Accessibility links

logo-print

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე და ახალგაზრდული კონტრკულტურა


გაეროს ინიციატივით მსოფლიო 1999 წლიდან ყოველ 12 აგვისტოს აღნიშნავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. მართალია, აგვისტოში ყველა უნივერსიტეტში, სკოლაში საზაფხულო არდადეგებია, მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკები, სადაც, როგორც გაეროს ერთ-ერთ რეზოლუციაშია აღნიშნული, ”ახალგაზრდებს ეძლევათ დასვენების და შემოქმედების საშუალება”. სიტყვა ”შემოქმედება” ყოველთვის აქტუალურია: 1999 წლიდან, როცა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე დაწესდა, დღემდე დღესასწაულის ორგანიზატორები იგონებენ განსხვავებულ თემებს, რომელსაც ეს დღე ეძღვნება. გაგახსენებთ, რომ მსოფლიოში დღეს სამი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 25 წელზე ნაკლებია, და აქედან ნახევარ მილიარდზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს - არა აქვს სამუშაო და არა აქვს სწავლის საშუალება. 12 აგვისტოს მსოფლიოს ამ ახალგაზრდების პრობლემებს ახსენებენ. გარდა ამისა, ამ დღეს ახალგაზრდები ირჩევენ თემებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გამოხატონ თავიანთი პოზიცია კულტურული კლიშეების მიმართ, იმ სტერეოტიპების მიმართ, რომლებიც საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს და ზღუდავს, პირველ რიგში, ახალგაზრდობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს დღე კონტრკულტურის დღეცაა. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ”შეძრან” ტრადიციული კულტურა.

”კულტურის საპირისპირო დღეს არის რესტორანი - გამოვამჟღავნოთ ჰედონიზმი და ვთქვათ, რომ ჩვენ ვტკბებით ცხოვრებით. ჩვენთვის კონტრკულტურა რესტორანია, ამიტომ დღეს შეიძლება სულ სხვა პრობლემები იყოს აქტუალური“, - აღნიშნა არტკრიტიკოსმა დავით ჩიხლაძემ დისკუსიაზე, რომელიც ამ ზამთარს მოეწყო ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” ინიციატივით.

ის, რაც ოფიციალური კულტურის ”მიღმა” უნდა მოიაზრებოდეს, ხდება ”კულტურა”, ხოლო ”კონტრკულტურა”, ახალგაზრდული, ასე ვთქვათ, ”მებრძოლი” კულტურა, ფაქტობრივად, არ არსებობს, რადგან ტრადიციული კულტურისა და კულტურული კლიშეების ”სადარაჯოზე”, როგორც წესი, თავად ახალგაზრდები დგანან.

ამაზე დაგაფიქრებთ სტუდია ”მონიტორის” ფილმი, რომელიც წელს, გაზაფხულზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტს მიეძღვნა - სტუდენტების ერთი ნაწილისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქტივისტების დაპირისპირებას. გაგახსენებთ, რომ სტუდენტების ერთმა მცირე ჯგუფმა მოაწყო ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც „თარგმნე“ ეწოდებოდა. პროექტის მიზანი იყო სოციალ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე არსებული სასწავლო ლიტერატურის უკმარისობის მოგვარება უცხოური წიგნების თარგმნის გზით. მაგრამ პროექტის პრეზენტაცია ახალგაზრდების დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სტუდია ”მონიტორის” ფილმით თუ ვიმსჯელებთ, თვითმმართველობა აწყობს შეხვედრებს ღვთისმსახურებთან, პოეტ გივი სიხარულიძესთან, ანუ უფრო იმ ხალხთან, ვინც ტრადიციულ ფასეულობებს ქადაგებს და კონსერვატორული ღირებულებების მომხრეა. ამის ახსნაც შეიძლება: რაზეც არის მოთხოვნილება, ის სრულდება; რომ ესტრადის ვარსკვლავებზე, ტელევიზიის გასართობი გადაცემების წამყვანებსა და სასულიერო პირებზე ახალგაზრდებს შორის მოთხოვნილება დიდია, ეს ფაქტია და ვფიქრობ, საგანგებო კვლევის გარეშეც შეიძლება დადასტურდეს. მაგრამ ის, რასაც კონტრკულტურა ჰქვია და რასაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მხარს უჭერს ახალგაზრდობა, შეიძლება არ ეყრდნობა უმრავლესობას, მაგრამ უფრო აგრესიულია, უფრო ეფექტური და, აქედან გამომდინარე, შეუძლია უფრო მეტად მიიპყროს ყურადღება. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასე იყო 1968 წელს ევროპაში.

პრობლემა ისაა, რომ ამ ეგრეთ წოდებული ”მეამბოხე” სტუდენტების ერთი ნაწილიც კი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკიდან შორსაა და მათი პროტესტი არაა პოლიტიკური ხასიათის... აქ კარგი იქნება გავიხსენოთ ერთი გამოხმაურება ამ აქციებზე. ინტერნეტპორტალ ”ევროპიენ ჯიზე” ნიკა ქობულაძე წერდა, თუ გვსურს ნამდვილი დასავლური დემოკრატია ავაშენოთ, მაშინ არ უნდა შეგვეშინდეს დღეს არაპოპულარული სიტყვების: პოლიტიკა, ბრძოლა, პარტია, მიტინგი, რადიკალიზმი... სწორედ ამ სიტყვებმა და მათმა პრაქტიკულმა გამოყენებამ ააშენა ის რეალურად არსებული დასავლეთი და დასავლური დემოკრატიებიო.

ამ აზრს იზიარებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 12 აგვისტოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მათ აქციებს მკვეთრად გამოხატული სოციალური და პოლიტიკური ხასიათი აქვთ. მაგრამ საქართველოში ამის მიღწევა კვლავაც შეუძლებელი ხდება - ახალგაზრდული ზეიმები საშუალო დონის უფასო კონცერტებით და სპორტული შეჯიბრებებით აღინიშნება.

მაგრამ ახალგაზრდობა ხომ სწორედ იმიტომაა ახალგაზრდობა, რომ გაარღვიოს ეს ჩაკეტილი სივრცე და უარი თქვას იმ ფასეულობებზე, რომლებსაც წლების მანძილზე თავს ახვევდნენ?.. სადაა გამოსავალი?.. როცა მეამბოხე ახალგაზრდობაც კი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ არ აინტერესებს პოლიტიკა, ძნელი ხდება კონტრკულტურამ ოდნავ მაინც შეძრას საზოგადოება.
XS
SM
MD
LG