Accessibility links

logo-print

აშშ-ის განცხადებით, კადაფის ჯარებმა „სკადი“ გამოიყენეს


შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ლიბიის ლიდერის ერთგულმა ჯარებმა „სკადის“ ტიპის რაკეტა გამოიყენეს, რაც პირველად მოხდა ნახევარწლიან კონფლიქტში ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისა და მისი მმართველობის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს შორის. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, „სკადის“ ტიპის რაკეტა კვირას ისროლეს ქალაქ სირტედან და ის ჩავარდა უდაბნოში საპორტო ქალაქ ბრეგასთან. არავინ დაშავებულა. როგორც მეამბოხეების პრესმდივანმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“, „სკადის“ ტიპის რაკეტის გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კადაფის რეჟიმმა ლეგიტიმურობა დაკარგა. ნატოს პრესმდივანმა კი სკადის გამოყენებას უწოდა რეჟიმის „სასოწარკვეთის“ გამომხატველი ჟესტი, მეამბოხეების მიერ სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობის ფონზე. მეამბოხეების განცხადებით, მათ დაიპყრეს დასახლებები დედაქალაქ ტრიპოლის დასავლეთით და სამხრეთით, რაც ემსახურება ტრიპოლის ალყაში მოქცევის ამოცანას.
XS
SM
MD
LG