Accessibility links

ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობა ცარიელია. 300-მდე დევნილი ოჯახიდან ნაწილმა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი 13 აგვისტოს დატოვა, დარჩენილ 40 ოჯახს კი შენობა დღეს პოლიციის ზეწოლით დაატოვებინეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს შეთავაზებას, ანუ 10 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში, 142 ოჯახი დასთანხმდა, ნაწილმა კი ამ შეთავაზებაზეც უარი თქვა. დევნილების განცხადებით, თითქმის არც ერთი ოჯახი არ დასთანხმდა სამინისტროს მეორე შეთავაზებას - გადავიდნენ ქალაქ რუსთავში კომპაქტური ჩასახლების ახალ ობიექტზე ნოემბერში, მანამდე კი ქირით იცხოვრონ.

ჩვენი დიდი თხოვნა იყო, უკანასკნელი თხოვნა, როცა ვერაფერს მივაღწიეთ, რომ ეს სამი თვე გავეჩერებინეთ ამ შენობაში და შემდეგ პირდაპირ იმ ბინებში გადავეყვანეთ...
სანამ უშუალოდ ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესის შესახებ გეტყოდეთ რაიმეს, გაგაცნობთ ამონარიდს განცხადებიდან, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით გაავრცელა:

”დასრულდა 20 წლიანი ტანჯვა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ჯოჯოხეთურ და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდა სასტუმრო "აფხაზეთში". სამინისტრომ აუსრულა მათ წინასაარჩევნო დაპირება და სამინისტროს შუამდგომლობითა და ფასილიტაციით შენობის მეპატრონემ ამ ადამიანების ნაწილს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარებში), მეორე ნაწილს კი, ვისაც სურვილი ჰქონდა, შესთავაზა ბინა რუსთავში.”

ახლა კი ერთ-ერთი დევნილის, ლალი კეკოშვილისგან მოვისმინოთ, როგორ დასრულდა სინამდვილეში ეს 20 წლიანი ”ჯოჯოხეთური ტანჯვა”:

” ჩვენი დიდი თხოვნა იყო, უკანასკნელი თხოვნა, როცა ვერაფერს მივაღწიეთ, რომ ეს სამი თვე გავეჩერებინეთ ამ შენობაში და შემდეგ პირდაპირ იმ ბინებში გადავეყვანეთ, რაზეც ჩვენ უარი მივიღეთ. საერთოდ გვექცევიან ყველა კანონის დარღვევით, ხალხად არ გვთვლიან. ღირსება ამყარეს, სულში ჩამაფურთხეს. მე მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, იქნებ რომელიმე ქვეყანამ მომცეს თავშესაფარი.”

შეგახსენებთ, რომ შეტყობინება ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობიდან გამოსახლების შესახებ დევნილებს 10 დღის წინ მიუვიდათ. ამის შემდეგ დაიწყო უშედეგო აქციები და სასამართლოში განცხადების შეტანა გამოსახლების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, დღეს კი, 15 აგვისტოს, სასტუმროდან, ანუ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტიდან, ის 40 ოჯახი გამოასახლეს, რომელმაც 13 აგვისტოს საკუთარი ნებით არ დატოვა შენობა. დევნილთა უმეტესობამ 10 ათასი დოლარის მიღებაზე, როგორც თავად აცხადებენ, იძულებით მოაწერა ხელი. ერთ -ერთი ასეთი იყო გიორგი მელიქიშვილი, დევნილი მხატვარი. ის გამოსახლების პროცესში სასტუმრო „აფხაზეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად ჩრდილში იდგა და თვალს ადევნებდა პოლიციის მიერ რკინის ჯებირით გარშემორტყმულ ყოფილ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს, სადაც 20 წელზე მეტი იცხოვრა.

გააერთიანეს ოჯახები. ჩემი გათხოვილი შვილები მომაწერეს მე...
” 21 წელი აქ ვცხოვრობდი. აი, ასე უნამუსოდ მოგვექცნენ. მეტი რა უნდა ვთქვა, უნამუსოდ მოგვექცნენ, გამოგვყარეს წიხლის კვრით. 10 ათასი დოლარი შემოგვთავაზეს, იმაზეც გარკვეული დრო მოგვცეს, არ მოაწერ ხელს და მორჩა, იმასაც დაკარგავო, და დავთანხმდით, რა.”

”ინვესტორთან დალაპარაკების საშუალება არ მოგეცათ?”
” არა, არანაირად. ეს ბოლო დღეს გავიგეთ, რომ ვიღაცამ იყიდა. ”

როგორც გიორგი მელიქიშვილის კომენტარიდან ჩანს, დევნილებს ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობის მეპატრონესთან დალაპარაკების საშუალება არ მიეცათ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სამინისტროს შუამდგომლობითა და ფასილიტაციით შენობის მეპატრონემ ამ ადამიანების ნაწილს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარებში). რატომ ათი ათასი დოლარი, როდესაც დევნილები მეტს ითხოვდნენ და ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც აცხადებდნენ? სამინისტროში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. დევნილებისთვის ასევე გაუგებარი და სადავოა როგორ, რა ნიშნის მიხედვით დააჯგუფა სამინისტრომ ოჯახები. დევნილები ამბობენ, რომ მათ არ გაითვალისწინეს ოცი წლის მანძილზე ოჯახებში შეცვლილი ვითარება და ისინი - ეს ოჯახები - პირველი აღწერის მიხედვით განიხილეს. დევნილი ლილი ბაბუჩაძე ჩიოდა:

”გააერთიანეს ოჯახები. ჩემი გათხოვილი შვილები მომაწერეს მე. ერთი შვილი ლტოლვილზე იყო გათხოვილი და გაცილებულია, 14 წლის შვილი ჰყავს. ჩემი შვილი 12 წლის იყო, რო ჩამოვიყვანე. აი, გაიზარდა, გათხოვდა და 14 წლის შვილი ჰყავს ახლა და მე მომაწერეს. მეორე შვილიც გათხოვილია, ორი შვილი ჰყავს -15 და 12 წლის ბავშვები - და ისინიც მე მომაწერეს და მე რა ვუშველო იმათ, სად წავიყვანო? ”

ყოფილი სასტუმრო „აფახაზეთის“ შენობას დღეს დილის 6 საათიდან პოლიციელები იცავდნენ. ისინი ჟურნალისტებს შენობასთან მიახლოებისა და დევნილებთან გასაუბრების საშუალებას არ აძლევდნენ და რაღაც გაურკვეველ ბრძანებას იშველიებდნენ.

” ჟურნალისტების შეშვება რატომ არ შეიძლება?”
- არ ვიცი.
- რატომ და ბრძანება მოგვცეს, აქ დადექით და არავინ შემოუშვათო.
-”საიდან მოვიდა ეს ბრძანება?”
ამ კითხვაზე პოლიციელებს პასუხი არ გაუციათ.

აქვე გეტყვით, რომ უკანასკნელ დროს თბილისში განხორციელებული დევნილების გამოსახლების ყველა პროცესისგან განსხვავებით, ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილების გამოსახლება მშვიდად წარიმართა.
XS
SM
MD
LG