Accessibility links

logo-print

ტიმოშენკო: ფიზიკური განადგურების საფრთხე მაშინებს


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო, ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებულ ინტერნეტგამოცემა EUobserver-ს წერილობით ესაუბრა და უთხრა, რომ ციხეში ყოფნისას მას ფიზიკური განადგურების საფრთხე აშინებს.

ტიმოშენკომ გამოცემას ეს წერილობით აცნობა პარასკევს, 12 აგვისტოს. ცოტა ხანში კიევის სააპელაციო სასამართლომ მას თავდებით გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ვებსაიტის შეკითხვას, აშინებს თუ არა მას თავისი უსაფრთხოება, ტიმოშენკომ უპასუხა: „რასაკვირველია, მაშინებს. ვიცნობ სტალინურ გამონათქვამს, რომ ადამიანის მოშორებით პრობლემასაც მოიშორებ. წარსულში არაერთი საეჭვო „უბედური შემთხვევა“ მომხდარა - მაგალითად, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, იური კრავჩენკოს, ე.წ. თვითმკვლელობა, როცა მან მოახერხა და თავში ორი ტყვია ისროლა.“

კრავჩენკო მარტში მკვდარი იპოვნეს. ერთ საათში მას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეზე ჩვენება უნდა მიეცა.
ღონღაძის მკვლელობა ნაწილი იყო იმ უკმაყოფილებისა, რომელმაც 2004 წელს უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია მოახდინა და ავტორიტარი პრეზიდენტი ლეონარდ კუჩმა ჩამოაგდო. თუმცა, როგორც იცით, კუჩმას მოკავშირე პირები - ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით - შარშანდელი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.
ტიმოშენკოს ასამართლებენ პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე. ბრალდება უკავშირდება რუსეთთან 2009 წელს ხელმოწერილ კონტრაქტს გაზით მომარაგების შესახებ. სასამართლომ ის მოსამართლისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ტიმოშენკოს 10 წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა.

ტიმოშენკოს მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მან უკრაინას რუსეთთან უღალატა კრემლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და რომ სასამართლო პროცესზე მისი ქცევაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ატმოსფეროს დაძაბვის გზით. მისი მომხრეები კი თვლიან, რომ იანუკოვიჩი კანონს იყენებს პოლიტიკური მეტოქის მოცილებისა და კუჩმასდროინდელ გარემოში დაბრუნების მიზნით.
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთ ეთანხმება.

პარასკევს გერმანიის მთავრობის ადამიანის უფლებების კომისარმა, მარკუს ლენინგმა, უკრაინის მთავრობა გააფრთხილა, არ გაატაროს „არჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართალი“ და განაცხადა, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განტკიცებისთვის კანონის უზენაესობა აუცილებელიაო. „გერმანიის მთავრობა, ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება“, - აცხადებს ლენინგი განცხადებაში.

იტალიამ უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახა და ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის გამო იტალიის მთავრობის შეშფოთება გადასცა.

EUobserver-თან მიმოწერაში ტიმოშენკომ თქვა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ჩემი „ოცნებააო“. მისი თქმით, ევროკავშირსა და უკრაინას შორის პოლიტიკური ასოცირების ხელშეკრულება და სავაჭრო შეთანხმება, რომლის ინიცირებაც დეკემბერში უნდა მოხდეს ბრიუსელში, „უკრაინის ევროპასთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.“

თუმცა ტიმოშენკო იქვე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისას ევროკავშირს სიფრთხილე მართებს. მისი თქმით, ბრიუსელი უნდა დაფიქრდეს, როგორ ქვეყანასთან დებს ხელშეკრულებას. „თუ მთავრობა თავის საშინაო კანონებს და კონსტიტუციას არ იცავს, რა აძლევს ევროპის მთავრობებს საფუძველს იფიქრონ, რომ ის ევროკავშირის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს დაიცავს?“ - მისწერა იულია ტიმოშენკომ EUobserver-ს.
XS
SM
MD
LG