Accessibility links

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ. წერილების უმეტესობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავს ეხებოდა, თუმცა იყო სხვა თემებიც.

„რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოსთან კონფლიქტში გარკვეული როლი აშშ-მა შეასრულა“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ჟურნალისტმა ელენ ბარიმ „ნიუ იორკ ტაიმსში“ 6 აგვისტოს. სტატია ეძღვნება ინტერვიუს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, სამ რუსულენოვან საინფორმაციო საშუალებას მისცა რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავზე. „მედვედევმა თქვა, რომ აშშ-ის გავლენიანმა ოფიციალურმა პირებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მოვლენებში, რომლებიც ომს წინ უძღოდა. ამასთან, მან დამამცირებელი სიტყვებით ისაუბრა საქართველოს შესახებ სენატის რეზოლუციაზე, რომელიც, მისი თქმით, ‘სენატის რამდენიმე მხცოვანი წევრის პირად შეხედულებებს ასახავს’“, - ვკითხულობთ სტატიის დასაწყისში. ჟურნალისტი განაგრძობს: „ეს ყველაზე მკაცრი სიტყვები იყო, რაც კი ბოლო თვეებში მედვედევს აშშ-ის მისამართით უთქვამს. ამან გაამძაფრა შთაბეჭდილება, რომ ორი ქვეყნის დაახლოება - ე.წ. გადატვირთვა - ჩიხში შედის“. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა ყველაზე მეტი დაძაბულობის გამომწვევ საკითხს აშშ-სა და რუსეთს შორის მაშინაც კი, როცა ისინი ირანის იარაღის პროგრამაზე, ავღანეთის ომზე ან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე მსჯელობდნენ. დაძაბულობა განახლდა ამ ზაფხულს, როცა ორივე ქვეყანაში არჩევნების სეზონი მოახლოვდა, გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში განსახილველი მთავარი საგანი კი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება გახდაო, წერს ავტორი.

აქვე გეტყვით, რომ მედვედევის ინტერვიუს შესახებ მოკლე ინფორმაციული წერილი 8 აგვისტოს ბრიტანეთში გამომავალმა „ინდეპენდენტმაც“ დაბეჭდა. სტატიის სათაური იყო „მედვედევი ხელახლა აღვივებს სიტყვების ომს იმის შესახებ, თუ ვის მიუძღვის ბრალი საქართველოსთან კონფლიქტში“.

6 აგვისტოს „ვაშინგტონ ტაიმსში“ გამოქვეყნდა ქართველი პოლიტიკოსის, ოპოზიციური ”თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას სტატია, სახელწოდებით „საქართველოს რესპუბლიკას აუცილებლად სჭირდება რეფორმები: ვარდების რევოლუცია ანტიდემოკრატიული ზეწოლის ქვეშ“. სტატია ასე იწყება: „კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკა ცვლილებების პირასაა. ქუჩებში გამოხატული პროტესტის მიღმა, საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია, რაც არეულობას მოასწავებს - სანამ მთავრობა შეიცვლება და დემოკრატიული რეფორმები, ბოლოს და ბოლოს, გატარდება“. ალასანია განაგრძობს: „ამ მთავრობას და მის ნაკლოვანებებს მე უშუალოდ ვიცნობ. ორი წლის განმავლობაში გაეროში მისი ელჩი ვიყავი. 2008 წლის ბოლოს გადავდექი, რადგან არ ვეთანხმებოდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების ქაოსურ და ცალმხრივ ფორმას. მთავრობის უუნარობამ, შეურიგდეს განსხვევებულ მოსაზრებებს, ჩემი ქვეყანა რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანა, რომლის მოგების არანაირი შანსი არ გვქონდა. მაგრამ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება გრძელდება. ჟურნალისტები აპროტესტებენ ბატონ სააკაშვილის ფოტოგრაფის დაკავებას ჯაშუშობის ბრალდებით მას შემდეგ, რაც მან პოლიციის სისასტიკე აღბეჭდა. ამას წინ მაისის ბოლოს საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილის მოკვლა უძღოდა“. სტატიის ავტორი - ირაკლი ალასანია - შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად ორ რამეს მიჩნევს - პოლიტიკური კონკურენციისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის უკეთესი მექანიზმების შექმნას, ანუ საარჩევნო რეფორმას და გამოხატვის თავისუფლების დაცვას. „თანამედროვე მსოფლიოში ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. სამწუხაროდ, საქართველოში განსხვავებულ აზრს იშვიათად ითმენენ ხოლმე - თუ საერთოდ ითმენენ“, - წერს ირაკლი ალასანია „ვაშინგტონ ტაიმსში“ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში.
9 აგვისტოს ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „რუსეთი და საქართველო: სამი წლის შემდეგ“. სტატიის ავტორი, ჯულია იოფე, წერილს იწყებს შეხსენებით, რომ სამი წელი გავიდა „იმ დღიდან, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო, რამაც მსოფლიოს ყურადღება პეკინის ოლიმპიადიდან ხუთ საოცრად დამაბნეველ დღეზე გადაიტანა. სამი წლის შემდეგაც ძალიან ცოტა რამ არის ნათელი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ეს ომი, როგორ განვითარდა, რა მემკვიდრეობა დატოვა და თუნდაც რა უნდა ვუწოდოთ მას. შესაბამისად, ორმა მხარემ ომის დაწყების მესამე წლისთავი კონფლიქტის ნარატივზე გავლენის მოხდენის მცდელობაში გაატარა“. ავტორის თქმით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ომის მესამე წლისთავი მისთვის ჩვეული სიტლანქით გააშუქა - ცხინვალში ჩატარებული ღონისძიების ჩვენებით. მოსახლეობის მიერ ცაში ბუშტების გაშვების და სანთლების ანთების კადრებს გასდევდა ჟურნალისტის ხმა, რომელიც ხსნიდა, რომ ხალხი „ქართველთა აგრესიის მსხვერპლთ“ გლოვობდა. „ისინი მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გასცა ამის ბრძანებაო“, - უთქვამს ჟურნალისტს და იქვე დაუსვამს შეკითხვა, ნეტავი ამ დამნაშავეებზე როდის ვიტყვით, რომ სამართალმა პური ჭამაო. თუმცა, - წერს ჟურნალისტი, - საქმე, ცხადია, ასე მარტივად არ ყოფილაო. შემდეგ ჯულია იოფე მკითხველს ამ ომის შესახებ ინფორმაციას აწვდის - უამბობს მსხვერპლის რაოდენობის შესახებ რუსეთის, საქართველოსა და ევროპელების მიერ გავრცელებულ განსხვავებულ ცნობებზე, იხსენებს ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან მოსკოვის აგრესიის დაგმობას. „თუმცა მაინც ვის აგრესიაზე ვლაპარაკობთ?“ - კითხულობს ჟურნალისტი და განაგრძობს - „კი, საქართველოს პროვოცირება მოახდინეს - რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში დაძაბულობას აღვივებდა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სეპარატისტულ მოძრაობებს ასაზრდოებდა და ომის წინა პერიოდში იქ რუსულ პასპორტებს არიგებდა, მაგრამ საქართველომ, რომელიც შეიძლება ვაშინგტონიდან მოელოდა მხარდაჭერას, პირველმა გაისროლა“. ამის შემდეგ ჟურნალისტი ომის შემდგომ პერიოდს და ამჟამად არსებულ ვითარებას აღწერს მოკლედ, მედვედევის მიერ ბოლო ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG