Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტები რუსეთსა და საქართველოს შორის


აბდულა მაჰომედალიევის ხუთ მეამბოხესთან ერთად 10-11 აგვისტოს, მახაჩყალაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას მოკლეს.
აბდულა მაჰომედალიევის ხუთ მეამბოხესთან ერთად 10-11 აგვისტოს, მახაჩყალაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას მოკლეს.
რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი საქართველს სპეცსამსახურებს ტერორიზმში ბრალდებულ აბდულა მაგომედალიევთან კავშირში ადანაშაულებს. ამის შესახებ კომიტეტის წარმომადგენელმა ეგრეთ წოდებული „სპეცბატალიონის“ მეთაურის აბდულა მაგომედალიევისა და მისი ხუთი თანამებრძოლის დახოცვის შემდეგ განაცხადა. რა რეაქცია მოჰყვა საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლის მორიგ ბრალდებას?

11 აგვისტოს სპეცოპერაციის მსვლელობისას მოკლულ აბდულა მაგომედალიევს რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი მიაწერს რამდენიმე მასშტაბურ ტერორისტულ აქტს, რომელთა შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. კომიტეტის ცნობით, მაგომედალიევი თავს ესხმოდა პოლიციელებს, ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებდა და ხოცავდა ბიზნესმენებს. ტელეკომპანია ენ-ტე-ვე-სათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენელმა ნიკოლაი სინცოვმა განაცხადა, რომ დაღესტნის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტებს მხარდამჭერები საზღვარგარეთაც ჰყავდათ:

ეს განცხადება მხოლოდ ღიმილს თუ იმსახურებს! მსგავსი განცხადებები კეთდება მას შემდეგ, რაც საქართველომ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები და ბევრმა გაიაზიარა რუსეთის მონაწილეობა საქართველოში მომხდარ ტერაქტებში...
„ყველა ბანდიტი ეკუთვნოდა ერთ-ერთ ოდიოზურ დივერსიულ-ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც მოქმედებდა ქალაქ მახაჩყალასა და მის შემოგარენში. ოპერატიული მონაცემებით, მაგომედალიევი უცხოელი ემისრების დახმარებით კავშირში იმყოფებოდა საქართველოს სპეცსამსახურთან, რომელიც, თავის მხრივ, დახმარებას უწევდა ბანდიტებს ტერორისტულ საქმიანობაში.“

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი მხოლოდ ამ ზეპირი განცხადებით შემოიფარგლა. საქართველოს სპეცსამსახურების მამხილებელი რაიმე სახის დაკუმენტი არც რუსულ მედიაში გამოქვეყნებულა და არც ტერორისტების მფარველობაში დადანაშაულებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუღია. რადიო თავისუფლებამ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შოთა უტიაშვილს სთხოვა.

ამით ხდება საკუთარი შიდა პრობლემების გადალახვა, იმიტომ რომ ძალიან ადვილია თქვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთს ებრძვის მთელი მსოფლიო...
„ეს განცხადება მხოლოდ ღიმილს თუ იმსახურებს! მსგავსი განცხადებები კეთდება მას შემდეგ, რაც საქართველომ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები და ბევრმა გაიაზიარა რუსეთის მონაწილეობა საქართველოში მომხდარ ტერაქტებში. მოქმედებენ პრინციპით, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“, უთხრა შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საკითხისადმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულებას ლოგიკურ ახსნას უძებნიან პოლიტიკის ექსპერტები. მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთი მსგავსი - არგუმენტებით გაუმყარებელი - ბრალდებით საშუალოდ თვეში ერთხელ გამოდის:

„უნდა დაიდოს სერიოზული მასალა. თუ ამდენი იციან, მაშინ საბუთები წარმოადგინონ. მეც, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, თუ არის საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ვინმე, რომელიც ამ მიმართულებით ასე მოუხეშავად მუშაობს. ათი წლის წინ, როცა პანკისის ხეობაზე იყო ლაპარაკი, არაერთი საბუთი წარმოადგინა რუსულმა მხარემ. ახლა ასეთი რამ არ ხდება. რადგან არ ხდება, მაშინ სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი.“

ქართველი ექსპერტების თქმით, ტყუილითაა გაჯერებული რუსეთის საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთი არ აპირებს მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნებას და, შესაბამისად, ბრალდების დამტკიცებას. გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის ვარაუდით, მტრის ხატის შექმნით რუსეთის ხელისუფლება საკუთარი წარუმატებლობის გამართლებას ცდილობს.

„ამით ხდება საკუთარი შიდა პრობლემების გადალახვა, იმიტომ რომ ძალიან ადვილია თქვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთს ებრძვის მთელი მსოფლიო - დასავლეთი, ნატო და კოსმოსური ჯარები - ნაცვლად იმისა, თქვა, რომ კრემლის პოლიტიკა საკუთარი მოსახლეობის მიმართ ჩრდილოკავკასიაში ძირშივე შეიცავს ძალიან სერიოზულ შეცდომებს, რომელთა გამოსწორების გარეშეც ეს პრობლემა არ გამოსწორდება და არ მოგვარდება“, უთხრა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG