Accessibility links

logo-print

ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი გადაიდო


სასამართლო პროცესი ცოცხალ სატელევიზიო ეთერში

სასამართლო პროცესი ცოცხალ სატელევიზიო ეთერში

დღეს განახლდა და მალევე ხუთი სექტემბრისთვის გადაიდო ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი. ამასთან, მოსამართლემ განაცხადა, რომ კრძალავს პროცესის გადაცემას ცოცხალ სატელევიზიო ეთერში.
ეს სასამართლო პროცესი სამ აგვისტოს დაიწყო. მასზე განიხილავენ მუბარაქის და მისი ორი ვაჟის, ალაასა და გამალის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. მოსამართლე აჰმედ რეფაატმა განაცხადა, რომ პროცესის მსვლელობა აღარ გადაიცემა ცოცხალ სატელევიზიო ეთერში. მანვე დაადგინა, რომ მუბარაქის საქმე მომავალში განიხილება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ჰაბიბ ალ-ადლის საქმესთან ერთად. 83 წლის მუბარაქს წაყენებული აქვს დემონსტრანტების დახოცვაში მონაწილეობის, ასევე კორუფციის ბრალდება. მის ორ ვაჟს კორუფციის მუხლები წაუყენეს. თუკი მუბარაქი დამნაშავედ ცნეს, მას სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი ელის. ის 30 წლიანი მმართველობის შემდეგ ამ გამოსვლების შედეგად ჩამოაგდეს. ორშაბათის სხდომა მეორე იყო მას მერე, რაც პროცესი დაიწყო. მუბარაქი, როგორც წინა მოსმენაზე, ამჯერადაც საავადმყოფოდან საკაცით მიიყვანეს სასამართლოზე, რადგან მისი ჯანმრთელობა შერყეულია. იუწყებიან, რომ მას მარცხენა მკლავზე წვეთოვანი ჰქონდა შეერთებული. მამაზე ზრუნავდნენ მისი ვაჟები, რომლებიც ცდილობდნენ ფოტო და ტელერეპორტიორებს მუბარაქის ფირზე აღბეჭდვა გასძნელებოდათ. ავადმყოფობის მიუხედავად, მუბარაქმა, როცა მოსამართლემ ბრალდებულებს მიმართა, ომახიანად მიუგო რეფაატს, აქ ვარო.
მუბარაქის ადვოკატმა, ფარიდ ალ-დიიბმა, სასამართლოს მიმართა თხოვნით, პროცესი გადადებულიყო, რადგან მან ყველა დოკუმენტის შემოწმება ჩათვალა საჭიროდ. მოსამართლემ ეს თხოვნა დააკმაყოფილა და, როგორც ითქვა, პროცესი გადადო. მანვე მოითხოვა 1600 მოწმის - მათ შორის, სამხედრო პირების - პროცესზე მოწმეებად მიწვევა.
ერთად უნდა ვიყოთ, რათა ეგვიპტელებმა კვლავ ფეხზე დადგომა შევძლოთ. თურქეთი არაა ჩვენზე უკეთესი....

პოლიციის აკადემიის შენობასთან, სადაც პროცესი იმართება, მუბარაქის არაერთი მომხრე და მოწინააღმდეგე მივიდა. წესრიგს პოლიცია და ჯარი იცავდა. იქ შეკრებილების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ სამართალდამცავები განსაკუთრებით მუბარაქის მოწინააღმდეგეების მიმართ იყენებდნენ ძალას. ეგვიპტეში მუბარაქის მიმართ განწყობა ამბივალენტურია - ზოგიერთი, როგორც სასამართლოზე მისული აჰმედი, მხოლოდ მას არ თვლის დამნაშავედ:

„მე მხოლოდ ერთ-ერთი ვარ 85 მილიონიდან, მაგრამ, ჩემი აზრით, არ შეიძლება გავასამართლოთ კაცი, რომელიც 30 წელიწადი გვმართავდა. ვინც უნდა გავასამართლოთ, შინაგან საქმეთა მინისტრია, რადგან უსაფრთხოება მან ვერ უზრუნველყო, და სხვები, რომლებმაც მილიონები მიიტაცეს. მაგრამ მუბარაქი სამხედროა, როგორ შეიძლება მისი გასამართლება?!. მან 30 წელი დაიცვა ქვეყანა ომისგან. კი, იყო პრობლემები, მაგრამ ამაში მხოლოდ ერთ კაცს არ მიუძღვის ბრალი. არ შეიძლება მისი გასამართლება. თუ ვლაპარაკობთ დემონსტრანტების დახოცვასა და უსაფრთხოების ნაკლებობაზე, პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ჰაბიბ ელ-ადლის ეკისრება.“

სხვაგვარად ფიქრობს მუსტაფა ალ-ოგინი. მას მუბარაქის პროცესი საჭიროდ მიაჩნია იმისათვის, რომ ეგვიპტემ წინსვლა შეძლოს:

„ერთად უნდა ვიყოთ, რათა ეგვიპტელებმა კვლავ ფეხზე დადგომა შევძლოთ. თურქეთი არაა ჩვენზე უკეთესი. არც ამერიკაა ჩვენზე უკეთესი. არც რუსეთია ჩვენზე უკეთესი. არც ერთი სამრეწველო ქვეყანა არაა ეგვიპტეზე უკეთესი. ეგვიპტეს სჭირდება მრეწველობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. სად იყო მუბარაქი, როცა ქვეყანა ამ საჭიროების წინაშე იდგა? ჰოსნიმ ეგვიპტე გაყიდა. მან გაყიდა მიწები შარმ ელ შეიხში.“

გავრცელდა ხმები, რომ სასამართლო პროცესში თავის როლს თამაშობს ეგვიპტის ახლანდელი დე ფაქტო ლიდერი, ფელდმარშალი მუჰამად ალ-ტანტავი, რომელიც მოწმედაა სასამართლოზე დაბარებული. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ტანტავიზე - ერთ დროს მუბარაქის ახლო მოკავშირეზე - იქნება დამოკიდებული, გაამართლებენ თუ დამნაშავედ ცნობენ მუბარაქს.
XS
SM
MD
LG