Accessibility links

logo-print

სირიაში რეპრესიები გრძელდება


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, განახლდა რეპრესიები დღეისთვის მოსალოდნელი საპროტესტო აქციების დაწყებამდე. უფლებადამცველების თქმით, ტანკები და ჯარისკაცები შეიჭრნენ ქალაქ ხან შეიხონში, რომელიც იდლიბის პროვინციაში მდებარეობს. სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ასევე ერთი ადამიანი დაიღუპა დამასკის გარეუბანში, სადაც უშიშროების ძალებმა რამდენიმე პირი დააპატიმრეს. ძალადობა გრძელდება მიუხედავად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნისა, ბოლო მოუღოს რეპრესიებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. „ასადზე ზეწოლის მოსახდენად საჭიროა სანქციები ნავთობისა და გაზის მრეწველობის მიმართ და გვსურს, ვიხილოთ, რომ ევროპამ გადადგას მეტი ნაბიჯი ამ მიმართულებით. და გვსურს ვიხილოთ, რომ ჩინეთმა გადადგას ნაბიჯები ჩვენთან ერთად. აგრეთვე ინდოეთმა, რადგან ინდოეთსა და ჩინეთს ენერგეტიკის სფეროში დიდი ინვესტიციები აქვთ სირიაში“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. იქვე მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სირიისთვის იარაღის მიყიდვა. დღეს სირიაში ისევ მოელიან მასობრივ საპროტესტო აქციების მეჩეთებში პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ. სირიაში 2000-მდე ადამიანი ითვლება მოკლულად, მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მარტში დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG