Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ეკონომიკის ზრდის დაქვეითება და გლობალური ეკონომიკა


16 აგვისტოს გამოქვეყნდა გერმანიის ეკონომიკის - ევროპის ამ უდიდესი ეკონომიკის - მონაცემები, რომელთა თანახმადაც, მისი ზრდის ჩვეული ტემპი დაეცა. ამ ცნობამ უარყოფითად იმოქმედა საფონდო ბირჟებსა და საერთო ევროპულ ვალუტაზე, ევროზე.

გერმანიის ეკონომიკის ზრდის ტემპის დაცემამ გაზარდა შიში, რომ გლობალური ეკონომიკაც უკან მიდის. გერმანიის ეკონომიკა 2011 წლის პირველ კვარტალში, ნახევარი პროცენტით ზრდის ნაცვლად, 0,1 პროცენტით გაიზარდა. ბანკ „კლოუზ ბრაზერ საიდლერს“ ბინა გერმანიის საფინანსო ცენტრში - მაინის ფრანკფურტში - უდევს. ბანკის წარმომადგენლის, ოლივერ როთის თქმით, გერმანიის ეკონომიკური მონაცემები ბაზრებისთვის მოულოდნელი იყო და ამან გამოიწვია ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების მკვეთრი დაცემა:

„ჩვენთვის მოულოდნელი იყო და შეგვაშფოთა გერმანიის საერთო შიდა პროდუქტის მონაცემებმა. ბევრი ინვესტორი უკვე შეშფოთებული იყო მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარებით, მაგრამ ყველა მოელოდა, რომ გერმანიას ამ მხრივ კარგი წელიწადი ექნებოდა. მოკლედ, ჩვენ ერთობ გაოცებული და შეშფოთებული ვართ გერმანიის მონაცემებით და ეს აისახა კიდეც ბირჟებზე.“

ბირჟებზე ფასების დაცემა, რაზეც როთი ლაპარაკობდა, ასე გამოიხატა რიცხვებში: გერმანიის საბირჟო ინდექსმა, „დაქსმა“, თითქმის ორ-ნახევარი პროცენტი დაკარგა. პარიზში ვარდნამ 2,2, ლონდონის ბირჟაზე კი 1,3 პროცენტი შეადგინა. ახალმა ამბავმა დასცა ევროპის ვალუტის - ევროს - კურსი აშშ-ის დოლართან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებით. როგორც გერმანიის სტატისტიკური უწყება, „დესტატისი“, გვამცნობს, გერმანიის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა წლის მეორე კვარტალში იმპორტის მკვეთრმა ზრდამ. ეს მონაცემი ცუდია უკიდურეს ვალებში ჩავარდნილ ესპანეთთან შედარებითაც კი. ესპანეთის ეკონომიკა იმავე კვარტალში 0,2 პროცენტით გაიზარდა. საფრანგეთმა, ევროპის სიდიდით მეორე ეკონომიკამ, როგორც წინა კვირაში გახდა ცნობილი, ასევე შეაყოვნა ზრდა. ეკონომიკური ზრდა შეფერხდა, წინა კვარტალთან შედარებით, საერთოდ ევროპაში - ზონაში, სადაც ევრო მოქმედებს. უკანსვლაა ნიდერლანდშიც, რომელიც წარმატებულ ეკონომიკადაა მიჩნეული. იქ ზრდა მხოლოდ 0,1 პროცენტს უდრის, გერმანიის მსგავსად. დადებითი შედეგი აქვს ფინეთს, სადაც ზრდამ ერთ პროცენტს გადააჭარბა ორი მეათედით. ამის ფონზე გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები ეკონომიკური კრიზისის გარშემო მსჯელობდნენ პარიზში, მაგრამ მცირე იყო მოლოდინი, რომ სარკოზი-მერკელის მოლაპარაკება ბაზრებზე განწყობილებას შეცვლიდა. გერმანია კატეგორიულად წინააღმდეგია საერთო ევროპული ფასიანი ქაღალდების შემოღებისა, რაც ევროზონის წევრებს ფულის სესხებას გაუადვილებდა. ბერლინი თვლის, რომ ეს გაზრდიდა გერმანიის სესხის ხარჯებს და შეამცირებდა საბერძნეთის მსგავსი, ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების სურვილს, გარდაქმნან თავიანთი ეკონომიკები.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG