Accessibility links

ლიბიელმა მეამბოხეებმა ტრიპოლის მახლობელი ქალაქები დაიკავეს


ლიბიის ლიდერის, პოლკოვნიკ მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამხედრებულები აცხადებენ, რომ „სრული კონტროლი დაამყარეს“ ქალაქებზე - სორმანზე, დედაქალაქის დასავლეთში, და გარიანზე, რომელიც სამხრეთში, 80 კილომეტრშია ქვეყნის ცენტრიდან. ბრძოლა გრძელდება ზავიაში, რომელიც სულ რაღაც 50 კილომეტრითაა დაშორებული ტრიპოლიდან. იქ მეამბოხეები კვირას შევიდნენ. ზავიას დაკავება დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება კადაფის რეჟიმისთვის, რომელიც უკვე ექვსი თვეა იგერიებს ნატოს მიერ ზურგგამაგრებულ მეამბოხეებს. ზავიაში შესვლის შემდეგ ანტისამთავრობო რაზმების მებრძოლებმა ქალაქის მთავარ ბაზარზე თავიანთი დროშა აღმართეს. ქალაქის მოედანზე შეკრებილები გამარჯვების ნიშნად ხმამაღლა გაჰყვიროდენენ: „ალაჰუ აქბარ!“ – „დიდ არს ალაჰი!“. თუმცა ქალაქში კვლავ რჩებიან კადაფის მომხრეები. მათი სნაიპერები შენობების სახურავებზე არიან ჩასაფრებული. ბოლო დღეებში იყო, რომ მეამბოხეებმა გარღვევა მოახერხეს ტუნისის მახლობლად მდებარე ხმელთაშუაზღვისპირა ამ ქალაქისკენ. ამ არეალის, ასევე სამხრეთის ქალაქებზე კონტროლი ტრიპოლისკენ მიმავალი გზების კონტროლსაც ნიშნავს.

საფიქრებელია, რომ სამოქალაქო ომის განმავლობაში ეს ყველაზე ნიშანდობლივი ეტაპია. მეამბოხეებს ეს წარმატება აძლევს საფუძველს, ივარაუდონ, რომ ტრიპოლი შეიძლება თვის ბოლოსთვის აიღონ. დასავლეთის მთიანეთში მეამბოხეთა წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ჯუმა იბრაჰიმის თქმით, მისი მებრძოლები ახლოს არიან შესაძლებლობასთან, გადაკეტონ ტრიპოლისკენ მიმავალი გზები სამხრეთიდან და დასავლეთიდან, საიდანაც ქალაქი მარაგდება. თუ მეამბოხეებმა მიზანს მიაღწიეს, ტრიპოლის სურსათის, საწვავისა და იარაღის მხრივ პრობლემები გაუჩნდება. „ეს ნიშნავს“, თქვა იბრაჰიმმა, „რომ კადაფის მოვგუდავთ, მას მხოლოდ ზღვაღა რჩება“. საველე მეთაურმა ომარ ობეიდმა, რომელიც ზავიადან 32 კილომეტრში მდებარე ზღვისპირა საბრათას არეალს განაგებს, გამოაცხადა, რომ მისი მეომრები უკვე გამაგრდნენ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზის პირას. ეს მაგისტრალი გადის ქალაქზეც. შესაბამისად, ზავიაზე საბოლოო კონტროლი ამ გზის სრულ გადაკეტვას ნიშნავს. ამ ყველაფრის ფონზე, მუამარ კადაფი ცდილობს სიტყვით გაამხნევოს თავისი მომხრეები. სახელმწიფო ტელევიზიამ მისი აუდიომიმართვა გაავრცელა. კადაფი ამ გამოსვლაში ლიბიელებს მოუწოდებს მოღალატეებისგან გაათავისუფლონ ლიბია და შეინარჩუნონ ფათეჰის, მისი ხელისუფლებაში მოსვლის დროინდელი რევოლუციის მიღწევები: „ლიბია კვლავ იარსებებს, ფათეჰის რევოლუცია კვლავ იარსებებს. წინ იარეთ! არ დათმოთ! იარაღი აიღეთ ხელში, იბრძოლეთ მოღალატეებისა და ნატოსაგან ლიბიის თითოეული გოჯის განთავისუფლებისთვის! ემზადეთ საბრძოლველად, ბრძოლის ველი გმირების სისხლითაა მორწყული!“ - გულს უმაგრებს მომხრეებს კადაფი, რომელიც, სხვა ინფორმაციით, ცდილობს მეამბოხეებს მოელაპარაკოს. „როიტერსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ტუნისში, ჯებრაში შედგა ასეთი შეხვედრა. თუმცა კადაფის მთავრობა უარყოფს ამ ცნობას და დასავლეთს ადანაშაულებს, საინფორმაციო ომით და ჭორების გავრცელებით ჩვენი გატეხა, ჩვენი მორალის შერყევა სურსო. მთავრობის წარმომადგენელმა, მუსა იბრაჰიმმა, განაცხადა, ლიდერი ლიბიაში რჩება და იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისთვისო.

კადაფის რეჟიმისთვის მარცხად იქნა შეფასებული ცნობა, რომელიც ეგვიპტის წყაროებმა გაავრცელეს. ამ ინფორმაციით, ლიბია დატოვა და ქაიროში ჩავიდა თავისი ოჯახის ცხრა წევრთან ერთად ლიბიის შინაგან საქმეთა მინიმტრი, ნასერ ალ-მაბრუკ აბდულა. ამავე ცნობით, ის ქაიროში ჯებრადან ჩავიდა და განაცხადა, რომ ტურისტად ესტუმრა ეგვიპტეს. ტრიპოლის ეს ცნობა არ დაუდასტურებია. ეგვიპტეში ლიბიის საელჩოს თქმით, მან მინისტრის ეგვიპტეში ჩასვლის შესახებ არაფერი იცის. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის წარგზავნილი ტუნისში გაემართა, რათა ლიბიის მთავრობისა და მეამბოხეების წარმომადგენელთა მოლაპარაკებას დაესწროს.
XS
SM
MD
LG