Accessibility links

logo-print
7 აგვისტო, კვირა
ნუთუ მართლა ღირს აღვწერო, სად ვარ და ვისთან ერთად, რას ვჭამ, რას ვკითხულობ, რას ვწერ? ანდა დავრბივარ, ვწევარ თუ მიწაში თავით ვერჭობი? იქნებ ჯობს, რამდენადაც შევძლებ, გავერიდო ამას? და თუ მოვახერხებ, იქნებ არც გითხრათ, სად გამიწვიმდა და სად მახვევია თითქმის მთელი დღე გარს ნისლი?.. ან ჩემი წამლისთვის ამ წარღვნაში ვინ წავიდა სამარშრუტო ტაქსის დასახვედრად ორჯერ და ბოლოს სრულიად გალუმპული ამობრუნდა? და ვითომ უკეთესს რას ვაკეთებდი ამ დროს მე, სახლში კომფორტულად მოკალათებული?

თუმცა, მინდა თუ არა, რაღაც მაინც ხომ უნდა მოვყვე? ერთკვირიან, დიდ აბსტრაქტულ ტილოს ხომ არ შევქმნი? არ ვიცი... მოკლედ, ჯობს, დავიწყო და გზაში გამოჩნდება...

ნისლიანი ამინდი შავ-თეთრია. შავ-თეთრი სამყარო კი ჩემია. საშინლად მიყვარს. ეს დღეც ასე დაიწყო: შაბათი ღამე 12-ს გადაცდა თუ არა, ძვირფას მეგობარ ქალთან ერთად კინოში წავედი. ორკაციანი პატარა დარბაზი იყო, 4 კვ.მ-იანი. ჩამომადო თავი მხარზე და ძველ შავ-თეთრ ფილმს ვუყურეთ, ფილმს გოგონაზე, რომელიც მონაზვნად აპირებს აღიკვეცოს, მაგრამ ცხოვრება ისეთ რამეებს მოუწყობს, რომ ყველაფერს კარტის თამაშით ამთავრებს. ბევრი ნაწარმოებია, სადაც პერსონაჟები კარტის თამაშით იწყებენ და ღვთისმოსაობით ამთავრებენ, მაგრამ ვირიდიანას ამ „უკუღმართ“ ისტორიას სულ სხვა სიმართლე და ძალა აქვს. დილით, სიზმრიდან არცა ვარ წესიერად გამოსული და ძილ-ბურანში კვლავ მასზე ვფიქრობ. რომ ვფხიზლდები, ფანჯარაში ბუნდოვანი, თითქმის შავ-თეთრი კადრი მხვდება. მერეც, ცოტა უფრო დიდ დარბაზში (ასე, 9 კვ.მ) ის ჩემი ძვირფასი მეგობარი ქალი ბავშვებთან ერთად საწოლზე მოკალათებული სხვა შავ-თეთრ ფილმს უყურებს და პარალელურად თარჯიმნის როლსაც ასრულებს. „რატომ მაინცდამაინც 400 დარტყმა და არა მეტი ან ნაკლები?“ - არჩევენ თან ამ საკითხს. „ან რატომ მირბის ამდენი ხანი ზღვისკენ ანტუანი?“

თანდათან ყველაფერი სველდება. რაც მთავარია, სველდებიან ადამიანები და ამაღელვებლად ფერადები ხდებიან. შავ-თეთრ ტონალობაში ბუნებრივად შემოდიან და ბრჭყვინვას იწყებენ. ბრჭყვინვას იწყებს სველი ტანსაცმელიც, რომელიც მთელ სახლს ეფინება. იატაკზე, ლოგინებზე, სკამებზე კაშკაშა ფეხსაცმელები, ქურთუკები, გეტრები, ჯემპრები იფანტება. ყველაზე პატარა ბიჭი თეთრკოპლებიანი წითელი ყუთით დადის აქეთ-იქით, მერე წაბორძიკდება და... ყუთიდან წყალი ეღვრება. ძვირფასი მეგობარი ქალი ტაშტში ფეხს იბანს. ანუ ყველგან წყალია - გარეთაც, შიგნითაც... წყალი, რომელმაც ეს დღე ძველი შავ-თეთრი ფილმივით დაიწყო და თანდათან არაჩვეულებრივ ფერად ფილმად აქცია.

პირველ სართულზე ჩავდივარ. მეზობლები მოგროვილან და კარტს თამაშობენ. ისევ დღევანდელი „ვირიდიანა“ მახსენდება, პირველად ალბათ ასე 20-25 წლის წინ, მათ ასაკში ნანახი, და მეღიმება. შავ-თეთრად მარტო ვვახშმობ და ისევ ზევით ავდივარ. ფერად ნივთებს ალაგებენ და დასაძინებლად წვებიან ფერადი ადამიანები. დღე მთავრდება. ვხსნი ახალ ფაილს და შავით თეთრზე ვკრეფ: „7 აგვისტო, კვირა“... ჰმ, მალე 8 აგვისტო დაიწყება... მახსენდება, რომ ზუსტად სამი წლის წინაც აქ ვიყავით, მაშინ, როცა საშინლად ცუდი შავ-თეთრი რუსულ-ქართული ფილმი დაიწყო...

ანუ რა გამოდის, არც მთლად ყოველთვის ასეთი კარგი და ლამაზია შავ-თეთრი?.. თუ პირიქით, სულაც არ იყო ეს ფილმი შავ-თეთრი? უგემოვნოდ, ამაზრზენად ჭრელი იყო, ერთმანეთში უნიჭოდ შეზავებული ფერებით დახატული? ჰო, ალბათ უფრო ასე.
ფერადი ხომ ხშირად უფრო ბოროტია, ვიდრე შავ-თეთრი...



8 აგვისტო, ორშაბათი
ასე ამაღელვებლად ფერადი ადამიანები დასაბანები აღმოჩნდნენ, მათი ფერადი ტანსაცმელი კი - გასარეცხი, და ქალაქში ჩამოვდივართ. იგივე დეკორაციაა - მთელ ბინაში გაფანტული ნივთები და მათ შორის მობორიალე სხვადასხვა ზომის, ჭკუისა და განწყობის არსებები. სარეცხი მანქანა თახთახებს და ქაფიან შავ-თეთრ წყალს უშვებს. ფეხმოტეხილია და აბაზანაში ძაგძაგით იწყებს ხოლმე ბორიალს. ამიტომ ხმას რომ გავიგონებ, უნდა გავიქცე და დავიჭირო. და მეც სარეცხის ყოველ ახალ პარტიაზე დაახლოებით ხუთი წუთი ვდგავარ და ფოთოლივით ვთრთი. ამჯერად, გარდა თრთოლვისა, არც არაფერი მევალება. ამიტომ კარგ და ძველ სხვა შავ-თეთრ ფილმებს ვეძებ და ვიწერ. მერე ქალაქში გავდივარ. ჯიბეში მხოლოდ რამდენიმე ოცთეთრიანიღა ჩამრჩენია. რომ დამაჯილდოვეს, იმის მერე, ასე, 25 დღე მქონდა ფული, დღეს კი ვგრძნობ, რომ ბოლომდე დავუბრუნდი ჩვეულ მდგომარეობას... და ისევ ვიწყებ გამწარებულ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გავიტანო ჩემი შავი ლიტერატურული შრომით სამომავლოდ თავი.

ტყუილად ვიარე და ვიფიქრე. არაფერი საინტერესო ან შედეგიანი. გარდა იმისა, რომ მე და ერთმა პროზაიკოსმა ქალმა ცოტა ხანი პირველ სიყვარულზე და მის ფენომენზე ვილაპარაკეთ. მან ცოტა ხნის წინ ავტობიოგრაფიული რომანი დაწერა, სადაც ცამეტი წლის ასაკში მის თავს დამტყდარ პირველ სიყვარულს აღწერს. რომ ვკითხულობდი, სულ საკუთარი თავი მედგა თვალწინ. ზუსტად მაგ ასაკში ხომ მეც სიყვარულის ურო მომხვდა გულში და მერე ამ დარეტიანებული გულით დიდხანს ვიარე.

რაკი ის თავის რომანში უკვე ყველაფერს მოყვა, ახლა მე ვუყვები ჩემი სიყვარულის სიგიჟეებს. განსხვავება ისაა, რომ მას თავისზე უფროსი, 20 წლის ბიჭი უყვარდა, მე კი ჩემზე ორი წლით პატარა გოგო. მსგავსება კი ის, რომ ორივე სიყვარული ბოლომდე ცალმხრივი იყო, იმდენად ცალმხრივი, რომ ჩვენმა სატრფოებმა ამის შესახებ არც არაფერი იცოდნენ. ვმსჯელობთ იმაზე, რომ როცა ასეთი ცალმხრივია პირველი სიყვარული, სწორედ მაშინაა ბოლომდე, ავად გახდომამდე მძაფრი და სწორედ მაშინ მიყვება ადამიანს იგი მთელი ცხოვრება. და რომ, შესაძლოა, იმ მომენტში ძალიან ძნელად გადასატანი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ასეთი სიყვარული ზრდის ადამიანს სულიერად.

არადა, სწორედ ამ ასაკშია ახლა ჩემი უფროსი გოგო. ნეტა არის შეყვარებული? ანუ ცალმხრივად შეყვარებული? რას გაიგებ. მშობლები ხომ, როგორც უნდა უნდოდეთ, როგორც წესი, მაინც ვერ ხვდებიან ხოლმე ამას. სახლში ვბრუნდები და სხვა თვალით ვაკვირდები ცამეტი წლის გოგოს. არა, სიყვარულის ამბავი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს ჟურნალისტობის ვნებამ შეიპყრო იგი. თავის დებთან და მეზობლის გოგოსთან ერთად ჟურნალს ამზადებს. ჩვენი აგარაკის პერიოდული გამოცემა უნდა იყოს და ზაფხულობით უნდა გამოვიდეს. უკვე აიღეს ინტერვიუები ჩვენს მეზობლად მცხოვრებ ქართული ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსთან და ჩვენი მაღაზიის მარადიულ გამყიდველ სვეტასთან, დაწერეს სტატია აგარაკის პრობლემებისა და აგარაკის ბავშვების შესახებ, კროსვორდი შეადგინეს აგარაკის თემატიკაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, მიდის გაცხარებული მუშაობა!

წამოწოლილს ჩამეძინა, ტელევიზორში რუსეთ-საქართველოს ომზე სიუჟეტების ფონზე. მომიტევეთ!

9 აგვისტო, სამშაბათი
აღარც შავ-თეთრი და აღარც ფერადი. ყველაფერი მოყვითალო ფერში გადავიდა, ლუდის სმაში. მიზეზთა გამო ქალაქიდან აგარაკზე ვერ ავაღწიეთ. და რაკი ვერ ავაღწიეთ, სტუმრიანობა გავაჩაღეთ სახლში. ჩვეულებრივი კარგი სტუმრიანობა იყო, არც არაფერია მოსაყოლი.

ჰო, ერთი რამ ეგოისტურად მაინც დამამახსოვრდა. მე და ჩემი მეგობარი ლუდის საყიდლად რომ ჩავედით, გზაში, საუბარში ჩამეკითხა, ახალი მოთხრობები ხომ არ დაგიწერიაო. იგი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ჩემი პროზა გაცილებით უფრო რომ მოსწონს და აინტერესებს, ვიდრე პოეზია. ვუთხარი ახალი პროზაული მცდელობების შესახებ. მერე კითხვა გამიჩნდა: ვერ ვხვდები, პროზაში ჩემი სტილი მაქვს თუ არა, სულ სხვადასხვანაირი მოთხრობები გამომდის, ოღონდ, პროკრუსტეს სარეცელზე ნამყოფებივით, თითქმის ყოველთვის ერთი ზომის, იმიტომ რომ ლექსივით ერთ ღამეში ვწერ-მეთქი. მარტივი პასუხი იყო: შენი მოთხრობები ნეიტრალურიაო. „ვიკრუტასების“ გარეშეო. არ ვიცი, რა იყო ამ განსაზღვრებაში მოსაწონი, მაგრამ თავი დავუქნიე და მივიღე ჩემი პროზაული სტილის ასეთი განმარტება. მერე საუბარმა მიმართულება იცვალა და ამ საკითხს აღარც დავბრუნებივართ, აღარ განგვიხილავს ღრმად...

10 აგვისტო, ოთხშაბათი
ოჯახი თანდათან თავისუფალი რეჟიმით იწყებს ცხოვრებას. სრული არხეინობა სუფევს, თუმც, სამწუხაროდ, მაინც ნევროზთან შეწყვილებული. გუშინდელი სტუმრიანობის ნიადაგზე სამზარეულოში პატარა ნაგავსაყრელი გაჩნდა, ძირითადად ორლიტრიანი Žatecký Gus-ის ბოთლები დაგორავენ. გავივლი, წავარტყამ ფეხს, გამოვივლი - წამოვარტყამ. ყველა გადაღლილია, არავის ჭურჭლის რეცხვის თავი არა აქვს და ამიტომ ერთჯერად თეფშებზე ერთჯერადი დანა-ჩანგლით ვიკვებებით. რაღაცნაირად მომწონს ასეთი ყოფა. ცოტა ხნით ქალაქში ჩამოსულები, მესამე დღეა, რაც აქ ჩავრჩით. მე სრულ უმოქმედობაში გადავდივარ. არადა, საღამოს მოახლოებასთან ერთად გაღიზიანება მატულობს. ყველას ისევ აგარაკისკენ მიუწევს გული. მაჯანჯღარებენ, მეხვეწებიან, მიყვირიან, რომ ასვლის საკითხები მოვაგვარო. უშედეგოდ... ხელი ჩაიქნიეს და ისევ ძვირფასმა მეგობარმა ქალმა დაიწყო აქტიურობა. იქნებ არ გამოუვიდეს - გულისგულში ვფიქრობ სრულიად გაზარმაცებული. მაგრამ ყველაფერი გამოსდის: ფულსაც შოულობს, პროდუქტებსაც ყიდულობს... ეჰ, დავრჩებოდი აქ, მარტოობაში, ჩემთვის, უმოძრაოდ, მით უმეტეს, რომ სულაც არ ცხელა, მაგრამ ვინ დაგტოვებს...

ჰერი ჰერიიი...

გზაში, მანქანაში ცამეტი წლის გოგო იპოდრომთან თვალებს ხუჭავს და სახლამდე ასე მგზავრობს. მე წინ ვზივარ და ამიტომ ამას გვიან ვიგებ, როცა უკვე სახლს ვუახლოვდებით. და ვეკითხები, ვაცივდები, ვაჯინდები, მინდა მითხრას, რა განცდა ჰქონდა, რას ხედავდა, რა ელანდებოდა, როცა ასე თვალებდახუჭული თხუთმეტი წუთი მიქროდა ოღროჩოღრო გზაზე, მაგრამ არაფერს მეუბნება. არ მიშვებს თავის ხილვებში...

ყვითელი სითხის დიდი დოზებით მოთენთილს, ცოტა ხანში, როგორც წესი, მესამე ქალბატონი მეძახის, მომიწექი, ჩამეხუტე, დამაძინეო. ვუწვები, მკერდზე მადებს თავის გაპუწულ თავს და გაკნაჭულ ხელებს, თბილად მასუნთქავს და მეც, როგორ წესი, სულ მალე ტკბილად ვითიშები...

11 აგვისტო, ხუთშაბათი
ჩვენს აგარაკზე მოსახლეთა რაოდენობა წუთი-წუთზე იზრდება. გუშინ საღამოს თერთმეტნი ვიყავით. დღეს დილით, რომ გავიღვიძე და ქვემოთ ჩავედი, მეთორმეტე იყო შემომატებული. ახლა უკვე ცამეტნი ვართ. არა, თოთხმეტნი, თუ თუთიყუშ პოპოსაც გავითვალისწინებთ. პოპო „ბიტლომანია“. რა მუსიკაც უნდა ჩართონ, თითქმის არასდროს არა აქვს რეაქცია, „ბიტლზის“ ნებისმიერი მელოდიის გაგონებაზე კი გიჟდება, ხმამაღლა, ექსპრესიულად იწყებს ჭიკჭიკს, რიტმში ყვება მუსიკოსებს. უკვე სერიოზულად ვფიქრობ, მასში ლენონის ან ჰარისონის სული ხომ არაა ჩასახლებული.

სამოსახლოში დიდი მისვლა-მოსვლაა. ზოგი პინგ-პონგს თამაშობს, ზოგი კარტს, ზოგი ჭორაობს, ზოგი საქანელაზე ქანაობს, ზოგი საჭმელს აკეთებს, ზოგი არაფერს არ აკეთებს, ზოგი წიგნს კითხულობს, ზოგი ყავას სვამს, ზოგი ჭიდან წყალს ქაჩავს, ზოგი წივილ-კივილით დარბის, ზოგი მზის გულზე გარინდულა... მე, ძირითადად, კლავიატურას ვუკაკუნებ.

ფერების ადრინდელი მძაფრი აღქმა დამიჩლუნგდა. ალბათ იმიტომ, რომ სასწრაფოდ სათარგმნ ტექსტზე გადავერთე თითქმის მთლიანად და გარესამყაროს მხოლოდ ფრაგმენტულად აღვიქვამ.

კაკუნ-კაკუნით, თანდათანობით, ტექსტში ვიკარგები და დღეც მთავრდება...

12 აგვისტო, პარასკევი
თუმცა არა. როგორც კი 12-ს სცილდება და 12 რიცხვი დგება, მუშაობით დაღლილი ეზოში ჩავდივარ ტვინის გასანიავებლად. მაგიდას ვუჯდები, სავსე მთვარეს ავყურებ და სიგარეტს ვაფუილებ. და რაღაცნაირად თავისთავად, მე და ჩემი ბიძაშვილის შვილი მთვარეზე, პლანეტებზე, მზის სისტემაზე, გალაქტიკებზე ვიწყებთ ლაპარაკს. ასტრონომიაზე გადაცემათა ციკლს ვუყურეო და გატაცებით მიყვება იმის შესახებ, რაც იქ მოისმინა. მეც ჩემს ძველისძველ დაჟანგულ ცოდნას პირს ვუხსნი და ვცდილობ, მის ზოგიერთ კითხვას პასუხი გავცე ან ჩემებური ინტერპრეტაცია გავუკეთო... ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მწყდება გული, რომ მეცნიერი ვერ გამოვიდა ჩემგან. მეცნიერის სამყარო ხომ, ჩემი აზრით, პოეტის სამყაროზე გაცილებით შთამბეჭდავია და პოეტები ძირითადად ვერშემდგარი მეცნიერები არიან...

სხვა ცივილიზაციებზე ვლაპარაკობთ. ორივენი დარწმუნებულები ვართ, რომ სამყაროში უთვალავი პლანეტაა, სადაც ცხოვრებაა გაჩაღებული. ნეტა როგორ ლექსებს წერენ იქ? როგორი გენიოსი პოეტები ჰყავთ? მიუხედავად მეცნიერული სწრაფვებისა, ისევ პოეტის ინსტინქტი ამოქმედდა ჩემში. უცებ რომ გამოჩნდნენ უცხოპლანეტელები, მათი გარეგნობა ან ტექნიკური პროგრესი ისე არ დამაინტერესებდა, როგორც მათი ლექსები... ნეტა დაახლოებით ისეთივე იქნება, ჩვენთან როგორც იწერება თუ თვისობრივად სხვანაირი? მსოფლიო ლიტერატურის მრავალტომეულებს რომ გამოსცემენ ხოლმე, უცებ წარმოვიდგინე ნამდვილი ასეთი მრავალტომეული, რომელშიც ამ სამყაროს საუკეთესო მწერლები მოხვდებიან ყველა ცოცხალი პლანეტიდან. ნეტა ჩვენი დედამიწიდან ვის შეიყვანენ? ბევრს? თუ სულ რამდენიმეს? და ისე რომ მოხდეს, რომ ერთიც არ შეიყვანონ? თუმცა გააჩნია, რომელ პლანეტაზე შეადგენენ ამ მრავალტომეულს... ისე, ალბათ, ყველაზე ობიექტური იქნება, თუ სარედაქციო საბჭო გადაწყვეტს, რომელშიც ყველა პლანეტიდან იქნებიან სპეციალისტები შესული და გალაქტიკათაშორისი ინტერნეტით ექნებათ მიმოწერა...

მგონი, ნამეტანი გავუტიე. ჯობს დავიძინო. ძილის წინ კი „თავისუფლების დღიური“ გავაგრძელო... ასეც ვიქცევი: ვწერ და მჯერა, რომ რომელიღაც სხვა პლანეტაზე ასეთსავე დღიურს რადიო „თავისუფლებისთვის“ ვიღაც აუცილებლად აწარმოებს. რა მაგარი იქნებოდა, ცალი თვალით რომ მქონდეს ახლა მის დღიურში ჩაჭყიტვის შესაძლებლობა! გამოვიყენებდი მის ნაწერს აქ, და დაე, იმანაც გამოიყენოს, თუკი რამეში გამოადგება ეს ჩემი ამბები და ფიქრები...

13 აგვისტო, შაბათი
„შემაძრწუნებლად ცივა. რა გავა დღეს გარეთ?! მაგრამ სხვა გზა არაა. ბგერათსამყარო „თავისუფლებაში“ უნდა მივიდე და ჩემი ერთი თვის დღიური უნდა წავიკითხო. პალტოს პალტოზე ვიცვამ, ქუდს ქუდზე ვიხურავ, ელექტროფეხსაცმელს ვირგებ, ასოთამწყობს ჯიბეში ვიტენი, კარს ვაღებ და შავი ბოლითა და თეთრი ყინულით დაღლილ ქალაქში გავდივარ. ნეტა ვის რაში უნდა აინტერესებდეს ჩემნაირი მარტოსულისა და მარტოხორცის ნაცხოვრები თვე? თითქმის არაფერი საგულისხმო ირგვლივ... თითქმის არავინ, ვინც სულიერ ან სხეულებრივ კონტაქტში შემოვა შენთან. ძნელია აქ ცხოვრება და ფიქრება. საშინლად დამქანცა სახელმწიფოებრივმა, პარტიულმა და ინდივიდუალურმა დაპირისპირებებმაც. ნეტა როდის გაივლის 15-16 თვე, რომ ცოტათი მაინც დათბეს? რომ ჩვენი ქალაქიდან მტვერი გაიფანტოს, ჩიტები მოფრინდნენ და გარემო ოდნავ მაინც შეფერადდეს? დაუფიქრებლად წავიდოდი ახლავე სადმე გადაკარგულში, ოღონდ თბილოდეს იქ, ან გინდაც ცხელოდეს აუტანლად... რაც ჩვენთანაა დაპირისპირებები და უბედურებები, იმაზე უარესი ხომ მაინც არ იქნება იქ...“

(გალაქტიკა ლამჟრე. პლანეტა ზომატეკი. რესპუბლიკა დუნტი. პიაი ჩორბის დღიურიდან. თარგმანი დუნტიურიდან შოთა იათაშვილის.)

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG