულია, რომ თანამოსაკნეები სიგარეტს ეწევიან, შეზღუდულია მნახველების დაშვება და საკანში საერთო ტუალეტია.

თუმცა ისიც უდავოა, რომ ტიმოშენკო, რომელმაც ნარინჯისფერ რევოლუციამდე არსებული ბიზნესით მილიონები იშოვა, ლუკიანოვსკის ციხეში უკეთესი პირობებით სარგებლობს, ვიდრე სხვა პატიმრები. 17 კვადრატული მეტრის ფართობის საკანი 242 ჩვეულებრივ სამკაციან საკანს ორჯერ აღემატება, სხვებთან შედარებით სარკმლის ზომაც მოზრდილია და საკანში მაცივარი და მომცრო ტელევიზორიც დგას.

ციხის ხელმძღვანელობა თავს იმართლებს, რომ რაკი საკანს ბიდე არა აქვს, ტიმოშენკოს უფლება მიეცა ისარგებლოს ჩასარეცხი ტუალეტით, რომელიც საკანში კედლით არის გადატიხრული და არა ფარდით.

ციხის დაცვამ, გავრცელებული ინფორმაციით, ნება დართო ტიმოშენკოს და მის ორ თანამოსაკნე ქალს - ასევე ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს - საჭმელი თავადვე მოამზადონ. ტიმოშენკოს დედამ ქალიშვილს ციხეში ჩაი, ყველი, პური, ნამცხვარი, ჩირი და იოგურტი შეუგზავნა.

ტიმოშენკოს უფლება აქვს ერთი საათი ისეირნოს სუფთა ჰაერზე, წიგნის კითხვის დრო კი განუსაზღვრელი აქვს. ტიმოშენკომ, როგორც წერენ, მარიო ვარგას ლიოსას, ჰარუკი მურაკამისა და უმბერტო ეკოს წიგნები მოითხოვა.

გარდა ამ შეღავათებისა, ციხის ადმინისტრაციამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნება დართო ატაროს ვარცხნილობა, რომლითაც ტიმოშენკოს მთელი მსოფლიო იცნობს. სასამართლოს დარბაზში ტიმოშენკოს არ უკეთია ხელბორკილი და არ ზის რკინის გალიაში.

იულია ტიმოშენკოს მეუღლემ ოლექსანდრე ტიმოშენკომ და მათმა ქალიშვილმა ევგენიამ სასამართლოს სთხოვეს ნება, იმოქმედონ როგორც ტიმოშენკოს „მორალურმა დამცველებმა“: ამ უფლების მქონეს საშუალება ეძლევა თვეში ერთხელ მოინახულოს საპატიმროში მყოფი ახლობელი.

საპყრობილეში ასეთი მკაცრად რეგულირებული დაშვების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ იულია ტიმოშენკოს მარტოს უწევს საკუთარი თავის მოვლა-პატრონობა. ეს კი ტიმოშენკოს, რომელიც სადედოფლო ოქროსფერ ვარცხნილობას ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ატარებს, ერთ-ერთი ცნობილი კიეველი სტილისტის აზრით, არ უნდა გაუჭირდეს.

ერთხელ იულია ტიმოშენკომ თმები პირდაპირ პარლამენტის სხდომაზე გაიშალა, რათა გაექარწყლებინა ჭორები, თითქოს ოქროსფერი ნაწნავების ჯიღა ხელოვნური ყოფილიყოს.
XS
SM
MD
LG