Accessibility links

logo-print

პოლონეთი ბოდიშს იხდის ინფორმაციის გაჟონვის გამო


პოლონეთმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ბელორუსიას გადასცა ადამიანის უფლებების ცნობილი აქტივისტის შესახებ ინფორმაცია. ეს აქტივისტი მიმდინარე თვეში დააპატიმრეს. ევროკავშირის კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, ლიტვამ, უკვე მოიხადა ბოდიში ბელორუსიისთვის ამავე პირის საბანკო ინფორმაციის გადაცემის გამო.

ბელორუსიაში გასულ კვირაში ადამიანის უფლებების დამცველის, ალეს ბიალიატსკის დაპატიმრებას საერთაშორისო რეაქცია და კრიტიკა მოჰყვა. ბიალიატსკი სათავეში უდგას ცნობილ უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვიასნას“. ის გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა თანდათან ირკვევა, რომ მის წინააღმდეგ საქმის წარმოებაში წვლილი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც შეიტანეს ბელორუსიისთვის მისი საბანკო ინფორმაციის მიწოდების გზით.

ამის გამო ლიტვამ უკვე მოუხადა ბოდიში ბიალიატსკის ოჯახს. ახლა კი პოლონეთმა - ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების გულმხურვალე მხარდამჭერმა - აღიარა, რომ ბიალიატსკის სახელზე დარეგისტრირებული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია გასცა.

ინფორმაციის გაჟონვის გამო ტვიტერით ბოდიში მოიხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ, რომელმაც ამას „დასაგმობი შეცდომა“ უწოდა და გამოვიდა დაპირებით, რომ გააორმაგებს ბელორუსიაში დემოკრატიის მხარდაჭერას. შიკორსკის თქმით, ბელორუსიამ ისარგებლა კონტრტერორიზმის პროცედურებით და ამ გზით მოიპოვა ბიალიატსკის შესახებ ინფორმაცია.

უფრო ადრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია გენპროკურატურას გადაეცა, თუმცა სამინისტრო სამთავრობო სააგენტოებს აფრთხილებდა, ეს არ გაეკეთებინათ.
„სამწუხაროდ, ჩვენს გაფრთხილებებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ერთ დაწესებულებაზე - გენერალური პროკურორის ოფისზე. რატომ არა? ეს შეკითხვა გენერალური პროკურორის ოფისს უნდა დაესვას“, თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარტინ ბასაცკიმ.

გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ იძიებს, კონკრეტულად ვინ გადასცა ინფორმაცია ბელორუსიას.

ეს ინფორმაცია დიდ უხერხულობას უქმნის პოლონეთს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა და ცდილობს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროკავშირის ყოფილ საბჭოთა მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებაში.

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ბიალიატსკის სინდისის პატიმრად მიჩნევს. მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ქონების კონფისკაციასთან ერთად.

ბიალიატსკის დაპატიმრება ნაწილია ავტორიტარი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს კრიტიკოსების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიებისა. ზეწოლა გაძლიერდა დეკემბრის შემდეგ, როცა ლუკაშენკო მესამედ აირჩიეს ოთხი წლის ვადით პრეზიდენტად. ამას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რომელშიც ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ. პოლიციამ ბევრ ადამიანს სცემა და დააპატიმრა.

პოლონეთის მხრიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ცნობას მინსკში აღშფოთება მოჰყვა. რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურთან საუბარში „ვიასნას“ წევრმა, ვლადიმირ ლაბოკოვიჩმა, ამას „ღალატი“ უწოდა: „ეს აბსოლუტურად აუფასურებს დემოკრატიის მიმართ ერთგულებაზე გაკეთებულ განცხადებებს - ისევე როგორც ზოგიერთი პოლონელი პოლიტიკოსის პოზიციებს ბელორუსიის რეჟიმთან მიმართებით.“

ხუთშაბათს ბელორუსიის მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებთან კავშირის გამო დაპატიმრებული 41 ადამიანიდან 9 პირი შეიწყალა. თუმცა ლუკაშენკოს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ყაზახურ სამსახურს უთხრა, რომ მთავრობა გათავისუფლებული პირების ვინაობას არ ასახელებს.

ხუთშაბათსვე გახდა ცნობილი, რომ აშშ ბელორუსიის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. კერძოდ, სანქციები ოთხ კომპანიას დაუწესდა, რის მიზეზიც, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, „პოლიტიკურ აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაგრძელებული ზეწოლაა“.

ბელორუსიის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები - მათ შორის, მოგზაურობის აკრძალვა ლუკაშენკოსა და სხვა ოფიციალური პირებისთვის.
XS
SM
MD
LG