Accessibility links

logo-print
თურქეთის მთავრობა განაგრძობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის - არმიის სამეთაურო შემადგენლობის - წმენდას. გენერალური შტაბის უფროსისა და ყველა საჯარისო სახეობის სარდლის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, თურქეთის სასამართლომ ქვეყნის არმიის შვიდი მოქმედი გენერლისა და ადმირალის დაპატიმრების ორდერები გასცა. მიღებული ცნობების თანახმად, ეს ნაბიჯი „ბალოზისა“ და „ერგენეკონის“ სახელწოდებით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს უკავშირდება. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ზოგი ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ზოგი კი -ქვეყნის დასავლური განვითარების მთავარი გარანტი ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობად.

მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ჩამოგდების მცდელობის ბრალდება არმიის ოფიცრებს ჯერ კიდევ ივლისში წაუყენეს. მას შემდეგ ამ საქმეზე რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე დააპატიმრეს. ივლისის მიწურულს, რეპრესიების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, გადადგა თურქეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობა, მათ შორის, თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი ისიკ ქოსანერი, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების სარდლებთან ერთად. ასეთი რანგის სამხედრო პირების დემარშის შემდეგ ანალიტიკოსები თურქეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელებს შორის სერიოზულ დაპირისპირებას ვარაუდობდნენ. 1960 წლიდან მოყოლებული, თურქეთის არმიის სარდლობამ 4 სამხედრო გადატრიალება მოაწყო, თუმცა კრიზისი მალევე დასრულდა. როგორც თურქეთის ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში კიჰარდ ერგინაიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, პოლიტიკურმა სისტემამ გაუძლო ამ მძიმე გამოცდას:

„ცხადია, ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. ისინი ახლა უკვე თადარიგში გავიდნენ. მაგრამ მათი გადადგომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სისტემა თურქეთში ძალიან კარგად არის განვითარებული. კრიზისს, რასაც ზოგიერთი ექსპერტი გენერლების გადადგომის შემდეგ ელოდა, ადგილი არ ჰქონია - ყველაფერი ძალიან მშვიდად დასრულდა.“

და მართლაც, თურქეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ - ისლამისტური ფესვების მქონე პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და პრეზიდენტმა აბდულა გიულმა მოახერხეს კონტროლის დამყარება არმიაზე, რომელიც, ხელისუფლების მტკიცებით, ჯერ კიდევ 2002 წელს აპირებდა სამხედრო გადატრიალების მოწყობას. სამხედროების მიერ შემუშავებული „ბალოზის“ (ქართულად - „უროს“) გეგმის თანახმად, უნდა მომხდარიყო აფეთქებები მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, მეჩეთებში; ეგეოსის ზღავზე უნდა ჩამოვარდნილიყო სამხედრო თვითმფრინავი, რის შემდეგაც თურქეთი ომს გამოუცხადებდა საბერძნეთს, რომელსაც დაადანაშაულებდა ტერაქტების მოწყობაში. ამ ფონზე მოხდებოდა სამხედრო გადატრიალება „სამართლიანობის პარტიის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, პარტიისა, რომელსაც თურქეთის სამხედრო ელიტა ისლამისტურს უწოდებს.
მენსურ აკგუნი, სტამბულის კულტურის უნივერსიტეტის პოლიტიკის ანალიტიკოსი, ამბობს, რომ ასეთი ქმედების გამო სამხედროებმა საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგეს:

„სამხედროებმა დაუშვეს დიდძალი შეცდომები და ისინი არ მალავდნენ, რა ჰქონდათ განზრახული. თურქეთში მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო პროცესი, რომელიც გადატრიალების მცდელობას და სხვა იმ შესაძლო სამხედრო ავანტიურებს იძიებს, რომელთა დაგეგმვაშიც აშკარაა, რომ ზოგიერთი სამხედრო მონაწილეობდა. და ყველაფერმა ამან საზოგადოება პოლიტიკაში სამხედროების შემდგომი მონაწილეობის წინააღმდეგ განაწყო.“

„ბალოზის“გეგმის გარდა, არსებობდა შეთქმულების მეორე გეგმა - „ერგენეკონი“. ეს უკანასკნელი თურქულ მითოლოგიაში ნიშნავს ალტაის მხარეს, საიდანაც თურქული ეთნოსი იღებს დასაბამს. „ერგენეკონის“ გეგმის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო თავდასხმები თურქეთის ცნობილ ადამიანებზე, მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალ ორხან პამუკზე. „ბალოზისა“ და „ერგენეკონის“ გეგმების ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალდებით თურქეთის პოლიციამ ასობით სამხედრო, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და მეცნიერი დააპატიმრა. თუმცა თურქი სამხედროები უარყოფენ სამხედრო გადატრიალების მცდელობას. როგორც თურქეთის შეიარაღებული ძალების პირველი არმიის სარდალმა ჩეთინ დოღანმა უთხრა გამოძიებას, „ბალოზის“ გეგმა ”მხოლოდ სასწავლო მიზნით, სამხედრო სწავლების ჩასატარებლად იქნა შემუშავებული, როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი თურქეთის რესპუბლიკის საფუძვლების შესანარჩუნებლად.“

თუმცა ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება სამხედრო გადატრიალების სამზადისში და, შესაბამისად, პროკურატურის გამომძიებლებიც კანიდან ძვრებიან, რათა დამაჯერებელი მტკიცებულებები მოიპოვონ ამ ბრალდების გასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით 700-მდე ადამიანი დააპატიმრა, დანაშაულის დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. აი, რას ამბობს გარეთ ჯენკინსი, სტამბულში მცხოვრები უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი:

„მოსამართლეებმა გასულ თვეში ახალგაზრდა ლეიტენანტი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დაამტკიცა, რომ პოლიციამ თავადვე მიიტანა მისი მამხილებელი ნივთმტკიცება. მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონის დამრღვევი პოლიციელების მიმართ არანაირი ზომები არ გატარებულა და სწორედ ამიტომ არიან მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები ასე იმედგაცრუებულნი. თქვენს წინაშეა მზარდი ავტორიტარიზმი თურქეთში, რომელიც, სამწუხაროდ, ამ მომენტისათვის ძალიან შორდება დემოკრატიას.“

ამ ფონზე, თურქეთში სულ უფრო ხმამაღლა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თურქეთის „სამართლიანობის პარტია“ ცდილობს რეპრესიებით დაასუსტოს მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე - თურქეთის არმია, რომელსაც, ათათურქის ანდერძის თანახმად „რესპუბლიკის საფუძვლების“ დაცვა ევალება. პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ისიც კი თქვა, რომ სურს კონსენსუსის საფუძველზე შეცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სამხედროების კარნახით დაიწერა.

გარეთ ჯენკინსის, სტამბულში მცხოვრები უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის თქმით კი, ხელისუფლება ცდილობს შური იძიოს არმიაზე იმის გამო, რომ 2007 წელს სამხედრო ხელმძღვანელობა შეეცადა ხელი შეეშალა აბდულ აგულის გაპრეზიდენტებისათვის, ამ უკანასკნელის ისლამისტური წარსული გამო:

„სამხედროების პოლიტიკაში ჩარევის ერა რამდენიმე წლის წინ დასრულდა, მაგრამ ხელისუფლების მომხრეები რევანშს იღებენ სამხედროებზე, როგორც ინსტიტუტზე, 30-40 წლის წინანდელი მოვლენების გამო და ცდილობენ ეს ყველაფერი წარმოადგინონ, როგორც აუცილებელი ზომა ქვეყნის დემოკრატიზაციისათვის.“

ოპონენტებისგან განსხვავებით, სწორედ დემოკრატიზაციისა და სეკულარიზმის საფუძვლების დასაცავად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს თურქეთის ხელისუფლება არმიის გაწმენდას არალოიალური სამხედრო პირებისაგან. რადიო თავისუფლების სათავო ოფისში სტუმრად მყოფმა თურქეთის ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში კიჰარდ ერგინაიმ, ხელისუფლების ქმედებაში „სამოქალაქო კონტროლის“ ელემენტები დაინახა:

„ ეს აჩვენებს, თუ როგორ ყალიბდება დემოკრატია თურქეთში, რამდენად უმჯობესდება სამოქალაქო კონტროლი სამხედროთა საქმიანობაზე.“

რეპრესიებისა და სამხედროებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების მცდელობის მიუხედავად, თურქეთის არმია კვლავაც ყველაზე გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტად რჩება თურქეთში. „ვიდრე ქურთთა პრობლემა მოუგვარებელია და არსებობს დაძაბული ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან, სამხედროების როლი ყოველთვის დიდი იქნებაო,“- ამბობს მენსურ აკგუნი, სტამბულის კულტურის უნივერსიტეტის პოლიტიკის ანალიტიკოსი.

ამ რეალობას ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფლებაც, თუმცა მარწუხების შესუსტებას არ აპირებს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა 2 აგვისტოს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დანიშნა არა საბრძოლო ოფიცერი, არამედ ადმინისტრატორი - გასამხედროებული ჟანდარმერიის ხელმძღვანელი, გენერალი ნეჩდეტ ოზელი.
XS
SM
MD
LG