Accessibility links

logo-print
გორში მოქმედი საბავშვო ბაღები დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებენ. როგორც ადგილობრივი მთავრობის, ისე საბავშვო ბაღების გამგეები აცხადებენ, რომ დაფინანსების ვაუჩერულმა სისტემამ გაამართლა და განვითარების მეტი პერსპექტივა შექმნა. რაში მდგომარეობს ეს სისტემა? ყოველთვიურად ბაღების გამგეები ადგილობრივ მუნიციპალიტეტში წარადგენენ მშობლების მიერ ბანკში გადახდილ ქვითრებს, რის მიხედვითაც დგინდება ამა თუ იმ ბაღის აღსაზრდელების რაოდენობა, ამ რაოდენობის მიხედვით კი მუნიციპალიტეტი დაფინანსებას გასცემს. თითო ბავშვი 30 ლარით ფინანსდება. გარდა ამისა, მშობლები თანადაფინანსებაში იღებენ მონაწილეობას. საბავშვო ბაღებს ახალი დაფინანსებით ავტონომია მიეცათ და თავად განსაზღვრავენ კვების ფული რამდენი უნდა იყოს. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ მოისპო საბავშვო ბაღების უსამართლო დაფინანსება, როცა მცირე და დიდკონტინგენტიანი ბაღები თანაბარ სუბსიდიას იღებდნენ. ახლა, მისი აზრით, კონკურენციის მომენტი გაჩნდა და გამგეებს მენეჯერული თვისებების გამოვლენა უწევთ. ახლა ყველა ცდილობს მეტი ბავშვი მიიზიდოს, ამიტომ საბავშვო ბაღები სიახლეებს ნერგავენ.

დევნილ ბავშვებს ადგილობრივი ბიუჯეტი დამატებით 15 ლარით აფინანსებს. ამიტომ მათ მშობლებს მხოლოდ მცირე თანხის გადახდა უწევთ. ცხინვალიდან დევნილ თეონა ნაფიშვილს შვილი გორის მე-3 ბაგა-ბაღში დაჰყავს. ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ამ ბაღმა მშობლის მიერ გადასახდელ თანხად 20 ლარი განსაზღვრა. დევნილობის გამო თეონას მხოლოდ 5 ლარის გადახდა უწევს.

მე-3 ბაგა-ბაღში 100-ზე მეტი აღსაზრდელი დადის. დაფინანსება უკვე იმდენია, რომ ბაღს საბანკო ანგარიშზე დამატებითი თანხა გაუჩნდა და ინფრასტრუქტურის და ბაზის განვითარებაზე ფიქრიც დაიწყო. ბაღის გამგე ხათუნა ილურიძე ახლა ეზოს მოასფალტებაზე ფიქრობს. მისი აზრით, დაფინანსების ახალი სისტემა ბაღის თანამშრომლებს დამატებით მოტივაციას უჩენს.

მშობლები ხედავენ, რომ ნელ-ნელა საბავშვო ბაღების მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, მენიუც უფრო მრავალფეროვანი ხდება და მომსახურებითაც კმაყოფილები არიან.

კონკურენციის პირობებში საბავშვო ბაღების გამგეები უფრო გააქტიურდნენ. მაგალითად, ზოგიერთმა მიკროავტობუსი დაიქირავა და მშობლებს ბავშვების შინ მიყვანის მომსახურება შესთავაზა. ასეთ ბაღებში გადასახადი 30 ლარის ფარგლებშია. დიდ ბაღებში კი გადასახადი 20-25 ლარია. გარდა ამისა, აღმზრდელები და პედაგოგები ცდილობენ ბავშვებს მეტი ყურადღება დაუთმონ, მენიუ გააუმჯობესონ, რათა ვაუჩერი და შესაბამისი დაფინანსება არ დაკარგონ. ზოგიერთ საბავშვო ბაღში ისევ ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რაც დამატებით პრობლემას ქმნის და ბაღებს სრულფასოვანი ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს.
XS
SM
MD
LG