Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები საგუშაგოზე და ახალგორის ბავშვთა სახლის გაუქმება


დღეიდან ახალგორის შესასვლელთან, ახმაჯის რუსულ საგუშაგოზე, გადაადგილების ახალი რეჟიმი ამოქმედდა. რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ახმაჯელები უკვე გააფრთხილეს, რომ საგუშაგოზე გავლა მხოლოდ დილის 6–დან 10 საათამდე და საღამოს 16–დან 18 საათამდე იქნება შესაძლებელი. შესაბამისი განცხადება გამოკრულია საგუშაგოზეც, მაგრამ რუსებს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავთ. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ რუსი მესაზღვრეები ახმაჯელებს ერთი კვირის წინ აფრთხილებდნენ, მაგრამ ახალგორის მეორე საგუშაგოზე მსგავსი შეზღუდვა ჯერ არ დაწესებულა.

როგორც ახალგორელებმა გვაცნობეს, გადაადგილების პრობლემა ქართული პოლიციის საგუშაგოზე დაბის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს შეუქმნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორის ბავშვთა სახლი იხურება, ბავშვებს კი საგურამოსა და წეროვანში გზავნიან. ბავშვთა სახლის დირექტორს ოლია მწითურს ჯანდაცვის სამინისტროდან სახლის გაუქმებაზე ოფიციალური ბრძანება არ მიუღია, მაგრამ დაფინანსება მაისის თვიდან შეწყდა.

ახალგორის ბავშვთა სახლში დაბის მიმდებარე სოფლების და წეროვანის დასახლების სოციალურად დაუცველი მოზარდები დადიოდნენ, განათლებას კი იქვე არსებულ სკოლაში იღებდნენ. ბავშვთა სახლში 40–ზე მეტი აღსაზრდელი ირიცხებოდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო კი სახლმა,ფაქტობრივად, ფუნქციონირება შეწყვიტა. გაურკვეველ მდგომარეობაში არიან მშობლები და პედაგოგები. ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ბავშვთა სახლს ომის დღეებშიც კი არ შეუწყვეტია მუშაობა. გარდა ამისა, საფრთხის წინაშე დგება ახლგორის ქართული სკოლის ფუნქციონირებაც, რადგან სკოლის კონტინგენტის დიდ ნაწილს სწორედ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები შეადგენდნენ.

ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური ჩვენმა სატელეფონო ზარმა და კითხვებმა გააღიზიანა. მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგორის ბავშვთა სახლი ადგილს იცვლის. მისი აზრით, სახელმწიფოს ეს ნაბიჯი სწორია, რადგან დაბაში ამ ბავშვების უსაფრთხოება დაცული არ იყო, ადგილობრივი პედაგოგები კი მათ ფარად იყენებდნენ.

დაბის გამგებლის განცხადებით, მასწავლებლებს და აღმზრდელებს ბავშვთა სახლის გაუქმების შემდეგ დაფინანსება და სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ, თუმცა ფიცხელაური აღიარებს, რომ ქართულ სკოლას კონტინგენტი შეუმცირდება. ახალგორელები ახლა უკვე ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდებიან სახლის ოფიციალურად გაუქმების ბრძანებას.
XS
SM
MD
LG