Accessibility links

logo-print

დევნილთა განსახლების თაობაზე დღეს განცხადება გამოაქვეყნა ომბუდსმენმა


თბილისში საპროტესტო აქციებს განაგრძობენ დევნილები, რომლებიც დღეს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. დევნილთა განსახლების გამო, დღეს განცხადება გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. ის აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 15 და 18 აგვისტოს იგეგმება დევნილთა გასახლება თბილისში მდებარე სასტუმრო „აფხაზეთიდან" და ,,კურორტოლოგიის ინსტიტუტიდან.“ ომბუდსმენის განმარტებით, ამ შენობებს, რომელთაც არსებული ინფორმაციით, ინვესტორი უკვე ჰყავს, კომპაქტური განსახლების ობიექტების სტატუსი აქვს და იქ მცხოვრები თითოეული დევნილი ოფიციალურადაა რეგისტრირებული. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე დევნილთა ნაწილი არ ეთანხმება შეთავაზებულ პირობებს. გიორგი ტუღუში მიმართავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, გაითვალისწინოს და დაიცვას დევნილთა ინტერესები შეთავაზებისა და საკომპენსაციო თანხის ადეკვატურობის განსაზღვრისას და მიმართოს შესაბამის ზომებს დევნილებთან შესათანხმებლად. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სანამ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით არ გაფორმდება დევნილებთან წერილობითი შეთანხმება და არ გაიცემა შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, რომელიც არ გააუარესებს დევნილების პირობებს, ობიექტებიდან მათი განსახლება არ უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG